ელზა პაპოშვილი
02.06.2023

სისხლიანი ანგარიშსწორება ძმებს შორის - ხელვაჩაურში დედმამიშვილებს შორის კონფლიქტის ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. დანაშაული სოფელ კიბეში მოხდა. ახლობლების თქმით, მკვლელობას წინ დაპირისპირება უძღოდა. 

35 წლის კაცმა 30 წლის ძმას სანადირო თოფიდან ესროლა და მშობლების თვალწინ მოკლა. პოლიციამ  ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ეჭვმიტანილი უკვე დააკავა, რომელიც პოლიციას ადგილობრივების ინფორმაციით სახლშივე დახვდა.    

მკვლელობის კონკრეტული მოტივი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც გაირკვა, კონფლიქტი ძმებს შორის ღამის 11 საათზე დაიწყო. მშობლებმა მათი გაშველება სცადეს, თუმცა უშედეგოდ. მეზობლები კი ამტკიცებენ, რომ ახლგაზრდა კაცმა ძმა აფექტის მდგომარეობაში მოკლა და დანაშული განზრახული არ ჰქონდა. ფიქრობენ, რომ მომხდარი სავარაუდოდ წარსულში არსებულ უთანხმოებას უკავშირდება.     

დანაშაულის ადგილზე პოლიცია ამ დრომდე მუშაობს, სამართალდამცავებმა მოკლულისა და დაკავებულის მშობლები უკვე გამოჰკითხეს. გარდაცვლილი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.   

დაკავებული კი ბრალის წარდგენის მოლოდინშია.     

„არავინ არ იცის, რაზე მოხდა კონფლიქტი. რაღაცა წარსულში არსებობდა დაპირისპირება და ამის გამო ისევ გაგრძელდაო. დედა და მამაც სახლში იყვნენ. საწყლები მათ გაშველებას ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. ეს უბედურება მოხდა. როგორც თავად ამბობს, ძმის მოკვლა არ სურდა და უბედური შემთხვევა იყო. მან ეს აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინა. ალბათ შეშინება უნდოდა. გაუბედურებულები არიან მშობლებიც. ადგილიდან, როგორც ვიცი, არ გაქცეულა და პოლიციას თავად ჩაბარდა. ძმის გადრჩენას თავადაც ცდილობდა, მაგრამ ვერ შეძლო. ტყვია ისეთ ადგილას მოხვდა, რომ სახლშივე დაიღუპა“, - ჰყვება ადგილობრივი „რეზონანსთან“.   

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული რ.ლ. დააკავეს. შემთხვევა ხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში დღეს მოხდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ძმა - 1993 წელს დაბადებული რ.ლ. სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა,“  - წერია შსს-ს განცხადებაში.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109- ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×