ელზა პაპოშვილი
10.07.2024

სასტიკი მკვლელობა საჩხერეში - „რეზონანსისთვის“  დურმიშიძის ქუჩაზე მომხდარი კრიმინალური ფაქტის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივების მონაყოლის თანახმად, მეზობელმა კუტალაძეების ოჯახში თბილისიდან  სტუმრად ჩასული 45 წლის კახა ლობჯანიძე ავტომატით შემთხვევითი გასროლის შედეგად მოკლა.

ირკვევა, რომ დაკავებულ 29 წლის ბიჭს, გუშინ სიძის ოჯახში კონფლიქტი მოუვიდა. ე.წ. საქმის გასარჩევად მისულმა მამაკაცმა მანქანიდან ავტომატის ჯერი ავტოფარეხს გადაატარა. ხოლო  კახა ლობჟანიძე, რომელიც  სიძის მამიდაშვილია, ეზოში იმყოფებოდა და მას გასროლილი ერთ-ერთი ტყვია ზურგის არეში მოხვდა, ის  ადგილზე გარადაიცვალა. 

ასევე ირკვევა, რომ დაკავებული წარსულში ნასამართლევია და დანაშაულის ჩადენის მომენტში პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.     

„საშინელი ამბავი მოხდა, სტუმრად ჩასული, სრულიად უდანაშაულო ბიჭი მოკლეს. სიძის მამიდაშვილია, რომელიც სტუმრად ნათესავებთან იმყოფებოდა. ეს მკვლელობაში ბრალდებულიც ამ ოჯახის ნათესავია. რძლის ძმა არის. 

„სიძესთან წინა დღეს კონფლიქტი მოსვლია. ამაზე ყოფილა გაბრაზებული. საქმის გასარჩევდ მივიდა თუ რა უნდოდა, ავტომობილიდან პირდაპირ ფარეხის მიმართულებით უსვრია. ეს სტუმარი ბიჭი კი ეზოში იყო. ერთი ტყვია, რომელიც სავარაუდოდ, კედლიდან იქნა ასხლეტილი მას ზურგში აქვს მოხვედრილი. იქვე არის სისხლად დაცლილი და გარდაცვლილი. 

„საშინელება ტრიალებს, კაცი სტუმრად იყო და მოკლეს. თანაც რის გამო, რაღაცა პატარა წაკამათების გულისთვის. ან ეს როგორ უნდა მოგივიდეს კაცს აზრად, როცა ბავშვებიც ეზოში თამაშობდნენ და ბეწვზე არიან გადარჩენილები, თორემ კიდევ უფრო დიდი უბედურება დატრიალდებოდა. ამ მოკლულ ბიჭს თბილისში ცოლ-შვილი დარჩა. განადგურებულია ორივე ოჯახი“, - ჰყვება ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

პოლიციამ იმერეთში მომხდარი განზრახ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია 1 პირი. უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ, ცხელ კვალზე, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი თ.ჭ. დააკავეს. მას ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ჭ.-ს სიძესთან, 1992 წელს დაბადებულ გ.კ.-სთან კონფლიქტი მოუვიდა, მოგვიანებით ბრალდებული საჩხერეში, გ.კ-ს საცხოვრებელ სახლთან მივიდა და იქვე არსებულ ავტოფარეხთან, სადაც გ.კ.-ს მეგობარი - 1979 წელს დაბადებული კ.ლ. იმყოფებოდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა. მომხდარის შედეგად კ.ლ. დაიჭრა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სამართალდამცველებმა თ.ჭ. ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავეს.

„დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ბ" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - აღნიშნულია განცხადებაში.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×