1 აგვისტოდან „გავლენების კანონით" გათვალისწინებულ ბაზაში რეგისტრაცია იწყება, 3 სექტემბრიდან კი ძალაში შევა. იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში შესაბამისი ზომები იქნება მიღებული. არასამთავრობოების ნაწილი აცხადებს, რომ არ აპირებენ რეგისტრაციის გავლას. რა პროცესებია მოსალოდნელი და რა ზომები იქნება მიღებული?
„პირველადი ჯარიმა არის 25 ათასი ლარი, შემდეგ უფრო ნაკლები, თუმცა მაინც მნიშვნელოვანი თანხაა. თუ საშუალო ენჯეოს ავიღებთ, ეს საკმაოდ დიდი ტვირთია", -აცხადებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან".
შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორისა და ანალიტიკოსის ნიკა ჩიტაძის აზრით, ენჯეოების ძალიან დიდი ნაწილი რეგისტრაციის გავლას არ აპირებს.
„ყველა შემთხვევაში არასამთავრობოების ძალიან დიდი ნაწილი რეგისტრაციას არ გაივლის, რადგან ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ უცხოური ინტერესების გამტარებად ჩაითვლებიან. ამიტომაც შეაქვთ სარჩელი შეიტანონ საკონსტიტუციო სასამართლოში, რათა დროებით შეაჩერონ ამ კანონის მოქმედება".
იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, მზად აქვთ ტექნიკური ბაზა, რომელიც კანონით გათვალისწინებულ ბაზაში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციისთვის არის საჭირო.
„1 აგვისტოდან ორგანიზაციებს, რომლების ექცევიან ამ კრიტერიუმებში, შეუძლიათ უკვე განაცხადის გაკეთება. ყველაფერი მზად არის. თუ ორგანიზაცია არ შეასრულებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, არ დაემორჩილება საქართველოს კანონმდებლობას, იცით თქვენ შესაბამისი პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს 25 ათასი ლარით დაჯარიმებას", -თქვა მინისტრმა.
რაც შეეხება კითხვას, შევლენ თუ არა იმ ორგანიზაციების ოფისებში, ვინც უცხოური გავლენის გამტარებლის რეესტრში არ დარეგისტრირდება, ბრეგაძე ამბობს, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები არ იგეგმება.
„კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ თუ რომელიმე იურიდიული პირი, რომელიც კრიტერიუმებში ექცევა, საკუთარ ვალდებულებებს არ შეასრულებს და დაარღვევს საქართველოს კანონმდებლობას, შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება და სანქციის სახით გათვალისწინებულია 25 ათასი ლარის ჯარიმა. ეს საიდუმლო არაა, მაგრამ თქვენს ტერმინებში - „ოფისებში შესვლა" წარმოგიდგენიათ, ალბათ, და გინდათ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ, რომ ვინმე აპირებს ნიღბიანებით შესვლას. ასე გინდათ წარმოაჩინოთ. მსგავსი ტიპის ღონისძიებები არ არის დაგეგმილი. ეს დრო წარსულს ჩაბარდა, როდესაც ტელევიზიებში ნიღბიანი ადამიანები შედიოდნენ, არბევდნენ პირდაპირ ეთერში ადამიანებს, დაივიწყეთ ეს დრო. ნუ გაქვთ ეს წარმოდგენა, რომ მსგავსი რამ როდისმე საქართველოში განმეორდება", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ რეგისტრაციის გავლას არ აპირებენ და დამამცირებელი, ყალბი იარლიყის თვითნებურად მიწებებას საკუთარ მრავალწლიან მუშაობასა და შრომაზე.
„ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ამას დავემორჩილოთ. რაც შეეხება იმას, თუ როგორ აღსრულდება ეს სახელმწიფო სტრუქტურების გადასაწყვეტია", - ამბობს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" წევრი ლევან ნატროშვილი.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის" მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი, გურამ იმნაძე ამბობს, რომ აქ გამჭვირვალობაზე კი არაა საუბარი, არამედ იმაზე, რომ ვიღაცები უცხოური ინტერესების გამტარებად უნდა მოინათლონ.
„გამორიცხული ნამდვილად არაფერია და პირიქით, შეიძლება ვნახოთ ძალიან დემონტრსაციულად მათ შორის, სამოქალაქო ოფისებში შესვლა და ა.შ. ეს კიდევ უფრო აჩვენებს, რომ კანონი და მასთან დაკავშირებული ზოგადი ფონი ძალიან პრობლემურია და აქ გამჭვირვალობაზე კი არაა საუბარი, არამედ იმაზე, რომ ვიღაცები უცხოური ინტერესების გამტარებად უნდა მოინათლონ და მათი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ცხოვრების დღის წესრიგიდან მათი მარგინალიზება და ხმების გაუფასურება", - აცხადებს იმნაძე.
ზაალ ანჯაფარიძის ინფორმაციით, არასამთავრობოების ნაწილი უცხოეთში გაივლის რეგისტრაციას.
„მგონი სამოქალაქო ორგანიზაციების რაღაც ნაწილი შესაძლოა დარეგისტრირდეს, მე არ ვარიანტს არ გამოვრიცხავ, რადგან მათთვის 25 ათასი ლარი და კიდევ შემდგომ გათვალისწინებული ჯარიმები, კანონის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში, საკმაოდ დიდი ფინანსური ტვირთია.
„რამდენადაც ჩემთვისა ცნობილი, მეორე ვარიანტია ის, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია უცხოეთში დარეგისტრირებას და მუშაობის ისე გაგრძელებას ფიქრობს. შემდეგ ალბათ საკონსტიტუციო სასამრთლოს ვერდიქტიც წამოეწევათ და ამის მერე უკვე შეგვეძლება უფრო მკაფიოდ და დამაჯერებლად ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა სცენარით შეიძლება გაანვითარდეს მოვლენები.
„მე არ ვიცი ზუსტად ენჯეოების შიდა სამზარეულოში რა ხდება, ვგულისხმობ წამყვან ორგანიზაციებს, მაგრამ როგორც ვთქვი, ჩემამდე მოსული ინფორმაციის თანახმად, ნაწილი უცხოეთში რეგისტრაციას ფიქრობს, ნაწილი კი ჩვეულებრივ აქ და თამაშის დინების მიყოლას აპირებს", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
ნიკა ჩიტაძის აზრით, შესაძლოა არასამთავრობოებმა მასმედიის წინაშე ანგარიში წარადგინონ იმაზე, თუ რა გააკეთეს გრანტების ფარგლებში და ეცდებიან დაამტკიცონ მათი გამჭვირვალობა.
„გამორიცხული არაა ჩვენმა დასავლელმა პარტნიორმებმა საქართველოს ხელისუფლებას მიმართონ, რომ ორგანიზაციების დაჯარიმების შემთხვევაში „ოცნების" წარმომადგენლების მიმართ სანქციები გამკაცრდეს. მე ასე მგონია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები გააკეთებენ განცხადებას და მასმედიის წინაშე წარადგენენ ანგარიშს, თუ რა გააკეთეს მიღებული გრანტების ფარგლებში და ეცდებიან დაამტკიცონ, რომ ისინი არიან გამჭვირვალეები და კანონის მიღების მიზანი არა გამჭვირვალობა, არამედ არასამთავრობების დისკრედიტაცია იყო", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".