ქობულეთში მომხდარ მკვლელობაზე ტაქსის მძღოლია დაკავებული. როგორც ირკვევა, ქალაქის ცენტრში მძღოლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც შემდეგ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა, მკვლელობით დასრულდა. მოკლულია მიკროავტობუსის მძღოლი, რომელსაც დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.
ქალაქში 1-ნომრად მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლს სიტყვიერი დაპირისპირება ტაქსის მძღოლებთან მოუვიდა. ადგილობრივების იფორმაციით, უცნობია რა გახდა მათ შორის დაპირისპირების მიზეზი. თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ საქმე ტრანსპორტის გაჩერების ადგილს ეხებოდეს. მერიასთან მიკროავტობუსის მძღოლის გასაჩერებელ ადგილას, სავარაუდოდ, ტაქსის მძღოლები იდგნენ.
„ძალიან მძიმე ამბავი მოხდა. სავარაუდოდ, მიკროავტობუსის მძღოლსა და ტაქსის მძღოლებს შორის კონფლიქტი ადგილის გამო, ყოფით ნიადაგზე დაიწყო. სიტყვიერ დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.
„სავარაუდოდ, ტაქსის მძღოლმა ავტომობილიდან რაღაცა ხელსაწყო ამოიღო, რომლითაც მიკროავტობუსის მძღოლს თავის არეში რამდენჯერმე დარტყა. კაცმა გონება იქვე დაკარგა. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო, მაგრამ, ექიმებს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. როგორც გავიგეთ ტაქსის მძღოლი ადრეც ნასამართლევი არა ერთხელ ყოფილა. საწყალი, პატიოსნად მშრომელი ადამიანი ასე მოკლეს“, - ყვება ადგილობრივი „რეზონანსთან“.
ქობულეთში მომხდარ მკვლელობაში ბრადებული დაკავებულია - შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1974 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.ჯ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1964 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად ა.ბ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.