ელზა პაპოშვილი
06.09.2024

საქართველოს პროკურატურამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავებთან თანამშრომლობით, საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც ასევე ჩართული არიან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა.  

პროკურატურის ინფორმაციით, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში, ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩაირიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე.

გამოძიების მიერ საბანკო სექტორიდან ამოღებული ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ შპს ,,მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომელიც გატარებული ღონისძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე, - განაცხადა პროკურორმა ბექა კვიციანმა, გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავებთან თანამშრომლობით ქოლ-ცენტრების საქმეზე, მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნის თაობაზე საუბრისას, პროკურორმა აღნიშნა, რომ გამოძიება აქტიურად გრძელდება. მისივე თქმით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგენილია ისიც, რომ ერთ-ერთი დაკავებულის ხელმძღვანელობით, თბილისში დღეის მდგომარეობითაც მოქმედებდა მსხვილი თაღლითური ქოლ-ცენტრი.

„ამ მიმართულებით აქტიურად გრძელდება გამოძიება, მათ შორის უცხოელი კოლეგების ჩართულობით და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისთანავე, საზოგადოებას ეცნობება დამატებით. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ასევე დადგენილია, რომ ერთ-ერთი დაკავებულის ხელმძღვანელობით ქ. თბილისში დღეის მდგომარეობითაც მოქმედებდა მსხვილი თაღლითური ქოლ-ცენტრი, რომელშიც მიმდინარე წლის 5 სექტემბერს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ასეულობით კომპიუტერი და მობილური ტელეფონი, შავი ჩანაწერები და დანაშაულთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია. იდენტიფიცირებული არიან თაღლითური ქოლ-ცენტრის საქმიანობაში ჩართული სხვა პირებიც." - განაცხადა ბექა კვიციანმა.    

პროკურორი ამბობს, რომ თაღლითური ქოლ-ცენტრის თანამშრომლები დისტანციურად უკავშირდებოდნენ დაზარალებულებს ელექტრონულ მოწყობილობებზე, არეგისტრირებდნენ მათ სავაჭრო პლატფორმებზე, კრიპტო ბირჟებზე და დაზარალებულების თანხით შეძენილ ვირტუალურ აქტივებს რიცხავდნენ კრიმინალური ორგანიზაციის კონტროლირებად ელექტრონულ საფულეებზე.

„აღნიშნულის პარალელურად, ყალბ პლატფორმებზე სიმულაციური ქმედებებით დაზარალებულებს აჩვენებდნენ ინვესტირებული თანხების ზრდას, ხოლო დაბანდებული თანხისა და მოგების უკან დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში, წყვეტდნენ ყოველგვარ კომუნიკაციას.

აღნიშნული გზით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, სლოვენიისა და სლოვაკეთის რესპუბლიკების მოქალაქეების კუთვნილ დაახლოებით 3 170 000 ევროს.

თაღლითურად დაუფლებული აქტივებისთვის კანონიერი სახის მისაცემად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მოახდინეს ხსენებული თანხების მათ მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე განთავსება და ჩართვა ეკონომიკურ ბრუნვაში, მათ შორის უძრავ-მოძრავი ქონებების შეძენის გზით. გამოძიების მიერ საბანკო სექტორიდან ამოღებული ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ შპს ,,მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომელიც გატარებული ღონისძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე. ამ მიმართულებით აქტიურად გრძელდება გამოძიება, მათ შორის უცხოელი კოლეგების ჩართულობით და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისთანავე, საზოგადოებას ეცნობება დამატებით“,-განაცხადა პროკურორმა. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×