ელზა პაპოშვილი
15.09.2024

ცხრაწლიანი ძებნის შემდეგ საქართველოში ექსტრადირებულია პირი, რომელმაც, გამოძიების ვერსიით, 9 წლის წინ ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი მოკლა. წითელი ცირკულარით ძებნილი ფარიდ გურბანოვი თურქეთში დააკავეს. სამართალდამცავ უწყებებს იმედი აქვთ, რომ იგი დაკითხვისას დანაშაულის შემკვეთის ვინაობას დაასახელებს. გურბანოვს უვადო პატიმრობა დაუსწრებლად ჯერ კიდევ 2016 წელს მიუსაჯეს.

პროკურატურის ინფორმაციით, ფარიდ გურბანოვის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადირება 12 სექტემბერს 12 საათზე განხორციელდა. 

აზერბაიჯანის მოქალაქე, 38 წლის ფარიდ გურბანოვი, საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, თურქმა სამართალდამცველებმა სტამბულში აიყვანეს.  

გახმაურებული მკვლელობის ქრონოლოგია

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის მომზადება  2015 წლის 13 იანვარს დაიწყეს. უკრაინიდან საქართველოში ყალბი პასპორტით ჩამოფრინდა ფარიდ გურბანოვი და მასთან ერთად რუსეთის მოქალაქე ოლეგ დოევი. ისინი თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე, სასტუმროში რჩებიან. 2 დღეში კი ბინას ქირაობენ. 

გამოძიების მიერ ამოღებულ კადრებში გურბანოვი და დოევი თბილისის ქუჩებში 4 მარტიდან ჩანან. 15 მარტს ქილერი უკვე მოპედით გადაადგილდება და სავარაუდოდ, ამ დროიდან იწყებს ბიზნესმენის და მისი ოჯახის თვალთვალს. 28 მარტს კი ისინი ერთად, თუმცა სხვადასხვა ტრანსპორტით გადაადგილდებიან. ეს ბესო ხარძიანის სიცოცხლის ბოლო დღეა.

დაახლოებით შუადღის 14:00 საათზე ბიზნესმენი ვაკეში, მარაბდის 25 ნომერში, საკუთარ სახლში ბრუნდება. ჩასაფრებული ქილერი მას სადარბაზოში უკან მიყვება და მაყუჩიანი იარაღით ზურგიდან ესვრის. რამდენიმე წამში მკვლელი ტერიტორიას მოპედით ტოვებს.

ბესო ხარძიანი კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

ამასობაში მკვლელმა კეკელიძის ქუჩაზე, ფარეხთან მოპედი დატოვა, სახურავზე დააგდო ნიღაბი, იარაღი კი მტკვარში გადააგდო. შემდეგ თამარ მეფის ხიდის მიმდებარედ, ორმხრივი ქურთუკი ლურჯი მხრიდან ჩაიცვა, კაპიუშონი დაიფარა და გზა ფეხით განაგრძო. ტაქსით ნაქირავებ ბინაში მივიდა, საიდანაც თანამზრახველ დოევთან ერთად, სარფის საზღვრისკენ წავიდნენ. 

ქილერმა და მისმა მეგობარმა საზღვარი სხვადასხვა გასასვლელით დატოვეს. ფარიდ გურბანოვმა მესაზღვრეები აქაც გააცურა და საზღვარი ისევ ყალბი საბუთით, უკრაინის მოქალაქე ოლეკსანდრ დამეტოვის პასპორტით გადაკვეთა. გამოძიებამ ქილერის და მისი დამხმარის ვინაობა მათი ქვეყნიდან გაპარვის შემდეგ დაადგინა.

მოტივი და შემკვეთები

მთავარ შეკითხვებზე გამოძიებას პასუხი ჯერ არ აქვს. მოკლულის ოჯახი კი დარწმუნებულია, რომ ბიზნესმენი კუს ტბის წილებს შეეწირა.

ხარძიანი მკვლელობამდე 4 წლით ადრე ნარკოდანაშაულის ბრალდებით იყო დაკავებული. ამტკიცებდა, რომ ციხეშიც ბიზნეს ინტერესების გამო ჩასვეს. იქ კი, წამების შედეგად, კუს ტბის წილები დაათმობინეს. ბესიკ ხარძიანის წამებასა და ქონების უკანონო ჩამორთმევის საქმეზე პროკურატურამ ბრალი 2 პირს ბიზნესმენის მკვლელობის შემდეგ წარუდგინა. მათ შორის გია უდესიანს. ამ საქმეზე სასამართლო განხილვები ჯერ არ დასრულებულა.

ოჯახი მკვლელობის მოტივად ოჯახი კუს ტბის წილებს ასახელებს, რომელიც ხარძიანს 2011 წელს ციხეში დაათმობინეს. მათი აზრით, მკვლელობის კვალი შესაძლოა გია უდესიანთან (წინა ხელისუფლების დროს სპორტის მინისტრის მოადგილე) მიდიოდეს, რომელთანაც ხარძიანს ბიზნეს დავა ჰქონდა. უდესიანის გარდა ამ საქმეში რეზო ქურასბედიანიც ფიგურირებს.

„მკვლელის დაკავებით უდიდესი იმედი გაჩნდა, რომ მკვლელობის დამკვეთები დაისჯებიან. გამოძიების დასადგენია ვინ იყვნენ შემკვეთები. თუმცა, 9-წლიანი ეჭვი და მოტივი არ შეცვლილა - ისევ ქურასბედიანი და უდესიანი არიან მთავარი ეჭვმიტანილები ოჯახისთვის, რადგან კუს ტბის მეწილეების გარდა, მამაჩემს სხვა მტერი არ ჰყოლია“, - აცხადებს მოკლულის შვილი ქეთა ხარძიანი.

უდესიანების ოჯახი, ისევე როგორც ბესიკ ხარძიანის შვილი პირველი ქორწინებიდან, მიხეილ ხარძიანი, მკვლელობასთან გია უდესიანის კავშირს უარყოფენ. უდესიანი კი წითელი ცირკულარით ძებნიდან 2018 წელს მოიხსნა და მას ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა. 

ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიძლება გამოძიება ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობა საქმესთან დაკავშირებით მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების - გიორგი უდესიანისა და რეზო ქურასბედიანის წინააღმდეგ მოქმედებდეს.

ადვოკატი  ბექა ბასილაია ამბობს, რომ გიორგი უდესიანი და რეზო ქურასბედიანი კატეგორიულად გამორიცხავენ ნებისმიერი ტიპის შემხებლობას ამ საქმესთან.

„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია ბესიკ ხარძიანის მკვლელობის ჩამდენი პირის ექსტრადიციასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ მივესალმებით. ამავე დროს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიძლება გამოძიება მუშაობდეს ვერსიაზე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირთა წინააღმდეგ. საუბარია გიორგი უდესიანსა და რეზო ქურასბედიანზე. მქონდა მათთან კომუნიკაცია და ისინი კატეგორიულად გამორიცხავენ ნებისმიერი ტიპის შემხებლობას ამ საქმეზე. ისინი არიან აბსოლუტურად უდანაშაულონი ამ მიმართულებით. შესაბამისად, ინფორმაცია, თითქოს გამოძიება შესაძლოა ამ ვერსიაზეც მუშაობდეს, არის წმინდა წყლის პროპაგანდა და მას აქვს პოლიტიკური მიზნები. 

„მოგეხსენებათ, გიორგი უდესიანი არის პოლიტიკური დევნილი, რაც დადასტურებულია ჩვენი მეგობარი დასავლური სახელმწიფოს სასამართლოს გადაწყვეტილებების და „ინტერპოლის“ გადაწყვეტილებითაც, რომელმაც გია უდესიანის ძებნაზე საქართველოს ხელისუფლებას უარი უთხრა“, - განაცხადა ბასილაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×