30 წლის ფიქრია ტუგულაშვილის ახლობლები, რომელიც ქმარმა გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში მარიამობა დღეს მოკლა, მკვლელის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. სასტიკი დანაშაულის ირგვლივ ახალი დეტალები ხდება ცნობილი - მეზობლები ყვებიან იმ უმძიმეს სიტუაციაზე, რომელშიც მოკლული ქალი წლების განმავლობაში ცხოვრობდა, თუმცა ამ ყველაფერს ოჯახს უმალავდა და ცდილობდა ქმრის ეჭვიანობა დაეფარა. ქალი ამბობდა, რომ არ სურდა ბავშვების უმამოდ გაზრდა.
ორი მცირეწლოვანის დედა ქმარმა მარიამობის დღეს გაიმეტა. ის სამზარეულოში მოკლული იპოვეს. ქალის მკვლელობის მოტივი კი ეჭვიანობა სახელდება. 38 წლის ზვიად ზურაბაშვილმა მისივე სახლში საკუთარი თანაკლასელიც მოკლა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულის ბავშვობის მეგობარი მალხაზ მამისაშვილი აბაზანას არემონტებდა, როცა ზურაბაშვილი ზურგიდან მიეპარა და თავში ესროლა.
მეუღლისა და ბავშვობის მეგობრის გარდა, 38 წლის მამაკაცმა იმავე საღამოს კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინა - მეზობელ სოფელში ჩავიდა, სადაც იმავე ცეცხლსასროლი იარაღით ასევე თანაკლასელი და ბავშვობის მეგობარი როინ კობიაშვილი მოკლა.
ზურაბაშვილი ჩადენილ დანაშაულს არ ნანობს. სასამართლოზე მან ყველაფერი აღიარა და მოკლულ ცოლს და მეგობრებს უმძიმესი ბრალდება - ღალატი წაუყენა.
მოკლული ქალის ახლობლებს ამის არ სჯერათ. მეზობლები ამბობენ, რომ მამაკაცი ძალიან ეჭვიანი იყო და მან დანაშაული ამ მოტივით ერთი წლის წინაც ჩაიდნა - სახლში სტუმრად მისულმა ქმრის მეგობარმა დიასახლისი გემრიელი საჭმლის გამო შეაქო, რის შემდეგაც ქალს ქმარმა ყელის არეში დანით დაზიანებები მიაყენა. მაშინ ქალი გადარჩა. სწორედ ამის შემდეგ გაიგო მისმა ოჯახმა, რომ მამაკაცი ცოლზე ძალადობდა. გოგონას განქორწინება მოსთხოვეს, თუმცა მან უარი თქვა.
„ყველა დაგვღუპა და ყველა ფიქრიასთან ერთად ვართ მკვდრები. გოგოს ოჯახი ხომ საერთოდ აღარ არის. თითით საჩვენებელი ადამიანი მოგვიკლა, რომელსაც ასევე უმძიმესი ბრალდება წაუყენა. ამ არაკაცმა ჯერ ხომ ცოლი მოკლა, შემდეგ კი ძმასავით ერთად გაზრდილი ბიჭები დახოცა. როგორ დაიჯერებს ვინმე იმ სიბინძურეს, როცა ფიქრიას ყველა იცნობდა და ამ ბიჭების კაცობის შესახებ ყველამ იცის. თავად იყო უნამუსო არარაობა, რომელიც პათოლოგიური ეჭვიანობის გამო თურმე გოგოს ცხოვრებას უმწარებდა. ოჯახმა ამ ამბების შესახებ თავიდან არაფერი იცოდა. რომ დალევდა, ყველაფერი ერთად ელანდებოდა. მერე გამოფხიზლდებოდა და მუხლებში უვარდებოდა - მაპატიეო, ნუ მიმატოვებ და ბავშვებს ნუ დამაშორებო.
„მერე დაიწყო მოწევა და ამან უარესი უყო. ყველაფერზე უშარდებოდა და ედავებოდა. თურმე სახლშიც კი კამერები დაუყენებია და დღედაღამ უთვალთვალებდა.
„ბავშვებს ჯამრთელობის პორბლემები ჰქონდათ. თავგადაკლული დედა იყო. მისი ძმა ამერიკაში ცხოვრობს და იქიდან ეხმარებოდა. ეს არაფრის მაქნისი, უნამუსო კაცი, რომელსაც საწყალი დედა ემიგრაციიდან ეხმარებოდა.. მისი მამაც ასეთი მოძალადე იყო. ვფიქრობთ, ეს მამის მხრიდან აქვს გამოყოლილი. იმ კაცმა ბოლოს თავი მოიკლა. ამას ეგ კაცობაც არ ეყო. ცოლზე ისიც ასე ძალადობდა და ეს ქალი გაშორდა. დედამთილსაც კი ფიქრია უვლიდა. მერე ძმამ ფული გამოუგზავნა და სახლი იყიდეს თბილისში. როგორ არ ეხვეწებოდნენ, რომ გაშორებულიყო. მიუხედავად ამისა, მაინც ამბობდა, რომ ბავშვები არ უნდოდა უმამოდ გაზრდილიყვნენ. აი, შედეგად კი ეს საშინელება მოხდა და ამდენი ოჯახი მიწასთან გასწორდა“, - ამბობს ქალის ახლობელი „რეზონანსთან“.
კიდევ ერთი ახლობელი გვიყვება, რომ ამერიკაში მცხოვრები ძმა მოკლულ ქალს ბავშვებთან ერთად იქ გადასვლას სთავაზობდა, ოღონდ მოძალადე ქმარს მოშორებოდა.
„ბავშვებს უმძიმესი ფსიქოლოგიური სტრესი აქვთ. ძმა ეხვეწებოდა, რომ ამერიკაში წასულიყო, ბავშვებიც წაეყვანა და ამ არაადამიანს მოშორებოდა. ატყუებდა ვითომ სახლიდან გადიოდა და თურმე მერე სადარბაზოსთან უსაფრთებოდა. ვითომ აკონტროებდა სად მიდიოდა. ფიქრიას რა სჭირდა მისი საკონტროლებელი, ანგელოზივით გოგო იყო.
„თავად ცოლს მუდმივად ღალატობდა. მის თვალწინ აკეთებდა ყველაფერს. რამდენჯერ წაკამათებულან ამის გამო. ახლაც დასასვენებლად წაიყვანა, სანამ ამ საშინელებას ჩაიდენდა და იქაც ქალი არ გაუშვა თურმე, რომელსაც არ აეკიდებოდა. თავად არის ნამუსგარეცხილი და სხვებს როგორ აბრალებს ამას. ეტყობა ახლაც ასე გააკეთა, ამ გოგოს და მეგობარს ჩაუსაფრდა. ფიქრია ალბათ ცდილობდა ადამიანისთვის პატივი ეცა, რამეთი გამასპინძლებოდა. ამის ავადმყოფ თავში კი ღმერთმა იცის რა მოიხარშა. ვითომ საუბარს შეესწრო და იგონებს რაღაცეებს. გოგო სამზარეულოში ჰყავს მოკლული და მეგობარს უკნიდან არის მიპარული, რომელსაც თავში, კეფაში აქვს ტყვია ნასროლი. არც კი დალაპარაკებია ისე ჰყავს მოკლული. მეორე მეგობარსაც გარეთ გამოსულს პირდაპირ ესროლა. იარაღები უყვადა. სულ ემუქრებოდა ფიქრიას - მაშ, ახლა შენი საფლავი არ უნდა იკრასკებოდესო. მის უმკაცრეს დასჯას მოვითხოვთ, ეს არარაობა საერთოდ არ უნდა გამოახედონ გარეთ“,-ამბობს მოკლული ქალის კიდევ ერთი ახლობელი.
სამმაგ მკვლელობაში ბრალდებული ახლა წინასწარ პატიმრობაშია. თელავის რაიონული სასამართლო მისი საქმის არსებით განხილვას რამდენიმე კვირაში დაიწყებს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 38 წლის კაცს თავისუფლების უვადოდ აღკვეთა ემუქრება.