კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის დაკავებული 26 წლის ბექა ჯაიანი ამ ეტაზე დუმილის უფლებას იტოვებს და ბრალის წარდგენას ელოდება. მას უკვე შეხვდა ადვოკატი, რომლის განცხადებითაც, ეჭვმიტანილი დუმილის უფლებით სარგებლობს და ოფიციალურად ჩვენება არ მიუცია. ასევე არ საუბრობს ადვოკატი დაკავებულის პოზიციაზე და ამბობს, რომ ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა, რომილის გასაჯაროებას არ აპირებს.
თუმცა მედიისთვის ცნობილი ხდება, რომ დაკითხვის დროს მან გამოძიებას ჩვენება მისცა და ბრალიც აღიარა. ის მკვლელობის მოტივად იმ ფოტოს ასახელებს, რომელიც კესარია აბრამიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ფოტოზე ჯაიანი და კესერია არიან. მამაკაცი ჩვენებაში ყვება, რომ მკვლელობა განზრახული არ ჰქონდა. სურათის შესახებ კი ინფორმაცია მხოლოდ მაშინ გაიგო, როდესაც კესარიასთან მივიდა. ამტკიცებს, ქალი მას ემუქრებოდა, რომ თუ ცოლად არ მოიყვანა, მათ ურთიერთობას გაასაჯაროვებდა და ფოტოებს სოციალურ ქსელში ატვირთავდა. ამიტომ სიბრაზისგან თავზე კონტორლი დაკარგა და ქალს დანით ჭრილობები მიაყენა.
რას ჰყვებიან კესერიას მეზობლები და ახლობლები
სულ სხვა ვერსიას ყვებიან ქალის ახლობლები და მეზობლები. მათი ინფორმაციით, კესარია ჯაიანთან, რომელიც ერთ-ერთი ბარის დაცვაში მუშაობდა, 2 -წლიან თანაცხოვრებაში იყო. ის თითქმის მასთან ერთად ცხოვრობდა. თუმცა მასზე არა ერთხელ მომხდარი ფიზიკური ძალადობის გამო, ურთიერთობა ბოლო დროს გაფუჭებული ჰქონდათ. ახლობლები ამბობენ, რომ კესარიას აპრილში ისე სცემა და მეზობლებმა ძლივს გადარჩინეს. ქალს ტვინის შერყევა ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მან პოლიციაში არ განაცხადა. კესარიამ ამის შესახებ სოციალურ ქსელშიც დაწერა, თუმცა მოგვიანებით სტატუსი წაშალა.
რა მოხდა ახლა? რატომ შერიგდა ქალი მოძალადე პარტნიორს? ახლობელბი ამბობენ, რომ ის კესარიაზე მანიპულირებდა, ატყუებდა და ბევრ რამეს აჯერებდა. მათი ინფორმაციით, კესარიას უთხრა, თითქოს მისთვის ხელის თხოვნას აპირებდა. ამას ადასტურებს მეზობელიც, რომელიც ამბობს, რომ ქალმა ეს ამის შესახებ ლიფტში შეხვედრისას მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე გაანდო.
„იმდენად არ სჯეროდა, რომ მოკლავდა, ამბობდა, ვერ მომკლავს, ვუყვარვარო,“ - ამბობს მოკლულის კარის მეზობელი და აღნიშნავს იმასაც, რომ ორი წლის განმავლობაში კესარია და ბექა ჯაიანი, როგორც ოჯახი, ისე ცხოვრობდნენ.
„მუქარები იყო ძალიან ბევრჯერ. იძახდა კიდეც, რომ მემუქრებაო. ბოლო კომუნიკაცია მქონდა გუშინწინ და ღიმილით მითხრა, მემუქრებაო. იმდენად არ სჯეროდა იმის, რომ მოკლავდა, ამბობდა, ვერ მომკლავს, ვუყვარვარო და სულ ღიმილით და იუმორში ატარებდა. ეჭვიანობის მომენტებიც იყო, სხვა პირებზე ეჭვიანობდა ეს ბიჭი. ხმამაღალი საუბარი, რასაც მე შევესწარი, ეს იყო შეურაცხყოფა ჯაიანის მხრიდან. ერთხელ ფაქტიც ვნახე, გამოვიდა და მითხრა, მცემაო. დალურჯებები ჰქონდა მხრისა და ყელის არეში. სმს მომივიდა, ტელეფონს მართმევდა და არ მივეციო. ორი წელი ერთად იყვნენ, როგორც ჩვეულებრივი ოჯახი, ისე ცხოვრობდნენ, აქ ცხოვრობდა ეს ბიჭი. რამდენიმე თვის წინ კვლავ ჰქონდათ დაძაბულობა, კესარიას შიშის მომენტიც ჰქონდა, ადგა და წავიდა საქართველოდან", - ამბობს მეზობელი.
კესარიას მეგობრები კი ყვებინ, რომ მას ჯაიანთან ურთიერთბის გაგრძელებას არ ურჩევდნენ, თუმცა ქალი იმდენად იყო შეყვარებული, რომ მაინც ენდო.
„ყველამ იცოდა და ყველა ურჩევდა, რომ მასთან ურთიერთობა შეეწყვიტა. ბიჭს არ სურდა, როგორც ჩანდს, ამ ურთიერთობების გასაჯაროვება. მალავდა და სულ ისეთ ადგილებში ცდილობდა წასულიყვნენ, რომ ბევრი ხალხი არ ყოფილიყო. ასევე ეჭვიანობდა მუდმივად და ყველაფრის გამო კონფლიქტი ჰქონდათ. ერთი პერიოდი დაშორდნენ, მაგრამ ახლა ისევ შერიგდნენ. დედაც და ყველა ახლობელიც ამ ურთიერთობის წინააღმდეგი იყო, მაგრამ არავის დაუჯერა“, - ამბობს კესარიას ახლობელი.
მკვლელობის დღე
26 წლის მამაკაცი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან აიყვანეს, ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. ქალის მკვლელობიდან რამდენიმე წუთში სათვალთვალო კამერებით გადაღებული კადრებიდან ჩანს, როგორ გარბის შემთხვევის ადგილიდან ბექა ჯაიანი. ის მერვე სართულიდან, სადაც კესარია აბრამიძის სახლი მდებარეობს, კიბეზე სწრაფი ნაბიჯით ჩადის.
სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებში ასევე ჩანს, როგორ ყიდულობს მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე პროდუქტს მაღაზიაში, როგორ შედის სადარბაზოში და როგორ ელოდება ლიფტს. ამ ვიდეომასალის მიხედვით ირკვევა, რომ დანაშაული ზუსტად 14 წუთშია მომხდარი.
ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის საქმეში ტაქსის მძღოლის ჩვენება დევს. ამ ჩვენებით ირკვევა, რომ 26 წლის მამაკაცს მეგობარ ქალზე ანგარიშსწორება წინასწარ ჰქონდა გადაწყვეტილი, რის შესახებაც ინფორმაცია, სავარაუდოდ, საკუთარი ოჯახის წევრსსაც მიაწოდა.
რაც შეეხება მკვლელობის დღეს, მეზობლები ყვებიან, თუ როგორ გაიგეს კივილის ხმა და როგორ დახვდათ სახლში შესულს კესარიას დაჩეხილი სხეული, რომელიც მთლიანად სისხლში ცურავდა.
სენაკში, ბექა ჯაიანის საცხოვრებელ სახლში კი პოლიცია ღამით იმყოფებოდა. მამამისი თბილისში საგამოძიებო უწყებაში წუხელ გადაიყვანეს გამოკითხვაზე. ბებიას, რომელიც სენაკში ცხოვრობს, არ სჯერა, რომ მის შვილიშვილს მკვლელობის ჩადენა შეეძლო.
„შანტაჟს მოჰყვა ეს ყველაფერი. ის აშანტაჟებდა, კესო ეუბნებოდა, ცოლად მომიყვანეო. არ მოუკლია ბექას, იქ რაღაცა დოკუმენტები იქნება კიდევ. ბექა აქ სამეგრელოში არ ყოფილა იანვრის მერე. არაფერი არ ვიცოდით... ბექა სადღაც დაწესებულებაში მუშაობდა დაცვად,“ - ამბობს ბექა ჯაიანის ბებია.