რატომ დაბრუნდა წინასაარჩევნოდ საქართველოში გივი თარგმაძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული
ელზა პაპოშვილი
21.09.2024

რატომ დაბრუნდა საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერისა და ყოფილი დპუტატის, გივი თარგამაძის აფეთქებაში ბრალდებული პირი, რომელიც 8 წელი იძებნებოდა? დარჩო ხეჩუაშვილს  დაუსწრებლად, 18-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ძებნილი ქვეყანაში შემოსვლის დროს, საზღავრზე აიყვანეს.  

დარჩო ხეჩუაშვილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი იყო. ის 2012 წლის შემდეგ უკრაინაში საცხოვრებლად გადავიდა და საქართველოში 2016 წელს დაბრუნდა. გამოძიების ცნობით, მან საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, გივი თარგამაძის მანქანა ააფეთქა.

მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ხეჩუაშვილი ქვეყანაში ოპოზიციის დავალებით შემოვიდა და არჩევნების წინ მის გამოყენებას ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობისთვის აპირებდნენ. ოპოზიციაში კი არ გმორიცხავენ, რომ ის ქვეყანაში ხელისუფლებამ სპეციალურად შემოიყვანა, რადგან პროცესების არევას თავად გეგმავს.

ვინ არის და რატომ დაბრუნდა გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული 

საქმის მასალების მიხედვით კი 2016 წლის 4 ოქტომბერს, თბილისის ცენტრში, „ნაციონალური მოძრაობის“ იმდროინდელი დეპუტატის, გივი თარგამაძის მანქანა ააფეთქეს. თარგამაძე სიკვდილს გადაურჩა. აფეთქების შედეგად დაშავდა 7 ადამიანი და დაზიანდა არაერთი ავტომობილი.

დანაშაულის შემდეგ, 8 წლის განმავლობაში, ინციდენტში ბრალდებულ დარჩო ხეჩუაშვილზე ძებნა იყო გამოცხადებული. მან საქართველოს ტერიტორია მომხდარიდან მალევე დატოვა, თუმცა მის მიერ საზღვრის კვეთის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობდა.

აფეთქების შემდეგ მალევე გახდა ცნობილი საქმეზე მთავარი დამნაშავის ვინაობა. სამართალდამცველებმა ასევე დააკავე დარჩო ხეჩუაშვილის ცოლის ძმა - ბორის ჩაგუნავა, რომელიც ყოფილი სპეცრაზმელია, თუმცა ის მალევე გათავისუფლდა 6-წლიანი პირობითი მსჯავრის სანაცვლოდ.

რაც შეეხება სხვა გარემოებებს, ყველაფერი აშკარა ლიკვიდაციის მცდელობაზე მიანიშნებდა. თავად გივი თარგამაძე ამბობდა, რომ ის მხოლოდ მანქანის გარკვეული თავისებურებებიდან გამომდინარე გადაურჩა სიკვდილს. მოხდა ისე, რომ აფეთქების ტალღა მიმართული იყო უკანა მხარეს და სწორედ ამიტომ, მანქანაში მჯდომი ადამიანები გადარჩნენ. თუმცა, დაშავდნენ სხვა პირები, მათ შორის სამარშრუტო მიკორავტობუსების მძღოლები.

გამოძიებამ მალევე მოიპოვა მტკიცებულებები. ხეჩუაშვილის სახლის ჩხრეკისას ამოღებული იყო დიდი ოდენობით იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები. ასევე იყო გარკვეული ინსტრუქციები, რომელშიც დეტალურად იყო გაწერილი, თუ როგორ უნდა მომხდარიყო აფეთქება. ასევე ამოიღეს დისტანციურად აფეთქებისთვის საჭირო მოწყობილობა.

მასშტაბური გამოძიების მიუხედავად, ამ დრომდე უცნობი იყო ხეჩუაშვილის ადგილსამყოფელი. თავად გივი თარგამაძე ერთ-ერთ ინტერვიუში გამოთქვამდა ვარაუდს, რომ ის, შესაძლოა, აღარ ყოფილიყო ცოცხალი და მისი ლიკვიდაცია მოხდა. 

უნდა აღინიშნოს, რომ ყოფილი დეპუტატი, რომელზეც თავდასხმა მოხდა, არ ენდობოდა გამოძიების ოფიციალურ ვერსიას და დამოუკიდებლადაც აწარმოებდა გამოძიებას. თარგამაძე ამბობდა, რომ ის რუსული სპეცსამსახურების სამიზნე გახდა, რადგან რუსული გამოძიების მიერ ეჭვმიტანილი იყო რუსეთში საპროტესტო აქციების ორგანიზებაში.     

შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ხეჩუაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ე.წ. მწვანე ზოლის საშუალებით გადმოკვეთა. აღნიშნულის შესახებ დარახველიძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მსჯავრდებული საქართველოში თურქეთის ტერიტორიიდან შემოდიოდა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების შეცდომაში შეყვანის მიზნით, საკუთარი სახელისა და გვარის დასახელების ნაცვლად, სხვა სახელსა და გვარს ასახელებდა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ხეჩუაშვილის თანამზრახველი პირების დადგენისა და დაკავების მიზნით გამოძიება გრძელდება.

პოლიტიკური განცხადებები  

როგორც „ევროოპტიმისტების“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, არაა გამორიცხული, რომ ხეჩუაშვილი თავად ხელისუფლებამ ჩამოიყვანა საქართველოში.

„ყველაფერი ძალიან მარტივია. თუ დააკავეს, თავად ახსნის ვინც შეუკვეთა ეს თავდასხმა. ეს თავდასხმა მაშინდელ ხელისუფლებას აწყობდა. ეს იყო, ფაქტობრივად, ან წინასაარჩევნოდ დაშინების, ან მკვლელობის მცდელობა, ვინაიდან იგი შემთხვევით გადარჩა. არაა გამორიცხული, რომ თავად ხელისუფლებამ ჩამოიყვანა და ამნისტიას შეჰპირდნენ. ყველაფერი გამოჩნდება სამომავლოდ, ფაქტია, რომ ჰყავთ ადამიანი, რომელიც არის დამნაშავე და ვნახოთ, როგორ წარიმართება პროცესები“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

„გირჩის“ წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ ხეჩუაშვილს მნიშვნელოვანი მოტივი უნდა ჰქონოდა იმისთვის, რომ საზღვრის გადმოკვეთა ასე თამამად ეცადა.

„ნამდვილად საინტერესოა... გამოძიება თუ ჩატარდება და გვეცოდინება, რა და როგორ ხდება, არ იქნებოდა ურიგო. თვითონ ფაქტი, რომ მან გარისკა და საზღვრის გადაკვეთა დააპირა, უკვე მიუთითებს, რომ მნიშვნელოვანი მოტივი ჰქონდა ამისთვის. რა მოტივი ჰქონდა, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ისე, ნამდვილად საინტერესო შემთხვევაა“, - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.     

„ქართულ ოცნებაში“ არ გამორიცხავენ, ძებნილი პირის შემოსვლა დესტაბილიზაციის მიზნებს უკავშირდებოდეს.

„ბოლოს, როდესაც ეს ადამიანი წინასაარჩევნოდ იმყოფებოდა საქართველოში, სცადა კონკრეტული პირის აფეთქება და იკვეთება, რომ მაშინ დაკვეთის ფორმა ჰქონდა ამ დანაშაულს. ყველაზე მთავარი კითხვაა, თუ რას უკავშირდება მისი ჩამოსვლა საქართველოში ხელმეორედ წინასაარჩევნოდ. კიდევ უფრო ბინძური და დანაშაულებრივი დავალება ხომ არ ჰქონდა მიღებული და ამას ასრულებდა? 

„გასაგებია, რომ ეს ადამიანი არ შემოვიდა არაჟნების კონტეინერებით, მაგრამ მას რომ კეთილსინდისიერი მიზნები არ ჰქონია, ეს დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ. საინტერესოა მისი ჩვენება, ერთი მხრივ, თარგამაძის საქმესთან დაკავშირებით ვის დავალებას ასრულებდა და მეორე მხრივ - ახლა რა რეალური მიზნები და დავალებები ჰქონდა მას ისევ დესტაბილიზაციის უზრუნველსაყოფად“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი.     

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×