ელზა პაპოშვილი
25.09.2024

სპეცოპერაცია კრიმინალური სამყაროს წინაღმდეგ - გურიაში მომხდარი კრიმინალური გარჩევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხზე ფინანსური დავა წარმოიშვა, რის შემდეგაც ბრალდებულებმა დავის მოგვარებისა და გადაჭრის მიზნით ქურდული სამყაროს წევრებს და კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართეს. ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად მოწყობილ შეკრებაზე კი, მოდავე მხარეს მეორეს სასარგებლოდ, ერთი თვის ვადაში 15 000 ლარის გადახდა დააკისრეს.    

ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებულებს ბრალდება ოფიციალურად უკვე წარედგინათ. ე.წ. ძველ ბიჭებთან ერთად, დაკავებულია ბიზნესმენი ლადო გოგინივა, ვისაც გამოძიება ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტთან მიმართავს ედავება.

დაკავებულია სულ 5 პირი, დავის საგანი კი 15 ათასი ლარია,  რომელიც ე.წ. შავმა სამყარომ ერთ-ერთ მშენებელს დააკისრა. მხარეებს შორის დავა მშენებლობის გამო დაიწყო: 

ირკვევა, რომ ლადო გოგინივამ, მშენებელ მალხაზ გალდავას სასტუმროს მშენებლობა დაუკვეთა, საბოლოოდ, შესრულებული სამუშაოებით უკმაყოფილო ბიზნესმენმა გალდავასგან 15 000 ლარის გადახდა მოითხოვა. საბოლოოდ, ლადო გოგინავამ გია გალდავას წინააღმდეგ საქმეში ქურდული სამყაროს წარმომადგენლები, მათ შორის, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი გია კინწურაშვილი ჩართო, რომელიც საქმეში ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად სახელდება. „პირველების“ ინფორმაციით, საქმეში ასევე კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანიც ფიგურირებს. 

რაც შეეხება ბრალდებულებს, დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან. ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე დაკავებული სამი პირის ადვოკატი ამტკიცებს, რომ შსს-ს მიერ გავრცლებულ ვიდეომასალაში თავად არ ჩანან.

„ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ ფაქტზე დაკავებული ორი პირის ადვოკატის ცნობით, ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ ის ქმედებები, რაც მათ ჩაიდინეს, დანაშაული არ არის.       

ინტერესების დამცველების ინფორმაციით, დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. მათივე თქმით, საქმე 9-ტომიანია და კონკრეტულ პოზიციას საქმის მასალების გადმოცემის ექნებათ.

„მტკიცებულებაში, რაც მასმედიის მიერ იქნა გამოქვეყნებული, იქ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ფიგურირებს. არ აღიარებს, არ არის მისი იდენტიფიცირება მომხდარი, არც მისი ხმა ისმის. რაც შეეხება მტკიცებულებებს, 9 ტომია ამ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ შეგროვილი, გადმოგვცემენ მალე, გავეცნობი და კონკრეტული პოზიცია გვექნება,“ - განაცხადა კობა ვაშალომიძის ადვოკატმა, შოთა გოგრაჭაძემ.

„ველოდებით საქმის მასალების გადმოცემას, აქედან გამომდინარე თავს ვიკავებ კომენტარებისგან. ის [დაკავებული ტარიელ ფუტკარაძე] მიიჩნევს, რომ დანაშაული არ აქვს,“ - აღნიშნა ტარიელ ფუტკარაძის ადვოკატმა, გოჩა გორდელაძემ.    

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×