ტაქსის მძღოლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 14 წლის გოგოს საქმე, შესაძლოა თავდაყირა დადგეს. ბრალდებული არასრულწლოვანის ადვოკატი ირწმუნება, რომ საქმის გამოძიება დარღვევებით მიდის. ასევე ჯერ კიდევ უცნობია მოტივი, რა გახდა ტაქსის მძღოლის მკვლელობის მიზეზი. პროკურატურა აცხადებს, რომ ეს იყო შურისძიება, თუმცა დეტალებს არ ამხელს.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა, თუმცა იმის გამო, რომ საქმეში არასრულწლოვანი ფიგურურებს, მოსამართლემ სხდომა დახურა.
მკვლელობა სურამში 21 აგვისტოს მოხდა. სკოლის მოსწავლე დანაშაულს აღიარებს და ამტკიცებს, რომ პენსიონერი კაცისგან თავს იცავდა. მოზარდმა გამომძიებლებს უთხრა, რომ ტაქსის მძღოლი მასზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა, რა დროსაც არასრულწლოვანმა კაცს დანით 40-მდე ჭრილობა მიაყენა.
მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით, თავდაპირველად სამი სხვადასხვა ვერსია გავრცელდა. ადგილობრივების თქმით 15 წლის არასწრულწლოვანი, რომელიც სურამში დასასვენებლად იყო ჩასული, 74 წლის ტაქსისტს დაყაჩაღების მიზნით დაემგზავრა. იმასაც ამბობენ, რომ გოგონას თან კიდევ ერთი არასრულწლოვანი ახლდა. გაუპატიურების მცდელობის ვერსია დაუჯერებელია იმ ადამიანებისთვის, ვინც პენსიონერ ზურაბ ლაშხს კარგად იცნობდა. ის სურამის ცენტრში წლებია ტაქსაობდა.
„გამორიცხულია, მაგას ვერავინ დამაჯერებს, რომ ამ კაცმა ეს იკადრა. ახლა მიცვალებულს ყველაფერს დააბრალებენ. როგორ ამტკიცებს, რომ ძალადობას ადგილი ჰქონდა? ეს კაცი იყო თითი საჩვენებელი. ოჯახებს და შვილებს ანდობდნენ. მკვდარი ახლა თავს ვერ დაიცავს და ათას სიბინძურეს უგონებენ. რა უნდა თქვას სხვა? ერთი ქუჩაში მაცხოვრებელი ბავშვია, რომელიც თავს მამაძაღლობით ირჩენდა, უპატრონოდ ჰყავდათ მშობლებს მიტოვებული. ყაჩაღობის მიზნით რომ მოკლავდა, ამას რატომ გამორიცხავენ? ან ამხელა ასაკის კაცს ჰქონდა იმის ძალა, რომ მასზე ეძალადა? ეს ყველაფერი ტყუილად მგონია მოგონილი“, - ამბობს ადგილობრივი „რეზონანსთან“.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, დაკავებულს 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება.
უფლებადამცველმა სამოხელეო დანაშაულის მოტივით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სარჩელიც შეიტანა. ადვოკატის მტკიცებით, არასრულწლოვანი პოლიციამ კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დაკითხა, რაც კანონდარღვევაა. პარალალურად ჩანიშნულია არასრულწლოვანის ექსპერტიზაც.
უფლებამდამვცელის თქმით, 14 წლის გოგოს მხრიდან ტაქსის მძღოლის მისამართით არანაირ ყაჩაღობას ადგილი არ ჰქონია.
„არც ყაჩაღობას, არც ანგარებით მოტივს ადგილი არ ჰქონია. ეს ყველაფერი იყო, რეალურად, სპეკულაცია და ჭორი. მეტსაც გეტყვით, არასრულწლოვანს, მათ შორის, არც ხულიგნური ქვენაგრძნობა არ აქვს წარდგენილი დამამძიმებელ, მაკვალიფიცირებელ გარემოებად. ეს ნიშნავს იმას, რომ უმიზეზო მკვლელობა არ ყოფილა ეს. საჭესთან იჯდა ის პირი, რომელიც გარდაიცვალა, სწორედ მან მიიყვანა არასრულწლოვანი იმ მიყრუებულ, დაუსახლებელ ტერიტორიაზე, აქვე, დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მას წარდგენილი ბრალად არ აქვს და, გამორიცხულია, ყაჩაღობა, ხულიგნური ქვენაგრძნობა, ანგარებითი მოტივი.
„საქმეზე დანიშნულია რიგი ექსპერტიზები, მათს შორის, კომპლექსური, ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც უკვე ჩატარებულია, ველოდებით პასუხს.
დაცვის მხარემ ჩაატარა კომპლექსური, პარალელური გამოძიება, რომელმაც გამოავლინა შესაძლო სამოხელეო დანაშაულები, ძალოვანი უწყებების თანამშრომლობის მხრიდან", - ამბობს ადვოკატი.
ამ დრომდე მთავარი კითხვაა, რა გახდა მკვლელობის მოტივი.პროკურორი აცხადებს, რომ არასრულწლოვანმა მკვლელობა შურისძიების მოტივით ჩაიდინა, თუმცა დამატებით დეტალებზე არც ერთი მხარე არ საუბრობს.
საქმეში, არასრულწლოვნის ბრალდებასთან დაკავშირებით, არაერთი მტკიცებულებაა, რომლებიც, პირდაპირ, ალბათობის მაღალი ხარისხით ადასტურებს მისი მხრიდან ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას.
ბრალდების მხარე საქმის დეტალურ განხილვაში ვერ შევა, ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ და მხოლოდ, გითხრათ ის, რომ არასრულწლოვანს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა, რომელიც მან ჩაიდინა შურისძიების ნიადაგზე", - განაცხადა პროკურორმა.