უპრეცედენტო თაღლითობის სქემა, რომელშიც არა ერთი მოქალაქე აღმოჩნდა მოტყუებული, პროკურატურამ გაშიფრა. პროკურატურაში უკვე მრავალტომიანი საქმე დევს, სადაც თაღლითების მსხვერპლი არაერთი ადამიანი გახდა. ირკვევა, რომ კარგად ორგანიზებული თაღლითური სქემით, კრიმინალირმა დაჯგუფებამ ქვეყნის მასშტაბით ათობით ოჯახი დააზარალა.
მითვისებული თანხების ოდენობა თითოეულ შემთხვევაში 10 ათასიდან 25 ათას დოლარამდე მერყეობს. მათი მთავარი სამიზნე კი ის ქართველები იყვნენ, რომლებსაც უცხო ქვეყანაში დასაქმება სურდათ. თუმცა, მათ ან ყალბ ვიზას ურტყამდნენ, ან კიდევ ტყუილად აყიდინებდნენ ბილეთებს, გააგზავნიდნენ მათ მიერ არჩეულ ქვეყანაში, სადაც ადამიანებს საზღვარზე აკავებდნენ და ისევ სამშობლოში აგზავნიდნენ. ხოლო გდახდილ თანხებს უკან არავინ აღარ უბრუნებდათ. თანხების გამოძალვის შემდეგ, დამნაშავეები მსხვერპლთან კომუნიკაციას წყვეტდნენ და აღარც მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს პასუხობდნენ.
ამონარიდები დაზარალებულები მონათხრობიდან
„მომატყუეს. კანადაში უნდა წავსულიყავი. დამპირდნენ, რომ იქ სამსახური დამხვდებოდა და ბოლომდე მიპატრონებდნენ. ყველა საბუთებს გაგიკეთებთ და ორ კვირაში კანადაში იქნებიო. 15 ათასი დოლარი გადავეცი, რის შემდეგაც კონტაქტზე აღარ გამოდიოდნენ და საერთოდ გაუჩინარდნენ. ამის შემდეგ მივხვდი, რომ თაღლითებთან მოქნდა საქმე“, - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული ჩვენებაში.
კიდევ ერთი დაზარალებული ყვება, რომ მას პასპორტში ყალბი ვიზა ჩაუკრეს, რის გამოც აეროპორტშივე დააკავეს და უკან დეპორტით გამოუშვეს.
„ფაქტობრვად მასხრად ამიგდეს. პასპორტში ყალბი ვიზა ჩამიკრეს. მე ეს არ ვიცოდი, რის გამოც ლისაბონის აეროპორტში პოლიციამ დამაკავა და დეპორტით საქართველოში დამაბრუნეს. როცა მათთან დაკავშირება ვცადე, საერთოდ ტელეფონი გამითიშეს. მათ კვლას ვერსად ვეღარ მივაგენი. ამის შემდეგ პოლიციაში განვაცხადე“, - ამბობს კიდევ ერთი დაზარალებული.
შემდეგი თაღლითობის მსხვერპლი კი ამბობს, რომ ის გერმანიაში გააფრინეს და უთხრეს, რომ იქ მათი წარმომადგენელი დახვდებოდათ, რომლიც ნიუ-იორკში წასვლაში დაეხმარებოდა. თუმცა მწარედ მოატყუეს.
„საშინელ დღეში ჩამაგდეს. მომატყუეს - გერმანიაში ჩვენი წარმომადგენელი დაგხვდება, საბუთებს გადმოგცემსო და ნიუ-იორკში გაფრინდებიო... იქ არავინ დამხვედრია. ამის შემდეგ კი უკან დავბრუნდი. რა უნდა მექნა? არავინ არსად არ მელოდებოდა, ღია ცის ქვეშ დამტოვეს. 25 ათასი დოლარი კი დღემდე არ დაუბრუნებიათ“, - აცხადებს დაზარალებული.
კიდევ ერთი დაზარალებული ამბობს, რომ მას ამერიკის ვიზას დაპირდნენ, ამაში 20 ათასი დოლარი გამოართვეს. სინამდვილეში კი მექსიკაში გაგზავნეს. საბაჟოზე კი მებაჟეებმა არ შეუშვეს და უკან დეპორტით გამოუშვეს. ის თანხის დაბრუნებას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს.
გამოძიებას უკვე ჰყავს თაღლითური დაჯგუფების ფიგურანტები. გამოძიების მიხედვით, თაღლითური სქემის ერთ-ერთი ფიგურანტი ზურაბ ჩარკვიანია. მისი სასამართლო პროცესები ახლაც მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიდის. მრავალტომიანი საქმის მასალებით დგინდება, რომ დაზარალებულებმა ჩარკვიანს პირადად გადასცეს ათობით ათასი დოლარი.
„ამ საქმეში არაერთი ადამიანია გარეული. ვინც ვიცით და ვისი ბრალიც გამოძიებით გამოიკვეთა ჩარკვიანთან ერთად, არის ნინო ჯარიაშვილი და ის საპატიმროში უკვე იხდის 6-წლიან სასჯელს. ის ყოფილი პოლიციელია, რომელიც, გავიგეთ, რომ ჯერ კიდევ 2011 წელს პატიმრების ოჯახებისთვის დიდი ოდენობით ფულის გამოძალვისთვის გაასამართლეს. პირველი სასჯელის მოხდის შემდეგ, ჯარიაშვილმა თაღლითობის ახალი სქემა შეიმუშავა - ამჯერად, პატიმრების ნაცვლად, სამიზნეში ის მოქალაქეები ამოიღო, ვისაც, დასაქმების მიზნით, უცხოეთში გამგზავრება ჰქონდა გადაწყვეტილი.
„ასევე საქმის მასალებიდან ვიცით, რომ ნინო ჯარიაშვილის თანამზრახველად არის მოხსენიებული ქეთი ხავთასიც. ის მართლმსაჯულებას ამ დრომდე ემალება, რის გამოც პროკურატურაში გვითხრეს, რომ საერთაშორისო ძებნაზე დასვეს და ყველგან ეძებენ. ერთ-ერთი ვერსიით, გამოძიების დაწყებამდე მის სახელზე არსებული ყველა ქონება ნდობით აღჭურვილ პირებზე გადააფორმა. ამიტომ არ ვიცით ამ თანხების ანაზღაურება როგორ და რა ფორმით მოხდება.
„ვიცით, რომ ძალიან ბევრი ადამიანია დაზარალებული. სასამართლო პორცესებზე არაერთ მომჩივანი მოდის. ზოგმა იქ გავიცანით ერთმანეთი. ვალების გამო ბევრმა სახლებიც კი გაყიდა და ღია ცის ქვეშ არის ხალხი დარჩენილი. არ ვიცით როგორ იქნება. ახლა მაღაზიაში ვმუშაობ, რომ ქირით ვიცხოვრო და თავი გადავირჩინო“, -ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული ქალი „რეზონანსთან“.