რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და რუსთავში მომხდარი ოთხი ადამიანის მკვლელობის და ერთის მძიმედ დაჭრის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ სცნო და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. საქმე ეხება რუსთავში მომხდან გახმაურებულ დანაშაულს, როდესაც სამსახურიდან დათხოვნილმა მამაკაცმა პირდაპირ ბაზარში მოკლა თავისი ყოფილი დამსაქმებელი, რომელიც ბიძად ეკუთვნოდა, და მასთან ერთად კიდევ 3 ადამიანი.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 9 თებერვალს, რუსთავში მდებარე ე.წ. „სტამბოლის ბაზრის“ ტერიტორიაზე ბრალდებულმა, შურისძიების მოტივით, მისი ძმის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით ხუთ დაზარალებულს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ოთხი დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთის გადარჩენა დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა.
მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე მის შეურაცხადად გამოცხადებას ცდილობდა, ექსპერტიზის დასკვნით ახალგაზრდა კაცი სრულიად აცნობიერებდა ჩადენილ დანაშაულს და მისი შეურაცხადობა ექსპერტიზით არ დადგინდა. უფორ მეტიც, მას წინასწარ ჰქონდა მკვლელობა დაგეგმილი და ამის შესახებ ბიძას და ბიძაშვილს არაერთხელ დაემუქრა.
თავად ბრალდებულმა სასამართლო პორცესზე თქვა, რომ მკვლელობის მოტივი ბიძის მხრიდან სამსახურიდან მისი გამოგდება გახდა. როგორც ბაზარში დასაქმებული თვითმხილველები ყვებიან, მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ორველაშვილსა და მის ბიძას შორის დაპირისპირება მისი ცუდი საქციელის გამო დაიწყო. ორველაშვილი სამსახურში სვამდა და არაადეკვატურად იქცეოდა. გარშემო მომუშავე ადამიანებთან ხშირად მოსდიოდა კონფლიქტი. ამიტომ ბიძამ მისი სამსახურიდან გაშვება გადაწყვიტა, მან კი ამის გამო შურისძიება დაგეგმა.
ოთხმაგი მკვლელობის ქრონოლოგია
9 თებერვალს, დილის 10:00 საათზე ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე სანადირო თოფით შეიარაღებული გიორგი ორველაშვილი შედის. უახლოვდება ხორცის სექციას, სადაც წლების განმავლობაში ბიძასთან და ბიძაშვილთან ერთად ვაჭრობდა. მიზანში სწორედ ახლო ნათესავებს იღებს. ჯერ ბიძას, ნოდარ ორველაშვილს ესვრის და შემდეგ ბიძაშვილს. დამნაშავე ასევე ესვრის მოპირდაპირე დახლის მოვაჭრეებს და ბოლოს, შემთხვევით გამვლელ ტაქსის მძღოლს, რომელიც მის შეკავებას ცდილობს.
საქმის მთავარ მტკიცებულებებში, ვიდეოჩანაწერებში, ჩანს როგორ გარბის შეიარაღებული დამნაშავე ტერიტორიიდან.
სანამ ტერიტორიას დატოვებს, დამნაშავე იარაღს იქვე, მიწაზე აგდებს. ქუჩას კვეთს და ერთ-ერთ აფთიაქში შედის. სწორედ აქ არის ჩაწერილი მისი პირველი აღიარება. როგორც ირკვევა, მანამდე ფარმაცევტებს დამამშვიდებელი სთხოვა, შემდეგ კი უთხრა, რომ მკვლელობა ჩაიდინა.
რამდენიმე წუთში ადგილზე პოლიცია მივიდა. გიორგი ორველაშვილი იქვე დააკავეს. ცნობილი გახდა, რომ 5 დაჭრილიდან მხოლოდ 1 გადარჩა - დამნაშავის ბიძაშვილი, 26 წლის ნიკა ორველაშვილი.
მოტივი
ბაზარში მომხდარზე საუბარი დღესაც უჭირთ. შეიარაღებულ თავდასხმას ვერ გადაურჩნენ ბაზარში მოვაჭრე ძმები მალხაზ და დავით აბულაშვილები. გიორგი ორველაშვილის კიდევ ერთი მსხვერპლი პაატა მჭედლიძეა - ტაქსის მძღოლი, რომელიც მკვლელის შეკავებას ცდილობდა. დამნაშავემ ბოლო ტყვია მას ესროლა.
პროკურატურა ნათესავების მკვლელობის მიზეზად შურისძიებას ასახლებს. მაგრამ, რატომ გაიმეტა დამნაშავემ კიდევ 3 ადამიანი, ამას ვერც გამოძიება ხსნის.
„გიორგი ორველაშვილმა კაჭრეთიდან, სახლიდან წაიღო რუსთავში მკვლელობის იარაღი. გამოძიებით გაირკვა, რომ სახლში 2 თოფი ინახებოდა, აქედან ერთი დამნაშავის ძმაზე გაფორმებული. გიორგი ორველაშვილმა დანაშაული სწორედ ძმის იარაღით ჩაიდინა. სწორედ ამიტომ, სანადირო თოფის დაუდევრად შენახვისთვის, დააკავეს მისი ძმაც, გოგიტა ორველაშვილიც.
„გოგიტა ორველაშვილი 19 წლის სამხედროა. მკვლელობის მოტივი კი შურისძიებაა. როგორც თავად დამნაშავე ყვება, მან იმიტომ მოკლა ბიძა და დაჭრა ბიძაშვილი, რომ მათ სამსახურიდან გაათავიუსფლეს. ის ბიძას რუსთავის ბაზარში ჰყავდა დასაქმებული, თუმცა, ცუდი ყოფაქცევის და სმის გამო, ის სამსახურიდან გაუშვა.
„რა გახდა დანარჩენების დახოცვის მიზეზი, თაავად დაკავებულიც ვერ ხსნის. თუმცა ტაქსის მძღოლი, რომლიც ხორცის საყიდლად იყო შესული და იქვე იდგა, მისთვის იარაღის წართმევას შეეცადა. ის ცდილობდა, რომ ხალხი გადაერჩინა“, - ამბობს საქმის პროკურორი.