თბილისში, ისნის რაიონში, კლდიაშვილის ქუჩაზე 37 წლის მამაკაცი მოკლეს. მას ავტომობილიდან ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როცა მეზობლებთან და ბიძაშვილთან ერთად ქუჩაში იდგა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, 37 წლის თემურ აივაზიანი და მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირი ერთმანეთს იცნობდნენ. მომხდარს კი ერთი კვირის წინ მათ შორის დაწყებული კონფლიქტი უძღოდა, თუმცა ზუსტად არავინ საუბრობს, თუ რა იყო ამ დაპირისპირების მიზეზი.
ისინი ვარაუდობენ, რომ შურისძიების მიზნით, ახალგაზდა კაცს მამაკაცი ჩაუსაფრდა. ხოლო ქუჩაში გამოსულს ცეცხლი გაუხსნა.
ირკვევა, რომ აივაზიანი იტალიაში, ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა და საქართველოში რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა.
„თემური აქ, კლდიაშვილის ქუჩაზე ბიძასთან იყო სტუმრად. უბნელ ბიჭებთან და ბიძაშვილებთან ერთად გარეთ იდგა, როდესაც ავტომანქანიდან ცეცხლი გაუხსნეს.
„როგორც ვიცით, ისინი ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. ერთი კვირის წინ მოსვლიათ კონფლიქტი, მაგრამ რა გახდა ამ დაპირისპირების მიზეზი, არ ვიცით. თუმცა, ფაქტია, რომ ბიჭს ეს პიროვნება შურისძიების მიზნით ჩაუსაფრდა, ავტომობილიდან გაუხსნა ცეცხლი და ადგილიდან მიიმალა. სამწუხაროდ, ეს ბიჭი ბიძას და ბიძაშვილს ხელებში ჩააკვდათ. ძალიან კარგი ბიჭი იყო. წარმოდგენა არ გვაქვს ის კაცი ასე რამ გააბოროტა, რომ ბიჭი მოსაკლავად გაიმეტა“, - ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი.
სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცავებმა მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.