რეზონანსი
10.11.2024

მახარე ოძელაშვილი უკვე 4-5 წელია, რაც თბილისის ქუჩებში აქტიურად უკრავს.   თავის დამკიდრება პირველად მხატვრობით სცადა, ხატავდა რუსთაველზე მეცნეიერებათა აკადემიის წინ  და შემდგომ ეს ადგილი გახდა მისი სცენა, როგორც მუსიკოსის. მახარეს ნახვა და მოსმენა ბუკიას ბაღის ტერიტორიაზეც შეიძლება. ამბობს, რომ სიმღერის კომპლექსის გადალახვაში ქუჩაში ხატვის გამოცდილება დაეხმარა. 

,,მე ვარ მახარე ოძელაშვილი 34 წლის, დასაოჯახებელი, ქუჩის მუსიკოსი და მხატვარი. ჩემი ქუჩაში გამოჩენა ცხოვრების გარდამტეხ პერიოდში მოხდა, თითქოს რაღაცამ იფეთქა ჩემში და უკვე 4-5 წელია, რაც ქუჩაში ვმღერი. მივხვდი, რომ ეს საქმე მაბედნიეირებდა. სიმღერა მუდმივად იყო ჩემს ცხოვრებაში და ის მეხმარებოდა ცხოვრების რთულ პერიოდებში. სიმღერა დედამ შემაყვარა და გიტარაზეც სწორედ მან შემიყვანა“, - ამბობს მახარე ოძელაშვილი.

მახარეს თქმით,  მისი საყვარელი ჟანრია პოპი და ჯაზი. მას უყვარს, როდესაც სიმღერას გიტარასთნ ერთად ცოცხლად ასრულებს, თუმცა, ზამთრის ცივ დღეებში, უჭირს გიტარაზე დაკვრა და ფონოგრამაზე სიმღერას ამჯობინებს.

„კიდევ უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებს ჩემს გიტარასთან ერთად შესრულებული ცოცხალი სიმღერა, თუმცა ზამთრის ცივ დღეებში რთულია დაკვრა და მირჩევნია, რომ ფონოგრამის ფონზე ვიმღერო. ყველაზე მეტად ჩემთვის საყვარელი და მეტად ახლო ჟანრებია პოპი და ჯაზი, რადგან ჩემს ხმას და ხასიათს ყველაზე მეტად შეეფერება“, - თქვა მახარემ.

იგი ამბობს, რომ ქუჩაში დაკვრა დიდი გამოწვევაა, რადგან მსმენელის ყურადღების მიპყრობა სულ რამდენიმე წამში უნდა მოახერხო და მათი ემოციებიც თვალებში უნდა ამოიკითხო. ხალხი ყოველთვის დადებითად არ არის განწყობილი და ხშირად  კონფლიქტურ სიტუაციაშიც აღმოჩენილა.

„ქუჩაში მსმენელი ემოციას სხვადასხვანაირად გამოხატავს - ზოგი მოდის და მეხუტება, ზოგი ცეკვავს, ზოგიც კი უბრალოდ დგას და მისმენს. სიმართლე გითხრათ, სახლში რა თანხით დავბრუნდები, მეორეხარისხოვანია, მთავარი კი მაინც ეს დადებითი ემოციებია, რაც ხალხისგან მოდის. 

„ყოფილა ისეთი შემთხვეევბიც, როდესაც ადამიანები აგრესიულად მოდიან ჩემთან და სურთ დავუკრა რაღაც კონკრეტული სიმღერა, რომელიც ჩემი სტილი არ არის. ასეთი სიტუაციები ძირითადად ნასვამი ადამიანებისგან მოდის და ყოველთვის ვცდილობ მსგავს სიტუაციებს მშვიდად გავუმკლავდე“, - თქვა მახარემ.

ამბობს, რომ ხალხი მას ქუჩაში უკვე ცნობს. მისი საყვარელი ადგილებია თავისუფლების მოედანი და რუსთაველი. მისი თქმით, მუსიკა მისთვის შემოსავლის ძირითადი წყარო არ არის და სამომავლოდ გეგმავს განვითარებას.

„ქუჩაში დაკვრა ჩემი შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა. როგორც გითხარით, ვხატავ კიდეც და ვიღებ შეკვეთებს. დაკვრა მიყვარს რუსთაველზე და თავისუფლების მოედანზე, რადგან ეს ადგილები ერთგვარი „არტ უბანია“ შემოქმედი ადამიანებისთვის. სამომავლოდ ვგეგმავ ირაკლი ნაგაშვილთან ერთად სტუდიაში სიმღერის ჩაწერას და განვითარებას, როგორც დამოუკიდებელი მუსიკოსი“, - თქვა მახარე ოძელაშვილმა.

ნინო ახობაძე

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×