ელზა პაპოშვილი
10.11.2024

გახმაურებული მკვლელობა ორბელიანზე და გამოტანილი განაჩენი. მოსამართლემ 21 წლის ნიკა აგიევის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, 2005 წელს დაბადებული18 წლის სანდრო პაკელიანი დამნაშავედ ცნო და მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გარდაცვლილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ ის მარტო არ მოქმედებდა და მასთან ერთად პასუხისმგებლობა დანარჩენ პირებსაც აკისრიათ, რომელბიც შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. საქართველოს პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 25 იანვარს, თბილისში, ათონელის და მტკვრის ქუჩების მიმდებარედ, წარსულში არსებული დაპირისპირების გამო, ბრალდებულმა დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

„მკვლელობა  შურისძიების მოტივით, წარსულის გარჩევებისა და კონფლიქტის გამო მოხდა. როგორც საქმის მასალებიდან იკვეთება, ნიკას მკვლელობა დაგეგმეს და ეს იყო კარგად გათვლილი შურისძიება. მათ სპეციალურად იყიდეს გმირთა მოედანზე ყვავილები, რომელშიც დანას მალავდნენ. თავიდან ამბობდნენ, რომ თითქოს თავდაცვა იყო, მაგრამ შემდეგ გამოძიების მიერ მოპოვებულმა კადრებმა დაადასტურა, რომ გზაზე თავისთვის მიმავალ ნიკას ისინი მოულოდნელად თავს ესხმიან და ყვავილებში ჩამალული დანით უსწორდებიან. კადრებში, რომელიც საქმის მასალებში დევს, კარგად ჩანს, რომ ბიჭს თავდამსხმელი მიეპარა, წააქცია და დანა რამდენჯერმე დაარტყა“, - ამბობს გარდაცვლილის მეგობარი. 

თუმცა, აგიევების ოჯახის მტკიცებით, საქმის მთავარი ბრალდებული სანდრო პაკელიანი მარტო არ მოქმედებდა. ამიტომ მოკლულის დედა ითხოვდა, რომ განზრახ მკვლელობის ბრალდება ჯგუფურით გადაკვალიფიცირებულიყო. 

2024 წლის 25 იანვარს მტკვრის ქუჩაზე დამონტაჟებული გარე სათვალთვალო კამერის თვალთახედვის არეში ნიკა აგიევი პირველად 18 საათზე, 7 წუთსა და 36 წამზე ჩნდება. სახე არ უჩანს, კამერასთან ზურგითაა. თუმცა, კადრში აღელვება არ ეტყობა. 

ჩანაწერის მიხედვით, ამ მომენტიდან 21 წამში ნიკა აგიევი უკვე იმ გზაჯვარედინთან იყო, სადაც მას სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. მასალაში 18 საათზე 36 წუთსა და 57 წამზე ჩანს, რომ 21 წლის ახალგაზრდას უკნიდან ვიღაც მიეპარა, წააქცია და რამდენჯერმე დაარტყა. ამავე კადრებით, ჭრილობების მიყენების შემდეგ თავდამსხმელი მიწიდან რაღაცას იღებს, სავარაუდოდ დანაშაულის იარაღს და გარბის. 

„საქმეში არსებული ჩანაწერებითა და მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ მძიმედ დაჭრილი ნიკა აგიევი ქუჩის ბოლომდე გაიქცა და გამვლელებს დახმარებას სთხოვდა. ამბობენ, რომ დაჭრილ ახალგაზრდას დანა თავადაც ეკავა. ერთ-ერთი პირველი, ვინც აგიევის დახმარება სცადა, შემთხვევის ადგილზე მყოფი ტაქსის მძღოლი იყო. ის ტაქსის მძღოლმა საავადმყოფოში წიაყვანა, თუმცა იქამდე ვეღარ მიაღწა ცოცხალმა, გზაში გარდაიცვალა“, - ყვება ერთ-ერთი თვითმხილველი. 

თვითმხილველების ჩვენების მიხედვით, მკვლელობა ისე სწრაფად მოხდა, რომ დანის რამდენჯერმე დარტყმის მომენტი ვერავინ დაინახა.  

საქმეში ასევე დევს ვიდეო კადრები სადაც ჩანს როგორ დატოვეს თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილი. მასალის მიხედვით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებული და მასთან ერთად მყოფი სამი პირი ორბელიანის მოედნისკენ გაიქცნენ და თეთრი ფერის „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ტაქსიში ჩასხდნენ. მანქანაში ჩაჯდომის დროს კადრში ჩანს, რომ ოთხიდან ერთ-ერთს ხელში თაიგული ეკავა. მოკლულის დედა დარწმუნებულია, რომ მისი შვილის მკვლელობის იარაღს  სწორედ თაიგულში მალავდნენ. 

საქმის მასალებით, მომხდარის შემდეგ გაქცეულმა ახალგაზრდებმა ავტომანქანა რამდენჯერმე შეიცვალეს. ბოლოს კი წინწყაროში, ერთ-ერთის ახლობლის სახლში ჩავიდნენ. ახალგაზრდები იქ მხოლოდ რამდენიმე საათი გაჩერდნენ. 

აგიევის მკვლელობიდან მალევე წინწყაროში სამართალდამცავებმა ჩხრეკის ოპერაცია ჩაატარეს, იქ მყოფი ახალგაზრდები კი განყოფილებაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს. მალევე პოლიციამ აგიევის განზრახ მკვლელობის ბრალდებით სანდრო პაკელიანი დააკავა. მის მეგობრებს კი საქმეში ამ დრომდე მოწმის სტატუსი აქვთ. 

სანდრო პაკელიანს არ უსაუბრია მოტივზე, რის გამოც უბნელი სასიკვდილოდ გაიმეტა. ის დუმილის უფლებას იყენებდა. 

მოკლული ახალგაზრდის დედა კი იხსენებს, რომ მისი შვილი 2021 წელსაც დაჭრეს. მისი მონაყოლით, თავდამსხმელები მაშინაც ოთხნი იყვნენ, მათ შორის ბრალდებული სანდრო პაკელიანიც. დედა დარწმუნებულია, რომ 3 წლის წინ მისი შვილი შემთხვევით გადარჩა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×