"შსს-ს მაღალჩინოსანი შვილის ცოლად მოყვანას აიძულებდა, თვითონ სხვა გოგო უყვარდა"
ელზა პაპოშვილი
15.11.2024

მკვლელობა თუ თვითმკვლელობამდე მიყვანა - რა გახდა შსს-ს საავიაციო უშიშროების განყოფილების უფროსის მოადგილის ბურუსით მოცული გარდაცვალების მიზეზი?  

 28 წლის ლევან სულაშვილის ცხედარი 6 ნოემბერს, საკუთარ მანქანაში, თავის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობით, თბილისის ზღვაზე იპოვეს. ის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისიდანაა.  

მშობლები არ ენდობიან გამოძიების ოფიციალურ ვერსიას თვითმკვლელობასთან დაკავშირებით. მათივე თქმით, სულაშვილს შსს-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი შვილის ცოლად მოყვანას აიძულებდა, უარის მიღების შემდეგ კი მოკლეს. 

ოჯახს კითხვები  საქმის მიმდინარებასთან დაკავშირებით აქვს, რომელიც ერთი ნაბიჯითაც კი წინ არ წასულა.

 გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახი ამბობს, რომ ბიჭს სხვა გოგონა უყვარდა. მას ქორწილი რამდენიმე დღეში უნდა ჰქონოდა, ის კი გარდაცვლილი ავტომობილში იპოვეს. მათი ვერსიით, ბიჭს არ ჰქონდა თვითმკვლელობის მოტივი. უფრო მეტიც, ის ბედნიერი იყო და ოჯახის შექმნას აპირებდა.   

„ჩემი შვილი თავს არ მოიკლავდა. გამორიცხულია ასეთი რამ. მას სრულიად სხვა გოგონა უყვარდა. როგორც ვიცით და რაც მისი მიწერ - მოწერიდანაც ირკვევა, მას ერთ-ერთი ძალიან გავლენიანი მაღალჩინოსანი  შვილის ცოლად მოყვანას აიძულებდა. მიწერილები აქვს, რომ თუ დღეს ორ სააათამდე ოჯახს არ მოიყვან შვილის ხელის სათხოვნელად მერე განახებო. ანუ მას ემუქრებოდა. ეს გოგო ჩემი შვილის თანამშრომელი იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ გოგოც სამსახურიდან წავიდა და დაცვით დაატარებენ. რა მოხდა, რაზე გაიმეტეს ჩემი შვილი, არაფერი არ ვიცით“, - ამბობს გარდაცვლილის მამა.

დედის ინფორმაციით კი მათ ლევან სულაშვილის  გარდაცვალების შესახებ აცნობეს 6 ნოემბერს. უთხრეს რომ თითქოს მან იარაღით თავი მოიკლა. თუმცა დედას კითხვები აქვს.

„თემქის და მუხიანის, სადღაც დანგრეულ გზაზე წაგვიყვანეს. ჩვენ რომ მივედით, ყველაფერი უკვე დამთავრებული ჰქონდათ. არადა მას მესენჯერი ჩართული ჰქონდა და ვწერდით კიდევაც. როგორ ჰქონდა მიცვალებულს მესენჯერი ჩართული? რომ მივედით, ყევლანაირი გამოკვლევის გარეშე გამოგვიცხადეს, რომ თავი აქვს მოკლულიო. ჯერ რა იცოდნენ, რა დაადგინეს, იქნება თვითმკვლელობის ინსცენირებაა. წინსაწარ დასკვნები საიდან გააკეთეს? ჩემი შვილი გამოიყენეს? რა დაავალეს, რა გააკეთებინეს?  ან ეს გოგო და მისი ცოლად მოყვანა რა შუაში იყო, როცა მას სრულიად სხვა გოგო უყვარდა. არ ვიცით ათასი ვერსია გვაქვს. ვერაფერს ვეღარ ვფიქრობთ. წინასწარ ეძებდნენ, ხომ 24 საათში ხდება დაკარგულის მოძიება? რას ეძებდნენ?“ - აბობს გარდაცვლილის დედა.       

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×