სასწავლებად წაყვანის ცრუ დაპირება და თაღლითურად მითვისებული თანხები - სამართალდამცველებმა დააკავეს ახალგაზრდა ქალი, რომელმაც რამდენიმე სტუდენტის თანხა თაღლითურად მიითვისა. დაზარალებულთა რიცხვი ამ ეტაპზე 26 ადამიანს შეადგენს. ჯამში კი ქალმა მოტყუებით 36 ათასი ლარი მიითვისა. როგორც გამოძიებით დგინდება, მან სოციალურ ქსელში შექმნილი ყალბი ანგარიშიდან გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეეძლო აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ახალგაზრდების სასწავლებლად გაშვება.
ერთ-ერთი დაზარალებული „რეზონანსთან“ ყვება, რომ მან სოციალურ ქსელში გაიცნო ქალი, რომელიც დაპირდა, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ, გაცვლითი პროგრამის მეშვეობით, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის დიპლომის აღება შეეძლო, ვიზას გუკეთებდა და სასწავლებლად გაუშვებდა. თუმცა, თანხის ჩარიხცვის შემდეგ ქალი გაუჩინარდა.
„მპირდებოდა, რომ ამერიკაში ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით წასვლას და სწავლას შევძლებდი. ამისთვის რამდენიმე ათასი დოლარი ჩამარიცხინა. მითხრა, რომ დიპლომის აღების პრობლემაც არ იქნებოდა. ფულის აღების შემდეგ კი ხან რა მოიგონა და ხან რა - საელჩოდან მჭირდებაო რაღაც საბუთები, მერე თითქოს იქ უნივერსიტეტში რაღაცეებს აგვარებდა. მოკლედ, დროში გაწელა ეს ყველაფერი.
„ჩემს გარდა კიდევ 25 ადამიანია, რომლებსაც ანალოგიურს ჰპირდებოდა. მერე, როცა მივხვდი, რომ რაღაცაში იყო საქმე, შევხვდი და ფულის გადმორიცხვა მოვთხოვე. ამის შემდეგ კი გაუჩინარდა. ავდექით შემდეგ და პოლიციას მივმართეთ“, - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.
კიდევ ერთი ახალგაზდა გვიყვება, რომ მას დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთ უნივერსიტეტში სწავლა სურდა. ცდილობდა ინფორმაცია ინტერნეტით მოეძიებინა. შემდეგ „ფეისბუქში“ ნახა დახურული ჯგუფი, სადაც სწორედ ამას სთავაზობდნენ, დაკავშირების შემდგე კი ბრალდებული ქალბატონი გაიცნო. მანაც ანალოგიურად რამდენიმე ათასი ლარი გადარიცხა. თუმცა არც არსად წასულა და არც დიპლომი აუღია. მსგავს ისტორიას ყვებიან დანარჩენი დაზარლებულებიც.
პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოიებით კი დადგინდა, რომ აღნიშნული გზით, 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის აგვისტომდე პერიოდში, ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა 26 ფიზიკური პირის კუთვნილ თანხას, ჯამში 36 000 ლარის ოდენობით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით.