ფემიციდის კიდევ ერთი უმძიმესი ფაქტი - ყოფილი ქმრის მიერ სასტიკად ნაცემი ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ეს უმძიმესი დანაშაული 11 ნოემბერს მოხდა. კაცი ყოფილ ცოლს სასტიკად გაუსწორდა. ახალგაზრდა ქალი უმძიმეს მდგომარეობაში თბილისში გადმოიყვანეს. მის გადარჩენას მედიკოსები 10 დღის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა ვერ შეძლეს. ყოფილი ქმრის მიერ ნაცემი ქალი, მიღებული დაზიანებების შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ეს უმძიმესი დანაშაული კახეთში, საგარეჯოში მოხდა. არსებული ინფორმაციით, კაცი ცოლზე ძალადობის მუხლით ნასამართლევი იყო და მან საპატიმრო სავარაუდოდ, ამნისტიით ახლახან დატოვა. როგორც ოჯახის ახლობლები ყვებიან, ის პოლიციას თავად ჩაბარდა.
„ყოფილი ქმარია, რომელიც ადრეც სწორედ ცოლზე ძალადობის ფაქტზე იყო დაკავებული. ამ გოგოს მუდმივად ავიწროვებდა. ჰქონდა-არჰქონდა მიზეზი, ეჭვიანობდა. მერე ფიზიკურად უსწორდებოდა. ამიტომ ოჯახმა გამოარიდა. ახლა გამოვიდა ციხიდან. რატომ ენდო, რატომ გაჰყვა, არავინ იცის, რა უთხრა ასეთი. ვიცით მხოლოდ ის, რომ მოტყუებით გამოიყვანა გარეთ და თავში ქვა ჩაარტყა. ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა და მერე ჩაარტყა. უგონოდ იყო, ამდენი ხანია მის გადარჩენას ექიმები ცდილობდნენ, მაგრამ ვერაფერი უშველეს. ვინც ამის გამოშვებაზე ხელი მოაწერა, ისიც პასუხისგებაშია მისაცემი. თავად ჩაბარდა, როგორც ვიცით, და არ გაქცეულა, ანუ განზრახ ჩადენილი დანაშაულია. მოსაკლავად გაიყვანა“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, 11 პრიმა 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) და 11 პრიმა 381 მუხლით (განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა) დაიწყო. აღსანიშნავია, რომ კაცს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა.
შეგახსენებთ, ქალთა მიმართ ან ოჯახში ძალადობის შემთხვევაში უნდა დარეკოთ 112-ზე. ასევე, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ 112-ის მობილური აპლიკაცია და მიმოწერით, ზარით ან SOS ღილაკით დაუკავშირდეთ ოპერატორს. შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზეც - 116 006. კონსულტაცია იურიდიულ, ფსიქოლოგიურ, სოციალურ და სამედიცინო საკითხებზე უფასოა და დაცულია ანონიმურობა.