ნატალია ჯვარიძე
27.12.2024

„მთავრობაში იყვნენ და სიმღერას გვიკრძალავდნენ, სხვა უბედურებებზე, რომ არაფერი ვთქვათ, ოპოზიციაში არიან და მაინც გვიკრძალავენ! საკვირველია პირდაპირ", - ასე გამოეხმაურა ჯგუფი „ფორტე" მოწოდებას, რომ მომღერლებმა საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ. როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, „რადიკალური ჯგუფები შეურაცხყოფას აყენებენ ყველას, ვისაც მათგან განსხვავებული მოსაზრება გააჩნია".

თბილისის მერის განცხადებით, იმ მომღერლების ბულინგი, რომლებიც საახალწლო კონცერტებში არიან ჩართული, ლიბერალური ფაშიზმის ნათელი მაგალითია.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „რადიკალური ჯგუფები შეურაცხყოფას აყენებენ ყველას, ვისაც მათგან განსხვავებული მოსაზრება გააჩნია".

„ეს არის ლიბერალური ფაშიზმის ნათელი მაგალითი. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ მომღერლების მიმართულებით არ ხდება. ყველა სფეროში იგივეა: თუკი ვინმე აფიქსირებს განსხვავებულ მოსაზრებას, თუკი ვინმე ფიქრობს სხვანაირად, ვიდრე ეს რადიკალები, მაშინვე იწყება ბულინგი, გაკეთებული აქვთ ე.წ. ბოტების ჯგუფები, შეუვარდებიან, აყენებენ შეურაცხყოფას, მიდის ცინიზმი, მუქარები და ა.შ. ამას ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავამთავრებთ.

ლიბერალური ფაშიზმი უნდა დამთავრდეს ქვეყანაში, კატეგორიულად მიუღებელია. ისინი გვანახებენ, როგორი არ უნდა იყოს ადამიანი. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრება, ეს მისი უფლებაა, სად არის მაშინ დემოკრატია? ხომ გვინდა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა? ეს არის მათეული დემოკრატია, ამ ტიპის ხედვა აქვთ დემოკრატიასთან დაკავშირებით. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, ფეხქვეშ რომ ჰქონდათ გათელილი ადამიანის უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების უფლება. შეიცვალნენ? - იმავეს აკეთებენ დღეს ოპოზიციიდან, უბრალოდ რესურსები აქვთ ნაკლები, თორემ დღესაც დახოცავდნენ ხალხს და შემოალაგებდნენ ჯიხურების თავზე, მაგრამ დღეს ამის საშუალება არ გააჩნიათ და ამას აკეთებენ სიტყვით, ბულინგით, თავიანთი ტელევიზიების საშუალებით, რომლებიც აღვივებენ პოლარიზაციას. ამ ყველაფერს დავამთავრებთ ჩვენ", - განაცხადა კახა კალაძემ.

საახალწლო კონცერტში მონაწილეობაზე მომღერალთა გარკვეულმა ნაწილმა უარი ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო თქვა. მათ შორის ანანო ღიბრაძე და ბენდი Ages-ი, ჯგუფი „ფრანი" და ა.შ.

ჯგუფი „ფორტე" „ფეისბუქზე" წერს: „მთავრობაში იყვნენ და სიმღერას გვიკრძალავდნენ (სხვა უბედურებებზე, რომ არაფერი ვთქვათ ) ოპოზიციაში არიან და მაინც გვიკრძალავენ!!! საკვირველია პირდაპირ".

„ფილმ „დაკარგულ სამოთხე"-ში არის ასეთი მომენტი - ლაზარია ამბობს თავის თვითმარქვია და მატყუარა ბატონზე „უწმინდური იყო და მატყუებდა, წმინდანი გახდა და მაინც მატყუებსო". ცოტა რომ გადავათამაშოთ: მთავრობაში იყვნენ და სიმღერას გვიკრძალავდნენ (სხვა უბედურებებზე, რომ არაფერი ვთქვათ ) ოპოზიციაში არიან და მაინც გვიკრძალავენ!!! საკვირველია პირდაპირ.

P.S. ისე მავანის გასაგონად, იმ ავადსახსენებელ წლებში, ბულინგი რომ ბულინგობდა და სიცოცხლისთვის საშიში იყო საკუთარი აზრის დაფიქსირება, მაშინ ვერ შეგვაშინეს და ახლა ვადაგასული მაშხალის გასროლის ეფექტი აქვს მათ ბულინგს ჩვენთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×