
რეჟისორ დათა თავაძის მიერ დადგმულმა სპექტაკლმა „ლიბერტე" დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. სამეფო უბნის თეატრში გამართულ სპექტაკლში უცენზურო გამონათქვამებია. კრიტიკოსები ამბობენ, რომ გამოყენებულია ლგბტ პროპაგანდა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა.
ინტერნეტში გავრცელდა ერთწუთიანი ჩანაწერი, რომელშიც მონაწილეობენ მსახიობები - ნატუკა კახიძე, მაგდა ლებანიძე, სანდრო სამხარაძე და გიგა შიშინაშვილი. პარალელურად გავრცელდა კიდევ ერთი მასალა ვიდეო ჩანაწერის სახით.
თვითონ იძახიან, რომ დამდგმელი ჯგუფი თავისუფლების, იდენტობის, მეხსიერებისა და თანამედროვეობის რთულ მრავალშრიან ბუნებაში შეღწევას ცდილობს. ასევე, სპექტაკლი უამრავ საკითხს ეხმიანება, როგორიცაა საზოგადოების როლი ინდივიდის ცხოვრებაში, ხელოვანების ბედი თანამედროვე სამყაროში, დაკარგული ინდივიდი და ა.შ. სპექტაკლი 140 წუთიანია, რომლის სცენოგრაფი ქეთი ნადიბაიძეა.
აღსანიშნავია ისიც, რომ დათა თავაძე ღიად აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას" და აქტიურად მონაწილეობს ხელისუფლების წინააღმდეგ აქციებში.
დათა თავაძის სპექტაკლს მმართველი პარტიის წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ „თავისუფლებას და აღვირახსნილობას ვერ არჩევენ ეს ადამიანები".
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ვლადიმერ ბოჟაძე თქვა, ამ ადამიანებს სწორედ ასეთი საქართველო წარმოუდგენიათო და სწირედ ისინი არიან „რადიკალური აქციების ავანგარდში".
„სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები წარმოადგენენ დღეს ლიბერალიზმის სახეს. სწორედ ასეთი საქართველო წარმოუდგენიათ, ასეთი სახელმწიფო, ასეთი ეკლესია, ასეთი ოჯახური ურთიერთობები. კიდევ უფრო საწყენია, რომ ამ სპექტაკლს საერთოდ მაყურებელი ჰყავს. ამას არაფერი კავშირი არ აქვს ხელოვნებასთან, კულტურასთან. პირიქით, ეს არის ანტიქართული, ანტირელიგიური სპექტაკლი. სამწუხაროა, მაგრამ რა ვქნათ, ეს ადამიანები წარმოადგენენ დღეს „ნაციონალურ მოძრაობას", რადიკალურ ოპოზიციას. ესენი არიანრადიკალური აქციების ავანგარდში", - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
„არის რაღაცები, რაც ცდება კოლეგიალობას, პროფესიას და არის საკითხები, სადაც არსებობს ელემენტარული ზღვარი! ეს თუა თანამედროვე თეატრი და ევროპა, მაშინ მე წარმოდგენა არ მქონია თეატრზე," - აცხადებს მსახიობი კახა მიქიაშვილი.
თავაძის სპექტაკლს სოციალურ ქსელში მსახიობი რამაზ იოსელიანი ეხმაურება და ამბობს, ეს უცენზურო გამონათქვამების, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და ლგბტ პროპაგანდის შინაარსს ატარებს.
„ერთადერთი კითხვა დამებადა - რატომ? რისთვის? რა აქვთ სათქმელი? თემურ ჩხეიძეს რომ ენახა ეს სპექტაკლი, რას იტყოდა, მაინტერესებს. ესენი პავლიკა მოროზოვებს დაემსგავსნენ უკვე, საშიშია. ყველაზე ძალიან იმის მეშინია, რომ ჩვენ დავკარგეთ ის, რაც ჰქონდა ქართულ თეატრს. არაჩვეულებრივი ტრადიციები, რომელსაც გაგრძელება უნდა, სამსახიობო, სარეჟისორო სკოლა. ბოლოს და ბოლოს, მაყურებელი გვყავს ფანტასტიკური, რომელსაც ვკარგავთ. რას ვეუბნებით მაყურებელს, რომ გვძულდეს ერთმანეთი? ვისაც უნდა ვეუბნებოდეთ, რომ გვიყვარდეს ერთმანეთი", - აღნიშნა იოსელიანმა.