თამთა ჩაჩანიძე
25.06.2025

2017 წლიდან საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 8 წლის განმავლობაში თითქმის არ გაზრდილა და ოფიციალური მონაცემები 3.7 მილიონის ფარგლებში მერყეობდა, თუმცა მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ  საქსტატის საყოველთაო აღწერის შედეგებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, თითქმის 4 მილიონი ვართ. სპეციალისტების შეფასებით, ეს მოულოდნელი ზრდა, შესაძლოა, უცხოელი მიგრანტების ხარჯზე მოხდა.

საქსტატის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, მოსახლეობის რიცხოვნობა 1-ელი იანვრის მდგომარეობით წლების მიხედვით ასე გამოიყურება: 2017 წელს - 3 726 400 ადამიანი; 2018 წ. - 3 729 600; 2019 წ. - 3 723 500; 2020 წ. - 3 716 900;  2021 წ. - 3 728 600; 2022 წ. - 3 688 600; 2023 წ. - 3 736 400; 2024 წ. - 3 694 600 და 2025 წ. - 3 704 500.

25 ივნისს კი საქსტატმა 2024 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგები გამოაქვეყნა - 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 2 078 ათასი (53%) ქალია, ხოლო 1 836 ათასი (47%) - კაცი.

„მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, 2 423 ათასი კაცი (62%) ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში, ხოლო 1 491 ათასი კაცი (38%) - სოფლად.

„რეგიონების მიხედვით, საქალაქო დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის წილი, ქ. თბილისის გარდა, მაღალია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (66%), რაც განპირობებულია ქ. ბათუმის მოსახლეობის მაღალი რიცხოვნობით, ხოლო შედარებით დაბალია მცხეთა-მთიანეთის (20%), კახეთის (21%), რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (24%) რეგიონებში“, - ვკითხულობთ „საქსტატის“ ინფორმაციაში.

ამავე მონაცემების მიხედვით, თბილისში ცხოვრობს საქართველოს მოსახლეობის 34%. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით მეორე და მესამე ადგილს იკავებენ იმერეთის და ქვემო ქართლის რეგიონები, რომლებზეც მოდის შესაბამისად მოსახლეობის 12.9% და 11.2%.

წინა აღწერის მიხედვით, მოსახლეობა 3 713 804 კაცს შეადგენდა. 

აცდენა საქსტატის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ რიცხვსა (3 704 500 ადამიანი 2025 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით) და ასევე საქსტატის მიერ ჩატარებული საყოველთაო აღწერის წინასწარ შედეგს (3 914 000 ადამიანი 2024 წლის 14 ნოემბრის მონაცემებით) შორის საკმაოდ დიდია - 200 ათას ადამიანზე მეტი.

დემოგრაფი ავთო სულაბერიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ბოლო წლებში საქართველოში ბუნებრივი მატება დაბალი იყო და ეს მოულოდნელი ზრდა, სავარაუდოდ, უცხოელი მიგრანტების ხარჯზე მოხდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბუნებრივი მატება საქართველოში 2024 წელს მართლაც არ იყო მაღალი. მეტიც, ცალკეულ წლებში უარყოფითი სალდოც ფიქსირდებოდა - გარდაცვლილთა რაოდენობა აჭარბებდა ახალშობილთა რაოდენობას.

საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს დაიბადა 53 293 და გარდაიცვალა 47 822 ადამიანი; 2018 წელს დაიბადა 51 138 და გარდაიცვალა 46 524; 2019 წელს დაიბადა 48 296 და გარდაიცვალა 46 659; 2020 წელს დაიბადა 46 520 და გარდაიცვალა 50 537; 2021 წელს დაიბადა 45 946 და გარდაიცვალა 59 906; 2022 წელს დაიბადა 42 301 და გარდაიცვალა 49 118; 2023 წელს დაიბადა 40 214 და გარდაიცვალა 42 756; 2024 წელს დაიბადა 39 483 და გარდაიცვალა 43 971.

„ეს მატება ძირითადად, ალბათ, გარე მიგრაციიდან შემოსულთა შედეგია. ამას სრული ანალიზი სჭირდება, მაგრამ, ერთი შეხედვით, ბუნებრივი მატება საქართველოში დაბალი იყო და უფრო მეტად უცხოელ მიგრანტთა ხაზია შემოსული. ჩვენებიც (ქართველებიც) რა თქმა უნდა შემოდიან, მაგრამ მე არ მაქვს ზუსტი მონაცემები ჩვენი ემიგრანტებიდან რამდენი დაბრუნდა უკან. 

„კონკრეტული მონაცემები ჯერ ჩემთვის ცნობილი არაა, მაგრამ, ზოგადად, შემოდიან ირანელები, თავისთავად ახლოს არიან. ასევე ინდოელები. ინდოეთთან უვიზო არ გვაქვს, მაგრამ მაინც შემოდიან. რადგან ვიზა აღარაა ჩინეთთან, შემოდიან ჩინელებიც, მაგრამ ჯერჯერობთ მათი ისეთი მასშტაბური შემოსვლა არაა. უფრო ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან არიან ყაზახეთიდან და ა.შ. მათი მიზანია აქ დაფუძნება, მოქალაქეების მიღება და დასავლეთ ევროპაში გადასვლა“ - განაცხადა ავთო სულაბერიძემ „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×