
„მოკალით ამერიკის ხმა!" - ტრამპი საკუთარ პარტიას მედიის წინააღმდეგ გაერთიანებას სთხოვს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა „ამერიკის ხმას" და რესპუბლიკელებს საჯაროდ მოუწოდა, მხარი არ დაუჭირონ მისი არსებობის გაგრძელებას.
„რატომ უნდა სურდეს რესპუბლიკელს, რომ დემოკრატების რუპორი ამერიკის ხმა გაგრძელდეს... არცერთმა რესპუბლიკელმა ხმა არ უნდა მისცეს მის გადარჩენას. მოკალით ის!" - განაცხადა 25 ივნისს აშშ-ს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.
საინტერესოა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლის, აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მთავარი მრჩევლის, კერი ლეიკის გადაწყვეტილებით, 20 ივნისს სამსახურიდან დაითხოვეს „ამერიკის ხმის" დარჩენილი თანამშრომლების უმეტესობაც. ასობით თანამშრომელს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეტყობინებები გაეგზავნა, რომ მათი პერსონალი 85%-ით შემცირდა
კრიტიკის საგანი გახდა, 25 ივნისს ლეიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლა, მან ხაზგასმით თქვა, რომ ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დირექტივას მიჰყვება, რომელიც მიზნად ათობით საინფორმაციო საშუალების დახურვას ისახავს, რომელთა უმეტესობა უკვე დახურულია ან მკვეთრად შეზღუდულია. ლეიკმა ბევრ გადაცემას ანტიამერიკული იარლიყი მიაკრა ან ლიბერალური მიკერძოების ხელშემწყობად შეაფასა.
„უმჯობესი იქნება, რომ მთლიანად დაიშალოს (ამერიკის ხმა) და ყველაფერი თავიდან დაიწყოს", - აღნიშნა კერი ლეიკმა.
ცნობისთვის, „ამერიკის ხმა" მაუწყებლობას ოფიციალურად 1942 წელს, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დაიწყო.
ლეიკის თქმით, სააგენტო კონგრესის წევრთან „ამერიკის ხმის" შიგნიდან განხორციელებულ მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებსაც იძიებს, (დასავლური გამოცემები წერენ, რომ სამიზნე სავარაუდოდ რესპუბლიკელი იყო).
საინტერესოა ისიც, რომ ლეიკმა გააკრიტიკა კონგრესის მიერ დადგენილი საკანონმდებლო მექანიზმიც, რომელიც 1994 წლიდან მოქმედებს და მთავრობის ჩინოვნიკებს უკრძალავს ახალი ამბების დამოუკიდებლად გაშუქებაში ჩარევას. კერი ლეიკის განცხადებით, ეს მექანიზმი არხის ხელმძღვანელებს არ აძლევს „მიკერძოებული, ანტიამერიკული ან თაღლითური რეპორტაჟების" აღკვეთის შესაძლებლობას.
„ამერიკის ხმის" დირექტორმა მაიკ აბრამოვიცმა, რომელიც ადმინისტრაციულ შვებულებაშია, განაცხადა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია არაკეთილსინდისიერი ჟურნალისტების შესახებ, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ, კოლეგებისთვის გაგზავნილ წერილში კი წერია, რომ ის გაბრაზებულია, რადგან მოსმენაზე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა „ამერიკის ხმის" თანამშრომლების მოტივები და პატრიოტიზმი.
რას ამბობენ დემოკრატები
დემოკრატებმა ხაზი გაუსვეს იმ ცნობებს, რომ რუსეთი და ჩინეთი საკუთარ მედია ძალისხმევას აძლიერებენ, რათა "ამერიკის ხმის" დახურვით გამოწვეული სიცარიელე შეავსონ.
„სანდო სიახლეები აღარ არის ხელმისაწვდომი მილიონობით ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში", - თქვა აშშ-ის წარმომადგენელმა დემოკრატმა გეიბ ამომ,.
„თუ ჩვენი მოწინააღმდეგეები ამ გადაწყვეტილებას მიესალმებიან, რატომ უნდა გავაკეთოთ ეს?"
ზოგიერთმა დემოკრატმა პირადად გააკრიტიკა ლეიკი, განსაკუთრებით კი არიზონას წარმომადგენელმა გრეგ სტენტონმა, რომელმაც ლეიკის განცახდებას „ცრუ" უწოდა.
„ამერიკელ ხალხს არ შეუძლია დაიჯეროს თქვენი ნათქვამი სიტყვა", - თქვა მან,
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა 14 მარტს გამოსცა განკარგულება შვიდი ფედერალური სააგენტოს, მათ შორის USAGM-ის შემცირების შესახებ.
USAGM ზედამხედველობას უწევს „ამერიკის ხმას", სხვა ფედერალურ მაუწყებლებსა და რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას. სააგენტომ მედიასაშუალებებს კონგრესის მიერ დამტკიცებული დაფინანსება შეუჩერა და მარტში იძულებით შვებულებაში გაუშვა თანამშრომლების ნაწილი.
„ამერიკის ხმამ" და რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებამ გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს.