
„ოცნებამ" ნარკოპოლიტიკის კიდევ ერთი კანონი დაამტკიცა. 5 გრამზე მეტი მარიხუანის, იგივე „პლანის", შეძენა-შენახვაზე 6 წლამდე პატიმრობა დაგეკისრებათ, ხოლო ფსიქოტროპულების იმპორტს მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს.
უფრო კონკრეტულად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძის განცხადებით, სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოიღებენ იმ მუხლს, რომელიც მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას არეგულირებს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს მუხლი მსუბუქ სანქციებს ითვალისწინებს.
„წლების განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულია იმგვარი გადაწყვეტილებები, რომლებმაც საბოლოო ჯამში, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარებასა და გავრცელებას შეუწყო ხელი. კამპანიური ხასიათის ღონისძიებები ხორციელდებოდა, თითქოს მარიხუანა არის მსუბუქი ნარკოტიკული საშუალება. ანალოგიური კამპანია იწარმოებოდა ე.წ. კლუბურ ნარკოტიკებთან დაკავშირებითაც, რამაც საბოლოო ჯამში ამ საშუალების მოხმარების ზრდა გამოიწვია. ეს აწუხებს საზოგადოებას და წარმოადგენს პრობლემას ჩვენი მომავლისათვის. თუ გვინდა, რომ მომავალზე ვიზრუნოთ, აუცილებელია არსებობდეს ისეთი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ამ საშუალების გავრცელებას და მოხმარებას," - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
აღსანიშნავია, რომ, ცვლილების თანახმად, მცირე ოდენობით კანაფის - გამომშრალი 5 გრამამდე, ხოლო ნედლის - 10 გრამამდე შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა გამოიწვევს ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორების შემთხვევაში იგივე ქმედება გამოიწვევს სასჯელის სახით ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ან/და თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
სისხლის სამართლის დასჯადი ოდენობის, მცენარე კანაფის შემთხვევაში - 10 გრამიდან 155 გრამამდე, გამომშრალი მარიხუანას შემთხვევაში - 5 გრამიდან 70 გრამამდე, ხოლო ნედლი მარიხუანას შემთხვევაში - 10 გრამიდან 140 გრამამდე, შეძენა, შენახვა გამოიწვევს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
როგორც არჩილ გორდულაძემ აღნიშნა, გამკაცრებული რეგულაციებია გათვალისწინებული მარიხუანასა და მცენარე კანაფის კულტივაცია და რეალიზაციასთან დაკავშირებითაც.
„ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანას, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციაში ხელშეწყობა ზუსტად იმავე წესით დაისჯება, როგორც რეალიზაციისთვის. ეს ცვლილება ე.წ. დამდებებზე გავრცელდება, ანუ იმ ადამიანებზე, რომლებიც საჯარო სივრცეში ნარკოტიკულ საშუალებებს დებენ", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
არგუმენტები და კონტრარგუმნეტები
ამ კანონპროექტს მომხრესთან ერთად ბევრი მოწინააღმდეგეც ჰყავს, კანონპროექტს აქტიურად „გირჩის" წევრები აპროტესტებენ. ამავე პარტიის დამფუძნებელმა სოციალურ ქსლეში მიმართვა გაავრცელა მან მოქალაქეებს, რომლებიც მოიხმარენ მარიხუანას, გამოსვლისა და ხმის ამოღებისკენ მოუწოდა, „შეუტიეთ სახელმწიფოს" - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
„შემოიტანეს ქოცებმა კანონი, რითაც მილიონ საქართველოს მოქალაქეს დაემუქრნენ, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად მოიხმარენ მარიხუანას ქვეყანაში... მილიონი კაცი რაღაცას აკეთებს და ეს არ შეიძლება იყოს კანონდარღვევა. მე შემიძლია გითხრათ, რომ იმ დღიდან, როდისაც მიცნობთ და რა საქმეებიც მიკეთებია, მე სულ მოვიხმარდი ამ ნივთიერებას და ეს არასდროს დამიმალავს. ეს რომ გაეკეთებინა იმ ადამიანების მეათედს, რომლებიც მარიხუანას მოიხმარენ, დღეს საერთოდ სხვა სიტუაცია გვექნებოდა. გამოდით, შეუტიეთ სახელმწიფოს, მინიმუმ იმიტომ, რომ (სახელმწიფომ) თავი დაგანებოთ."
ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ეს კანონპროექტები შინაარსით საკმაოდ საშიშია, უფლებადამცველი საბა ბრაჭველი სოციალურ ქსელში წერს:
„ეს არ არის ნარკოპოლიტიკის გამკაცრება, ეს არის სისტემის შემზადება ნარკოტიკების მასიური ჩადებისთვის, რომელსაც ვეღარც ჟურნალისტები გააშუქებენ, ვეღარც კამერები გადაიღებენ და ახლა უკვე ვეღარც თვითონ დაცვის მხარე გამოიკვლევს სათანადოდ. ეს არის ქოცების მართლმსაჯულება და ვისაც ეს წესები მოგწონთ, ამავე კანონებით განსჯა მისურვებია. ხოლო ჩვენ, ვინც საღამოობით სუფთა ჰაერზე ვიკრიბებით, ეს ტრადიცია პირბადეებით უნდა გავაგრძელოთ და, შეძლებისდაგვარად, მარტოებმა არ ვიაროთ ხოლმე. დანარჩენი უცვლელია", - წერს ბრაჭველი.
პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი განაცხდა: „ფსევდოლიბერალური იდეოლოგია ცდილობს მოდურ მოვლენად წარმოაჩინოს მარიხუანისა და ე.წ. კლუბური ნარკოტიკების მოხმარება - ჩვენი ვალია, დავუპირისპირდეთ ფსევდოლიბერალურ დღის წესრიგს და დავიცვათ საზოგადოება"
„საზოგადოების ინფორმირებულობისთვის უნდა ვთქვათ: - კანონი მარიხუანას მოხმარებაზე არ მკაცრდება! კანონის გამკაცრება ამ ნარკოტიკული საშუალების შეძენას, შენახვას, მის კულტივაციასა და რეალიზაციას ეხება," - განაცხადა უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდულაძემ.
ნაბიჯი წინ თუ ნაბიჯი უკან? - შეცვლილი რიტორიკა
ჯერ კიდევ 8 წლის წინ, 2017-ში პარლამენტი აცხადებდა, რომ გეგმავდა რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე, ამბობდა, რომ ნარკოპოლიტიკა გაცილებით ჰუმანური უნდა გამხდარიყო. იდენტური განცხადება გააკეთა 2017 წელს გიორგი კვირიკაშილმა, რომელიც მაშინ პრემიერი იყო:
„კანონმდებლობა ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისით არის ზედმეტად მკაცრი და საჭიროებს ლიბერალიზაციას. ამიტომ თხოვნით მივმართავ პარლამენტს, დაჩქარდეს ამ საკითხზე მუშაობა," - აცხადებდა ექსპრემიერი.
მალევე, 2017 წლის 16 ივნისს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანაფის მარიხუანისა და კანაფის მცირე ოდენობით შეძენა, შენახვა, მოხმარებისთვის პატიმრობის გაუქმებას. ცვლილებების მიზანი კანონმდებლობის საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებასთან შესაბამისობაში მოყვანა იყო.
თუმცა, 2025 წლის მოქმედმა პარლამენტმა შეზღუდვები ისევ გაამკაცრა.