
რუსეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება უკვე კრიმინალურ სამყაროსაც შეეხო. რუსეთში აზერბაიჯანელი „კანონიერი ქურდების" დაკავება დაიწყეს და ორი საკმაოდ გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტი - ვაგიფ სულეიმანოვი (ბაკინსკი) და ზაურ ზაურ შიპილოვი (ნახიჩევანსკი) უკვე დაკავებულია. ექსპერტები ამასაც მოსკოვსა და ბაქოს ურთიერთობის გამწვავებას უკავშირებენ.
გავლენიანი აზერბაიჯანელი „კანონიერი ქურდი" ვაგიფ სულეიმანოვი (ვაგიფ ბაკინსკი) მოსკოვში 3 ივლისს დააკავეს. „კომერსანტის" ცნობით, დაკავების ოფიციალური მიზეზი რუსეთში ყოფნის წესების დარღვევა გახდა.
მოგვიანებით სულეიმანოვის დაკავების ამსახველი ვიდეოც გამოქვეყნდა. რუსი ძალოვნები მას ეკითხებიან, არის თუ არა ის კრიმინალური ავტორიტეტი, რაზეც მამაკაცი პასუხობს: „მე ასეთ კითხვებს არ ვპასუხობ".
ტელეგრამ არხები „ბაზა" და „შოტი" წერენ, რომ სულეიმანოვი უკვე გადაიყვანეს მოსაკოვის მახლობლად, სახაროვოს მიგრაციის ცენტრის სპეციალურ იზოლატორში, სადაც ის სამი თვეს დაჰყოფს, რის შემდეგაც მოხდება აზერბაიჯანში მისი დეპორტაცია.
„კომერსანტი" დაკავებულს მოსკოვში სხვადასხვა ბიზნეს პროექტებთან კერძოდ, კალუგის გზატკეცილზე მდებარე „ფუდ სიტისთან" კავშირში მოიხსენიებს. გამოცემის ცნობით, მას არაერთი ნასამართლეობა აქვს, ბოლოს კი 2013 წელს, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, მეწარმისგან 18 მილიონი რუბლის გამოძალვის გამო დააკავეს.
4 ოვლისს კი ქალაქ ორენბურგში დააპატიმრეს კიდევ ერთი აზერბაიჯანელი კრიმინალური ავტორიტეტი, ზაურ შიპილოვი (ნახიჩევანსკი). ადგილობრივი გამოცემა „ორენბურგ მედიის" ინფორმაციით, მას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 210.1 მუხლით - მაღალი თანამდებობის დაკავება კრიმინალურ იერარქიაში. ზაურ ნახიჩევანსკის ორინბურგის სასამართლომ უკვე მიუსაჯა წინასწარი პატიმრობა და იგი მინიმუმ 3 სექტემბრამდე იზოლატორში დარჩება.
ნახიჩევანსკი დაიბადა ორენბურგში 1985 წელს. მისი მამა ასევე აზერბაიჯანელი კრიმინალური ავტორიტეტი ბაირამ ტალიბოვია, რომელიც 2006 წელს მოსკოვში მოკლეს კიდევ ერთ „კანონიერ ქურდთან", ჰიქმეთ მუხტაროვთან ერთად.
პორტალი აღნიშნავს, რომ ნახიჩევანსკი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა თურქეთში, სადაც 27 წლის ასაკში „კანონიერ ქურდად აკურთხეს". 2015 წელს მოსკოვში ჰეროინის დიდი პარტიით დააკავეს, რისთვისაც ციხეში სამი წელი მოიხადა და 2018 წელს გათავისუფლდა.
ეს დაპატიმრებები მოსკოვსა და ბაქოს შორის ურთიერთობების გაუარესების ფონზე მოხდა და ანალიტიკოსები ამას სწორედ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიების გამწვავების გაგრძელებად მიიჩნევენ.
როგორც კრიმინალურ თემებზე ორიენტირებული რუსული გამოცემა „პრაიმ კრაიმი" წერს, რუსეთში „უმაღლეს დონეზე" სამი აზერბაიჯანელი კრიმინალური ავტორიტეტი ოპერირებდა და ამჟამად ორი მათგანი დაკავებულია. ვაგიფ სულეიმანოვს კი იგივე გამოცემა ამ მომენტისთვის ყველაზე გავლენიან აზერბაიჯანელ „კანონიერ ქურდად" მოიხსენიებს.
ამ დაკავებების მნიშვნელობაზე საუბრობს რუსი პოლიტოლოგი ალექსეი იაროშენკოც.
„მათი დაპატიმრება მხოლოდ ორი „კანონიერი ქურდის" გაუვნებელყოფა არ არის. ეს არის ეთნოკრიმინალური ქსელის ძირითადი კვანძების დემონტაჟი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უზრუნველყოფდა აზერბაიჯანელი „ქურდების" კლანის სტაბილურ ყოფნას რუსეთის ტერიტორიაზე.
„ვაგიფ ბაკინსკი არის ფიგურა, რომლის „ქურდული წონა" არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ფორმალური კორონაციით. ის იყო დამაკავშირებელი რგოლი აზერბაიჯანულ კრიმინალურ დაჯგუფებებსა და დანარჩენ პოსტსაბჭოთა კრიმინალურ სამყაროს, პირველ რიგში კი სლავურ დაჯგუფებებს შორის. ის აწარმოებდა მოლაპარაკებებს, აქრობდა კონფლიქტებს სამხრეთელებსა და სლავებს შორის, ზედამხედველობდა ე.წ. „ობშაკის დიპლომატიას" სხვადასხვა ეთნიკურ დაჯგუფებებს შორის. შემთხვევითი არ არის, რომ მას ერთ-ერთ მეტსახელად „დიპლომატი" შეარქვეს", - აღნიშნა პოლიტოლოგმა გამოცემა „ცარგრადთან" საუბრისას.
ასევე, მისი თქმით, „ ბაკინსკის და ნახიჩევანსკის დაკავება და დაპატიმრება დიასპორის ელიტისთვის სიგნალია, რომ „ქურდის" სტატუსი აღარ იძლევა იმუნიტეტს, მაშინაც კი, თუ თქვენს უკან პატივცემული ოჯახები, ბიზნეს სტრუქტურები და მაღალი თანამდებობის პირებთან კონტაქტები დგას, როგორც ეს ბაკინსკის შემთხვევაში იყო. ეს დარტყმაა არა მხოლოდ დამნაშავეებისთვის, არამედ მათთვისაც, ვინც მათ უკან იდგა ხელისუფლებაში, მუნიციპალიტეტებსა და ბიზნესში", - აღნიშნავს პოლიტოლოგი.
ალექსეი იაროშენკოს შეფასებით, არანაკლებ გავლენიანი ფიგურაა ზაურ ნახიჩევანსკი:
„ის არ არის საჯარო ფიგურა, მაგრამ ძალიან მნიშნელოვანი შიდა ოპერატორია. ის ტერიტორიული ადმინისტრირების საკითხებს აგვარებდა და რუსეთის სამხრეთ რეგიონებს კურირებდა - სტავროპოლის მხარეს, დაღესტანს, ასტრახანისა და ვოლგოგრადის ოლქებს. მისი მთავარი სპეციალიზაციაა მიგრაციული არხების კოორდინირება, ლოგისტიკისა და ბაზრების (ხილიდან დაწყებული, იარაღით დამთავრებული) ზედამხედველობა, თამბაქოს კონტრაბანდა და იაფი მუშახელის კონტროლი. ის აზერბაიჯანულ კრიმინალურ დაჯგუფებებსა და ადგილობრივ ძალოვნებს შორის დამაკავშირებელი რგოლი იყო", - ამბობს იაროშენკო.