
ჩეჩნეთის ლიდერსა და მის ოჯახს შეერთებულ შტატებში შესვლა აეკრძალათ, სახელმწიფო დეპარტამენტმა მათ ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებში კადიროვის მონაწილეობის გამო სანქციები დაუწესა, ამ ფაქტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აშშ-ს პასუხს „სარკისებურად" გასცემს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ფეისბუქზე წერს, რომ ოფიციალური მოსკოვი გამონახავს რაიმე გზას, რომ შეერთებულ შტატებს პასუხი გასცეს.
„სარკისებური პასუხის გაცემა რთული იქნება, მაგრამ რამეს მოვიფიქრებთ", - წერს მარია ზახაროვა.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ ზახაროვა „სარკისებურ" პასუხისგაცემაში გულისხმობს იმას, რომ რუსეთსაც საკუთარი ანალოგიური ე.წ. შავი სია აქვს და მისი თქმით, გამონახავს რომელიმე ამერიკელ პოლიტიკოსს, რომელსაც მსგავსი ტიპის სანქციებს დაუწესებს.
„ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა რამზან კადიროვი შავ სიაში შეიყვანა, ანუ მასზე და მის ოჯახის წევრებზე ეკონომიკური სანქციებია დაწესებული, ანუ მათ შეერთებულ შტატებში შესვლა ეკრძალებათ და ალბათ როგორც ჩანს ამერიკა ასევე ევროპელ კოლეგებსაც მოუწოდებს, რომ კადიროვს და მის ოჯახის წევრებს ანალოგიური სანქციები დაუწესონ.
„ალბათ რუსეთი იმით უპასუხებს, რომ რომელიმე ამერიკელი პოლიტიკოსს, ან ვინმე ისეთ პიროვნებას ანალოგიურ სანქციებს დაუწესებს, რუსეთსაც თავისი შავი სია გააჩნია და როგორც ჩანს სავარაუდოდ ალბათ სარკისებური ქმედება იქნება.
„კონკრეტულად რომელ პოლიტიკოსს დაუწესებენ ეს არვიცი, მაგრამ ვიღაცას გამონახავენ გუბერნატორს ან სენატორს, რომელიც რეგიონალურ პოლიტიკის დონეზეა, ან შესაძლოა სენატორების გარკვეულ ჯგუფს დაუწესონ.
„საუბარია იმაზე, რომ ფაქტიურად რამზან კადიროვი შენიშნულია სახელმწიფო ტერორიზმის სპონსორობაში, იქ პირდაპირაა დაფიქსირებული, რომ ადამიანების მოტაცება, მკვლელობები მათ შორის ევროპის ქვეყნებშიც, კადიროვის პიროვნებასთანაა დაკავშირებული.
„ანუ საუბარია, რომ კადიროვის მიერ ორგანიზებული სიკვდილის ესკადრონების ჯგუფები ევროპის ტერიტორიაზე მოქმედებენ და მისთვის არასასურველ პიროვნებების წინააღმდეგ პოლიტიკურ ტერორს ახორციელებენ. რამდენადაც ვიცი, ძირითადად ასეთი სანქციები რუსეთისა და ბელორუსის პოლიტიკოსებს ეხებათ, თუმცა ამერიკის დეპარტამენტი ინდივიდუალური ქეისების საფუძველზე სანქციების დაწესებას თვითონ წყვეტს," - განაცხადა მაისაიამ.
„დეპარტამენტი ფლობს ვრცელ სანდო ინფორმაციას, რომ კადიროვი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების მრავალჯერ დარღვევაზე, რომელიც ათწლეულზე მეტი ხნით თარიღდება, მათ შორის არის წამებისა და სასამართლოს მიღმა მკვლელობის ფაქტები. ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ ბატონი კადიროვი ჩეჩენი ხალხის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების შემდგომი დარღვევისთვის კორონავირუსის პანდემიას საბაბად იყენებს", - ნათქვამია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, კადიროვის წინააღმდეგ სანქციები მის მიერ ადამიანების უფლებების დარღვევის გამო დააწესეს.
სანქცია რამზან კადიროვის მეუღლეს მედნი კადიროვას და შვილებს - აიშათ კადიროვას და კარინა კადიროვასსაც შეეხოთ.
ჩეჩნეთის ლიდერი სანქციებს გამოეხმაურა და მაიკ პომპეო ჩეჩნეთში დაპატიჟა.
„როგორც მოგეხსენებათ, მე კიდევ ერთ სასანქციო სიაში შემიყვანეს. როგორც ჩანს, აშშ-ს უამრავი ასეთი სია აქვს. ისე შემეშინდა, რომ ჩემს სოფელში ბენოიში ჩამოვედი. პომპეო, ჩამოდი, აქ ძალიან ლამაზია, მოდი ვისაუბროთ თუ ვინ რა უფლებებს არღვევს," -განაცხადა კადიროვმა ვიდეომიმართვაში, რომელიც ტელეკომპანია „გროზნის" საშუალებით გავრცელდა.