
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები იმედს გამოთქვამენ, რომ ბელორუსში დაპატიმრებული რუსეთის მოქალაქე დაქირავებულ მებრძოლებს „ვაგნერის" დაჯგუფებიდან სწრაფად გაათავისუფლებენ-ამის შესახებ პრეზიდენტ პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს.
მისი თქმით, პრეზიდენტ პუტინსა და უშიშროების საბჭოს წევრებს შორის ინციდენტთან დაკავშირებით ვიდეოკონფერენცია გაიმართა
„ბელორუსში რუსეთის მოქალაქეების დაკავებაზე დეტალური საუბარი გვქონდა, ვიმედოვნებთ და დარწმუნებულიც ვართ, რომ უახლოეს დროში მიზეზს განგვიმარტავენ, თუ რატომ მოხდა მათი დაკავება და გაირკვევა კონკრეტული დეტალები, რომლის შემდეგ მათ აუცილებლად გაათავისუფლებენ," - აღნიშნა პესკოვმა და დასძინა, რომ ეს ინციდენტი რუსეთ-ბელორუსის ურთიერთობის სულისკვეთებასთან შეუთავსებელია.
პესკოვმა მანამდე თქვა, რომ დაკავებულებმა უკანონო არაფერი არ ჩაიდინეს და ბელორუსში ყოფნა მათ ვალდებულებას უკავშირდებოდა, რომელიც ბელორუსიის სახელმწიფოსთან არანაირ კავშირში არ იყო.
შეგახსენებთ, რომ ბელორუსის დედაქალაქ მინსკში რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" 33 დაქირავებული მებრძოლი დააკავეს - ინფორმაცია ამის შესახებ ადგილობრივმა სახელმწიფო სააგენტომ „ბელტა" სამართალდამცველებზე დაყრდნობით გაავრცელა.
33-ვე რუსეთის მოქალაქეა და სააგენტოსვე ცნობით, დაკავებულები ბელარუსში არჩევნების წინ დესტაბილიზაციის მიზნით ჩავიდნენ, ეჭვობენ, რომ შესაძლოა ათეულობით დაქირავებული მებრძოლი ჯერ კიდევ არაა გამოვლენილი.
აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ორ კვირაში ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნებია, კრიტიკოსები ვარაუდობენ, რომ პრეზიდენტმა ლუკაშენკომ არჩევნებზე მკაცრი კონტროლის მექანიზმის ხელში ჩაგდება სწორედ ამ ფორმით გადაწყვიტა.
თავად ლუკაშენკომ კი მომხდარის გამო უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია, რა დროსაც რუსეთისგან მომხდარზე განმარტება მოითხოვა.
„რუსეთში უკვე თავის მართლება დაიწყეს, თითქოს ჩვენ შემოვიყვანეთ ეს მებრძოლები. ცხადია, რომ რაღაცნაირად უნდა გაამართლონ ბინძური განზრახვები. ამიტომაც, ვითხოვ, რომ ამ სიტუაციაში ყველაფერი ცხადი იყოს. თუ ეს რუსეთის მოქალაქეებნი არიან და როგორც ვიცი, ისინი უკვე დაკითხეს, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ რუსეთის შესაბამის სტრუქტურებს, რათა განმარტონ, თუ რა ხდება," - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.