თამთა ჩაჩანიძე
29.01.2021

ამერიკის რესპუბლიკური პარტიის ამომრჩეველთა უმრავლესობა 2024 წლის არჩევნებშიც დონალდ ტრამპის კანდიდატურას მხარს უჭერს. რა შანსები აქვს ექს-პრეზიდენტს ოთხი წლის შემდეგ და რა მონაცემები აქვს იმისთვის, რომ ამერიკული პოლიტიკური რეალობა შეცვალოს და მესამე ძალა ჩამოაყალიბოს?

გამოცემა „პოლიტიკოს" მიერ ჩატარებული გამოკითხვებით, რესპუბლიკური პარტიის ამომრჩეველთა 56% მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი ისევ უნდა იყაროს, 36% კი გადაჭრით ამბობს, რომ მან ეს ნაბიჯი არ უნდა გადადგას. გამოკითხულთა 50% ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის პრეზიდენტი აღარაა, პარტიაში ლიდერად უნდა დარჩეს და წამყვანი როლი ითამაშოს.

როგორც უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, მიუხედავად ტრამპის გარკვეული ქმედებებისა, მას რეიტინგი როგორც პარტიაში, ისე ზოგადად ქვეყანაში მაინც აქვს.

„მიუხედავად ტრამპის ოდიოზური ფიგურისა და ეპატაჟური ქმედებებისა, იგი არა მხოლოდ რესბუბლუკირ პარტიაში, არამედ მთლიანად ამერიკაში ყველაზე ქარიზმატულ ლიდერად რჩება, მას პირადად მხარი დაუჭირა 70-75 მილიონმა ამომრჩეველმა, ასეთი რეკორდი თვით ყველაზე ლეგენდარულ როლანდ რეიგანს და ჯონ კენედისაც არ ჰქონიათ.

რესპუბლიკურ პარტიას ახლა ლიდერშიპის დეფიციტი აქვს, ეს კარგად ჩანდა წინა არჩევნების დროს, რომ არა ტრამპი ფაქტიურად ეს პარტია დამარცხდებოდა. მათ ტრამპი ლეგიონერის ვარიანტში შემოიყვანეს და არც შეცდნენ. დაამარცხა ჰილარი კლინტონი და ჯო ბაიდენის პოცენტულ მაჩვენებელთანაც ძალიან ახლოს იყო, რომ მოეგო," - თქვა მან.

გამოცემის რესპონდენტთა 30% აცხადებს, რომ თუ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი საკუთარ პარტიას შექმნის, ისინი დონალდ ტრამპის ახალ პარტიას შეუერთდებიან.

მაისაია მიიჩნევს, რომ შესაძლოა ტრამპმა მესამე პოლიტიკური ძალა შექმნას, რამაც შესაძლოა ქვეყნის პოლიტიკური რეალობა შეცვალოს.

„აქ მესამე მომენტიცაა, შესაძლოა ტრამპმა მესამე პოლიტიკური ცენტრი გახსნას, ამერიკული პოლიტიკური სისტემა გახლიჩოს და ტრიპოლარული სისტემა შემოიტანოს. ამაზე „უოლ სტრიტ ჯორნალიც" წერდა. ამერიკულ პოლიტოლოგ მეგობრებთანაც მქონდა ამაზე მიმოწერა და მათაც მითხრეს, რომ ტრამპი აპირებს, მესამე პოლიტიკური ულტრანაციონალისტური პოლიტიკური პარტია შექმნას სახელწოდებით „პატრიოტი".

„ტრამს საკმაოდ კარგი პოზიციები აქვს, რომ მესამე პოლიტიკური პარტია შექმნას, მას ჯერ ერთი ამისთვის საჭირო ფინანსები გააჩნია, ასევე ელექტორატის პირადი მხარდაჭერა და პრეზიდენტის მმართველობის გამოცდილება. გარდა ამისა, გამორჩეული გუნდი ჰყავს, რომელსაც შეუძლია, რომ პოლიტიკური გამწევი ძალა ითავოს. ასევე მესამე ძალისთვის მას კარგი ლობისტური უნარიც აქვს.

„ტრამს შეუძლია კლასიკური ევროპული ყაიდის პოლიტიკური პარტია ჩამოაყალიბოს, თან ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სენატში მისი იმპიჩმენტი ჩავარდა, კიდევ უფრო მეტს გეტყვით, შესაძლოა ბაიდენის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყოს. რესპუბლიკელები ამას უკვე აგორებენ, სხვათა შორის შეიძლება ამ პროცესს უკრაინაში ბაიდენის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრამ ხელი შეუწყოს, რომელიც უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ პოროშენკოსა და ბაიდენის წინააღმდეგ აღძრა.

„ეჭვი მეპარება, რომ ბაიდენმა იმდენად გაამყაროს პოზიციები, ან რეიტინგი შერჩეს, რომ მეორე ვადით მოვიდეს, ამომრჩეველმა ხმა ბაიდენს კი არა, ანტიტრამპს მისცა, ელექტორატი, რომელიც პასიური იყო, გამოცოცხლდა და ხმა ტრამპს არ მისცეს, ბაიდენის მაგივრად სხვა რომ ყოფილიყო, ხმას მას მისცემდნენ."- განაცხადა მაისაია.

„პოლიტიკოს" გამოკითხვა 23-25 იანვარს ჩატარდა და მასში მონაწილეობა „რესპუბლიკური" პარტიის 2 ათასამდე დარეგისტრირებულმა ამომრჩეველმა მიიღო. ცდომილება კი 2%-ია,

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×