ქრისტინე კაპანაძე
01.02.2021

რუსეთში ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი საპროტესტო ტალღა კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება, მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილება სულ უფრო მეტად იზრდება. ევროკავშირი კი მწუხარებას გამოთქვამს პროტესტანტთა მასობრივი დაკავებების გამო.

იქნება თუ არა საკმარისი აქციაში მონაწილე მოქალაქეების უკმაყოფილების დონე რუსეთში ფუნდამენტური ცვლილებების განსახორციელებისთვის საკმარისი, აღნიშნულ საკითხზე „რეზონანსს" პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი საგარეო საქმეთა საკითხებში და ჯიპას ასოცირებული პროფესორი, თენგიზ ფხალაძე ესაუბრა.

მისი აზრით რუსეთში რაიმე სახის დემოკრატიული ცვლილებების განხორციელება ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან მოსახლეობის უმრავლესობა მხარს პრეზიდენტ პუტინის მმართველობას უჭერს.

„რუსეთის მოსახლეობის ნაწილს აქვს უკმაყოფილების გრძნობა არსებული რეჟიმის მიმართ, თუმცა, ეს ნაწილი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ფუნდამენტური ცვლილებები დაიწყოს, რადგან, მეორე მხარეს არის რუსეთის მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილი, რომელიც მხარს პუტინს უჭერს.

„აქედან გამომდინარე, ძალიან მეეჭვება, რუსეთში რაიმე სახის დემოკრატიული ცვლილებები განხორციელდეს, მინიმუმ, ამაზე საუბარი ძალიან ნაადრევი და არარეალისტურია. საბედნიეროდ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მეტნაკლებად საღად აზროვნებენ და თავისთავად ცხადია, აპროტესტებენ იმ ავტორიტარულ რეჟიმსა და კორუფციას, რომელიც არის რუსეთში.

„რასაკვირველია პროტესტის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის ნავალნის საკითხი. მას შემდეგ რაც ნავალნიზე განხორციელდა წარუმატებელი თავდასხმა, ის გადაიქცა პუტინის პირად მტრად და პუტინი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სამაგალითოდ დაისაჯოს ნავალნი და მისი მომხრეებიც.

„აქციების დარბევის საკითხი უკვე გადასულია პირად ანგარიშწორებაში, რომელსაც პუტინი ახორციელებს. ამ კონტექსტში კი სისასტიკეს უნდა ველოდოოთ მხოლოდ და სადამსჯელო ღონისძიებებს ოპონენტებთან მიმართებაში, რადგან სხვას არ ჰქონდეს პროტესტის სურვილი.

„რუსეთის საზოგადოების უდიდესი ნაწილი ისე არ ფიქრობს როგორც ნავალნის აქციაზე მომიტინგეები ფიქრობენ. ამიტომ ცვლილებებზე საუბარი ძალიან რთულია. მართალია საზოგადოების ნაწილში ეს პროტესტის გრძნობა დარჩება, მაგრამ ეს არაფერს ცვლის.

"მეტიც მე ველოდები, რომ კანონმდებლობაში შევა დამატებითი ცვლილებები, რომელიც კიდევ უფრო შეზღუდავს თავისუფალი აზრისა და სიტყვის გამოხატვის საშუალებას, შეზღუდვას მედიის როლსაც ამ საკითხში,"- ამბობს თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

ფხალაძის აზრით რუსეთში მიმდინარე საპროტესტო აქციასა და ბელორუსის აქციებს შორის, დიდი განსხვავებაა, რადგან ბელორუსში კრიტიკულად განწყობილი მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილი იყო აქციაზე, ვიდრე ახლა რუსეთშია.

„ბელორუსსა და რუსეთში მიმდინარე მოვლენებს შორის შინაარსობრივად მსგავსება შეგვიძლია ვიპოვნოთ, თუმცა, თუ შევადარებთ რა რაოდენობის ხალხი იყო ბელორუსის აქციებზე და რა ნაწილია აქ, ძალიან დიდი განსხვავებას აღმოვაჩენთ. კრიტიკულად განწყობილი რაოდენობა ბელორუსში გაცილებით მეტი იყო, ვიდრე რუსეთშია ახლა,"- ამბობს ფხალაძე.

რუსეთში მიმდინარე ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ საპროტესტოს აქციებს კი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელი ეხმაურება, ის მწუხარებას გამოთქვამს მასობრივი დაკავებების გამო.

„ვწუხვარ, რუსეთში მასობრივი დაკავებებისა და არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ. ადამიანებს უნდა შეეძლოთ თავისუფალი აზრის გამოხატვა და არ უნდა ეშინოდეთ რეპრესიების, რუსეთმა უნდა შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები,"- ამბობს ბორელი.

უახლესი ინფრომაციით რუსეთში მიმდინარე აქციაზე 5 135 ადამიანია დაკავებული, ამის შესახებ ინფორმაციას პროტესტის მონიტორიგნის ჯგუფი OVD-Info ავრცელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×