ქრისტინე კაპანაძე
03.02.2021

რუსეთის ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის დაპატიმრების შემდეგ დასავლეთის ლიდერები აქტიურად აკეთებენ განცხადებებს მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების თაობაზე.

ნავალნის დაპატიმრება ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ის მიერ შეფასებულია, როგორც კანონის უზენაესობის დარღვევა და სიასტიკე. რა ბედი ელის ვლადიმირ პუტინის მთავარ ოპონენტს და როგორ განვითარდება რუსეთში მიმდინარე პროცესები ახლა, როდესაც ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი ოპოზიციონერი ციხეშია.

„აღიშნულ საკითხზე „რეზონანსს" კონფლიქტების ექსპერტი და შერიგების ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრა. მისი თქმით, ნავალნის დაპატიმრება მოსალოდნელი იყო და ახლა მნიშვნელოვანია ის თუ, როგორ გაგრძელდება პროტესტის ტალღა რუსეთში.

„რუსეთმა უკვე ისე აიწყვიტა და ისე აიყვანა აეროპორტშივე ნავალნი, რომ ჩანდა არ აპატიებდნენ იმ შეურაცხყოფას, რაც პუტინის მისამართით იყო გაგზავნილი, როდესაც ნავალნიმ გამოუქვეყნა მისი მდიდრული სახლი, რამაც გამოიწვია საზოგადოების მღელვარება.

„საზოგადოების დიდი ნაწილი რუსეთში მიმდინარე აქციებზე გამოსულია არა მხოლოდ იმიტომ, რომ პუტინს ნავალნის მოწამვლა სურდა, არამედ იმიტომაც, რომ ხალხი გაჭირვებულია, გაუბედურებულია და ამ დროს პუტინს აქვს მდიდრული სახლი. რუსეთში ზოგადად სიღარიბე ძალიან დიდი პრობლემაა და როდესაც ქვეყნის პირველი პირი ამ სიღარიბეს თავისი მდიდრული სასახლით პასუხობს, რასაკვირველია ეს გაღიზიანებას იწვევს.

„მე ვფიქრობ, რომ ნავალნიმ პუტინს ყველაფრით მოუგო და ამაზე გამწარებულმა პუტინმა გამოიყენა მაქსიმალური რესურსები, რომ ის ციხეში ჩაესვა. ეს მოსალოდნელი იყო. ელემენტარულად, ნავალნის გარეთ გამოშვება ნიშნავდა აღიარებას, რომ ის მართალი იყო ამიტომ პუტინს უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდა.

„მე ეჭვი მაქვს, რომ ნავალნი ციხიდანაც იაქტიურებს, ის შეიძლება არ ალაპარაკონ, მაგრამ მისი მომხრეების რაოდენობა გაიზრდება. დიქტატორების დიდი პრობლემა სწორედ ისაა, რომ მათი ნებისმიეირ ნაბიჯი მათსავე წინააღმდეგ მუშაობს. გამოუშვებს ერთი უბედურებაა - არ გამოუშვებს მეორე უბედურება. თუ კი რუსეთში ტემპი არ დაცხრება, პროტესტი აღმავლობით გაგრძელდება, შეიძლება ერთ-ორ წელიწადში რადიკალური ცვლილებებიც მოხდეს.

„პროცესი მიდის პუტინის საწინაღმდეგოდ. თუ პუტინმა ამ პროცესის ჩახშობის გზა ვერ მოიფიქრა, რომელიც საბოლოოდ გაწყვეტს ამ პროტესტს, მაშინ არ გამოვრიცხავ რეფორმებისა და რევოლუციის ალბათობას. აქ არის ერთი დეტალი, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ არის ჩართული ამ პროცესებში. ჩვენ რასაც ვხედავთ, უკეთეს შემთხვევაში ეს არის მოსახლეობის 20%, რაც არ არის საკმარისი ფუნდამენტური ცვლილებებისათვის.

„თუმცა, არ შეიძლება არ აღინიშნოს რომ პროცესი აღმავალია. მთავარი გამოწვევა დღეს რუსეთის ხელისუფლებისათვის არის, ის რომ ეს აღმავლობა გააჩეროს. რუსეთის მოსახლეობაში ნამდვილად აღარ არის პუტინის მიმართ რომანტიკული ან რაიმე სახის დიდი მოლოდინები.

"რუსეთი აფუჭებს ურთიერთობებს დასავლეთთანაც. მას შემდეგ რაც ჯო ბაიდენი მოვიდა აშშ-ს ხელისუფლებაში, ტრამპივით აღარ უსვამს თავზე ხელს პუტინს, ეს კიდევ მეტად გაართულებას სიტუაცის, არა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობაში, არამედ დასავლეთთან ურთიერთობის მხრივაც.

„არა მგონია დასავლეთმა მოწოდებებისა და სანქციების გარდა უფრო მეტი რამ შეძლოს ნავალნის გათავისუფლებისათვის. რომც ეცადოს რაიმეს, პუტინი პრინციპულად არ გაათავისუფლებს მას.

"მან კარგად იცოდა და იცის დასავლეთის რეაქცია ამ ყველაფერზე. პუტინი არ დაუშვებს, რომ ალექსეი ნავალნი ციხიდან გამოვიდეს, რეალურად მას სხვა გზა აღარ აქვს, აღარ იცის საით გათვალოს ან რა გათვალოს.

"მისი აზრით, თუ ნავალნის გამოუშვებს, ეს უარესი იქნება, თუმცა, ვერ ითვალისწინებს იმას, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი შეიძლება უარესად გაბრაზდეს ამაზე და მერე არ ვიცით რა იქნება. რეალურად კი პუტინს იმედი აქვს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ გაბრაზდება მის ამ ქმედებებზე და პროტესტის ტალღის მართვას შეძლებს.

„ნავალნი უკვე მოკლეს ერთხელ და გადარჩა. ის ისე იყო მოწამლული, თვითმფრინავშივე უნდა მომკვდარიყო, მაგრამ არ გაუმართლა პუტინს და გაუმართლა ნავალნის. ამიტომ მისი მკვლელობის ვარიანტი კიდევ არსებობს, მითუმეტეს ახლა, როცა ნავალნი ციხეშია.

„მე კარგად ვიცი რა ხდება ციხეებში, სულ არ არის გამორიცხული რომ დაგეგმონ ძალიან ამაზრზენი მკვლელობა. ციხეში ყველაფერი შეიძლება გააკეთოს ადამიანმა შემდეგ ეს შემთხვევითობას მიეწეროს. ამ ვერსიას არ გამოვრიცხავ.

„თუ პუტინი ამას დაგეგმავს, ამან შეიძლება გამოიწვიოს ახალი ნავალნების წამოსვლა, ის თუ მოჭრის ერთ თავს, ამოვა 10 თავი - ესეც გასათვალისიწნებელია. ამ მიზეზით შეიძლება არ მოკლან ნავალნი და ის სასტიკად დაამცირონ. ახლა ყველაზე მეტად პუტინს აწყობს, რომ ნავალნიმ საბოდიშო განცხადებები გააკეთოს, რაზეც ვფიქრობ, ნავალნი არ წავა,"- ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.

ალექსეი ნავალნის გათავისუფლების შესახებ კი განცხადებებს ავრცელებენ ევროკავშირიდან, აშშ-იდან. განცხადებები კეთდება გერმანიიდან, საფრანგეთიდან და გაერთიანებული სამეფოდანაც.

„ალექსეი ნავალნის განაჩენი ეწინააღმდეგება რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით. ის ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს განაჩენს. მე მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოვუწოდებ რუსეთს,"- წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი „ტვიტერში"

„ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი შორს არის კანონის უზენაესობის სტანდარტებისგან. ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ. მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობა უნდა შეწყდეს,"- წერს ანგელა მერკელის პრესსპიკერი „ტვიტერში"

აღნიშნულს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც ეხმაურება.

„აშშ შეშფოთებულია რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით და დაუყოვნებლივ, მის უპირობო გათავისუფლებას ითხოვს,"- ამბობს ბლინკენი.

რუსული მედიის ინფორმაციით სასამართლო გადაწყვეტილების მოსმენისას ნავალნის მეუღლე ატირდა, თავად ნავალნი კი განაჩენს მშვიდად შეხვდა. ის სიტყვითაც გამოვიდა და პუტინი გააკრიტიკა.

„ვიღაცას ძალიან სურდა, რომ მე ერთი ნაბიჯი არ გადამედგა ჩემი ქვეყნის ტერიტორიაზე და არ დავბრუნებულიყავი, როგორც თავისუფალი ადამიანი. ზღვარის გადმოკვეთის შემდეგ პატიმარი აღმოვჩნდი. ჩვენ ვიცით რატომ მოხდა ეს. ამ ყველაფრის მიზეზი ბუნკერში მყოფი ერთი ადამიანის სიძულვილი და შიშია. მე მას სასიკვდილო შეურაცხყოფა მივაყენე იმით, რომ გადავრჩი, მას შემდეგ რაც ჩემი მოკვლა სცადეს. ჩვენ ვაჩვენეთ და დავამტკიცეთ, რომ პუტინი იყო ის ვინც განახორციელა ეს მკვლელობის მცდელობა და მე არ ვიყავი ერთადერთი,"- განაცხადა ნავალნიმ.

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის „ივ როშეს" საქმესთან დაკავშირებით პირობით სასჯელი რეალური პატიმრობით შეუცვალა და 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ადვოკატების განცხადებით, იმის გამო, რომ მან შინაპატიმრობაში გარკვეული დრო გაატარა მას ციხეში 2 წლისა და 8 თვის გატარება მოუწევს, მათივე თქმით ისინი განაჩენის გაპროტესტებას აპირებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×