“ევროპა თავის თავსაც ვერ, იცავს, არა თუ ჩვენ, ან რომელიმე სხვა ქვეყანას, რომელსაც დაცვა სჭირდება”
ქრისტინე კაპანაძე
06.02.2021

მას შემდეგ, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 ევროპული ქვეყნის, გერმანიის, პოლონეთისა და შვედეთის ელჩები ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის ვიზიტის პარალელურად ქვეყნიდან გააძევა, დასავლეთი მწვავე განცხადებების კეთებას არ წვეტს. აღნიშნულ ფაქტი თავად ბორელმაც დაგმო და რუსეთს თავისი გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდა.

რა მოტივი ამოძრავებს რუსეთს და მოსალოდნელია თუ არა, რომ ევროპელი ელჩების ქვეყნიდან გაძევება დიპლომატიური ომის დასაწყისი გახდეს. აღნიშნულ საკითხზე „რეზონანსს" კონფლიქტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრა. მისი თქმით, რუსეთი თავხედურად მოიქცა და ამ ნაბიჯით დასავლურ მხარეს დასცინა.

„რუსეთი დიდი ხანია დიპლომატიურ ომშია, რუსეთი მოქმედებს აბსოლიტურად თავხედურად და უტიფრად. ჩვენ გვიკვირს რატომ არაფერს არ აკეთებს ევროპა. საქმე იმაშია, რომ ვერ აკეთებს. რაც ახლა რუსეთმა გააკეთა, ეს არის სრულიად თავხედური და გამაოგნებელი ნაბიჯი.

„ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეფ ბორელის მოსკოვში ჩასვლის დღესვე გააძევეს ქვეყიდან ევროპის ელჩები. ხომ შეიძლება ეს ყველაფერი შემდეგ დღეს გაეკეთებინათ, მაგრამ თავხედურად მოიქცნენ და ამით ფაქტობრივად უთხრეს ევროპას, ბორელსაც, რომ რომ ისინი რუსეთის წინაშე უძლურები არიან.

„ეს არის საშინელი მაგალითი იმისა, თუ რა არის რუსეთი სინამდვილეში და რა რესურსები გააჩნია ევროპას. ევროპა თავის თავსაც ვერ, იცავს, არა თუ ჩვენ, ან რომელიმე სხვა ქვეყანას, რომელსაც დაცვა სჭირდება. რუსული ძალა არის ძალიან ბრუტალური, ის სტიქიასავით არის მას არ აინტერესებს რას ფიქრობენ სხვები, ამ შემთხვევაში კი დასავლეთი.

„ხომ ხედავთ ხმა ვერ ამოიღო ბორელმა, ისიც კი ვერ მოითხოვა, რომ ნავალნის პირადად შეხვედროდა მიუხედავად იმისა, რომ სანამ ჩავიდოდა, მასთან შეხვედრაზე საუბარი იყო. ის ნავალნის ცოლსაც ვერ შეხვდა, მარტო ადვოკატს შეხვდნენ.

„ვითარება იმდენად დაძაბულია, რომ ნებისმიერი გამაღიზიანებელი ნაბიჯი უფრო მეტად გაართულებს ყველაფერს. ეს ჩვენ, ქართველებმაც კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი ესა თუ ის ამოცანები, ამბიციები და აგრესიული ტონები რუსეთის მიმართ რა შედეგს მოგვიტანს. ამით მივაღწევთ შედეგს, თუ, პირიქით, დავზიანდებით.

„ამ ნაბიჯით რუსეთმა დასავლური მხარე მასხრად აიგდო, ევროპელები კი ძალიან ფრთხილობენ რუსეთთან ურთიერთობის მხრივ.

"მე მესმის მათი მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მათი სიფრთხილე უხერხულ მდგომარეობაშიც აგდებთ ხოლმე. ისეთ თავხედულ ქცევაზე, როგორიც ახლა მოხდა გერმანიის პოლონეთისა და შვედეთის ელჩების გაძევების საკითხზე, ეროპას შეშფოთების გარდა არავითარი ნაბიჯი არ გადაუდგამს. ეს შემთხვევა იყო დაცინვა, თავხედობა, რომელსაც ჯერჯერობით მკაცრი რეაგირება არ მოჰყოლია. ეს იყო განსაზღვრული ნაბიჯი ძალის დემონტრირებისა.

„ამ შემთხვევაში ეს დიპლომატიური ომიც კი არ არის, ეს არის შემთხვევა, როცა რუსეთი აკეთებს იმას, რაც თავად სურს. ამით რუსეთი გვეუბნება, რომ მას არ აინტერესებს ჩვენი შეფასებები, სასამართლოში გამარჯვებები და ის ამ რეაქციებს მასხრად იგდებს.

"ვიდრე რუსეთში არ დაიწყება ხელისუფლების ცვლილება, იქამდე არაფერი შეიცვლება. მესამე მსოფლიო ომს ხომ არ დაუწყებენ რუსეთს? ერთადერთი გამოსავალი, რეჟიმის შეცვლაა."- ამბობს პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 ევროპული ქვეყნის გერმანიის პოლონეთისა და შვედეთის ელჩები საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეფ ბორელის ვიზიტის პარალელურად ქვეყნიდან გააძევა.

რუსეთის უწყების ინფორმაციით ელჩების გაძევების მიზეზი დიპლომატების, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ აქციაში მონაწილეობა გახდა.

თავად ბორელი რუსეთის ამ გადაწყვეტილებას გმობს და მოსკოვს მოუწოდებს გადახედოს დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილებას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი რუსეთის ამ გადაყწვეტილებას გამოეხმაურა და შეაფასა, როგორც თვითნებური და გაუმართლებელი ქმედება.

„ეს გაუმართლებელი ქმედებაა რუსეთის მიერ და საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობას წარმოადგენს. სოლიდარობას ვუცხადებთ გერმანიას, პოლონეთსა და შვედეთს,"- განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაიკო მაასი რუსეთის საპასუხოდ აცხადებს, რომ თავის გადაწყევტილებას თუ არ შეცვლის სამი ევროპელი ელჩის გაძევების შესახებ მათ პასუხი მოეთხოვებათ.

„თუ კი რუსეთი არ გადახედავს ამ ნაბიჯს, ის უპასუხოდ არ დარჩება,"- ამბობს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×