
რუსულმა ვაქცინამ ევროკავშირის წევრ უნგრეთში შეაღწია. მიუხედავად იმისა, რომ „Sputnik V" მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციას დამტკიცებული არ აქვს, უნგრეთის ადგილობრივმა რეგულატორმა ის მაინც აღიარა და ქვეყანა პირველ 40 000 დოზას სამშაბათს მიიღებს.
შეიძლება თუ არა, რომ რუსული ვაქცინის გამოყენება სხვა ევროპის ქვეყნებმაც დაიწყონ? აღნიშნულ საკითხზე „რეზონანსი" ყოფილი ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტის თავმჯდომარეს, აკაკი ზოიძეს ესაუბრა. მისი თქმით მსოფლიოში ვაქცინების დეფიციტია, თუმცა, უნგრეთი მთელი ევროპა არ არის, ამიტომ ნაკლებად მოსალოდნელია სხვა ქვეყნებმაც მიიღონ რუსული ვაქცინა.
„ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ მსოფლიოში ვაქცინების დეფიციტია და ყველა ქვეყანა ცდილობს მაქსიმალურად ადრეულ ეტაპზე დაიწყოს მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესი, ისეთი ვაქცინით, რომელსაც ეფექტურობის მხრივ გარკვეული მტკიცებულებები გააჩნია და უსაფრთხოა. რა ინფორმაციაც არსებობს რუსული ვაქცინის ეფექტიანობაზე, ეს როგორც ჩანს უნგრეთისთვის საკმარისი აღმოჩნდა.
„უნგრეთმა ეს გადწყვეტილება მიიღო, რადგან როგორც ჩანს ენდობა რუსულ ვაქცინას, თუმცა, ვფიქრობ გადაწყვეტილება ახლა გამჟღავნდა, ისე კი, უფრო ადრე იყო მიღებული. ზოგადად უნგრეთის პოლიტიკური სიამტკბილობა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რუსეთთან და პუტინთან ცნობილი ფაქტია, შესაბამისად, გასაკვირი არ არის რაც მოხდა. თუმცა, არა მგონია ამ ფაქტზე დაყრდნობით რუსული „სპუტნიკის" ვაქცინა იქცეს ევროპაში აღიარებულ და მიღებულ ვაქცინად.
„პირველ რიგში გასათვალისწინებელია, რომ ვაქცინას გარანტორად უნდა ჰყავდეს მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაცია. სანამ რუსული ვაქცინა მის მიერ არ იქნება დამტკიცებული, მისი მიღება მასობრივად ევროპის ქვეყნებში ვერ და არ დაიწყება.
"თუ კი იქნება მსფოლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული, თუნდაც ვაქცინის გადაუდებელ მოხმარებაზე, მაშინ ჩვენ ამ პროცესს ხელს ვერ შევუშლით, მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ ამ შემთხვევაში უნგრეთი არ არის მთელი ევროპა,"- ამბობს ზოიძე „რეზონანსთან"
კითხვაზე შეიძლება თუ არა, რომ რუსეთმა სცადოს ვაქცინის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება, ზოიძე გვპასუხობს, რომ საქართველოსთან მიმართებაში დიდი შანსია, რომ სცადოს და ეს დამოკიდებულია იმაზე, განვიხილავთ თუ არა ჩვენს ქვეყანაში რუსული ვაქცინის შემოტანას.
„მე არ ვიცი შეგვიძლია აღვიქვათ თუ არა ვაქცინა, როგორც პოლიტიკური იარაღი, რადგან არ ვიცი როგორ გამოიყენებს ამას რუსეთი, თუმცა, ერთი ის ვიცი, რომ საქართველოსთან მიმართებაში შეეცდება რუსეთი ამ ვაქცინის გამოყენებას.
"აქ საკითხავია, განიხილავს თუ არა საქართველო ამ ვაქცინის ეფექტურობას, ან ქვეყანაში შემოტანის საკითხს. მე პირადად ამის მომხრე არ ვიქნებოდი, რადგან ძალიან დიდი ალბათობაა ოკუპანტმა ქვეყანამ ეს გამოიყენოს მანიპულაციისა და პროპაგანდის იარაღად, ამიტომ ეს ნაწილი სრულებით ნათელია.
„ზოგადად კი ვაქცინაციის პროცესი რაც უდრო ნაკლებად პოლიტიზირებული იქნება მსოფლიოში, ევროპაში თუ სხვაგან, მით უფრო დიდი ალბათობაა, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში წარმატებით დავასრულოთ პანდემიური მდგომარეობა,"- ამბობს აკაკი ზოიძე.
უნგრეთში რუსული ვაქცინის შემოტანის შესახებ ინფორმაცია კი Reuters-ის ცნობით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ გაავრცელა. მისი თქმით გასულ თვეს რუსეთთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ქვეყანაში მომავალი სამი თვის განმავლობაში, ვაქცინის 2 მილიონი დოზა შევა, რაც 1 მილიონი ადამიანის ასაცრელად იქნება საკამრისი.