თამთა ჩაჩანიძე
11.02.2021

უკრაინამ ნატოს ყირიმის მახლობლად ოპერაციებისთვის საჰაერო სივრცის გამოყენება შესთავაზა. როგორც უკრაინული გამოცემა „კრიმ რეალიი" წერს, 10 თებერვალს უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით დეპარტამენტის უფროსმა ვლადისლავ კრიკლიმ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის საკითხებში პატრიკ ტერნერთან მოლაპარაკებები გამართა.

კიევმა ალიანსს სიმფეროპოლის რეგიონში საჰაერო სივრცის გამოყენება შესთავაზა, რომელიც მოიცავს სივრცეს უკრაინის ტერიტორიაზე და შავი ზღვის ღია წყლებში, სადაც კიევი საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში მოძრაობის მომსახურებაზეა პასუხისმგებელი.

„ჩვენ საჰაერო სივრცის ამ ნაწილის გამოყენებას ვთავაზობთ ნატოს საჰაერო ოპერაციებისათვის ჯარების, აღჭურვილობის, ტვირთის და ა.შ. და იმედი გვაქვს, რომ ნატო რუსეთთან საზღვრის გასწვრივ საჰაერო მონიტორინგს მხარს დაუჭერს," - თქვა კრიკლიმ.

როგორც ექპერტმა უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაიამ აღნიშნა, ყირიმის ნახევარკუნძულს რუსები აკონტროლებენ და ეს შეთავაზება რუსეთის მიმართ საინფორმაციო ფსიქოლოგიური ომის ფორმატში შეიძლება განიხილებოდეს.

„სიმფოროპოლს რუსები აკონტროლებენ და ყირიმი ოკუპირებული ტერიტორიაა, უკრაინამ ნატოს წმინდა საინფორმაციო ფსიქოლოგიური ომის ფორმატში შესთავაზა, საინფორმაციო ფსიქოლოგიურ ომს მხოლოდ რუსები ხომ არ აწარმოებენ, აქ უკვე უკრაინაც აწარმოებს და, ბუნებრივია, ამის უფლებაც გააჩნია.

„უკრაინის შეთავაზება მხოლოდ ამ კონტექსტში შეიძლება განიხილებოდეს, მეტი სხვა არაფერი, სიმფოროპოლს რუსები აკონტროლებენ, მთელი ყირიმის ნახევარკუნძულზე არიან რუსეთის სამხედო ოკუპაციური ძალები და ამ შეთავაზებას როგორ განახორციელებენ? გასაგებია, რომ უკრაინელები ოკუპირებულ ტერიტორიებს არ აღიარებენ და უთხრეს, რომ კი ბატონო შედითო, მაგრამ რუსები ნატოს თვითმფრინავებს პანტაპუნტით ჩამოუყრიან, ჭკუა დაუშლით თუ გონება, ისედაც მუსკულებზე იყურებიან. ნატო ამას არ გარისკავს.

„ნატო და ამერიკა ყირიმის ტერიტორიის მახლობლად მუსკულების დემონსტრირებას ახდენენ, რითაც აფიქსირებენ, რომ ისინი ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთის სუვერენიტეტს არ სცნობენ, მაგრამ უშუალოდ რომ გადალახონ და ყირიმის ოკუპაციური საჰაერო სივრცე დაარღვიონ, ეს გამორიცხულია, რადგან მაშინ ეს ომის გამოცხადებაა. ისედაც რუსები ერთ ამბავში არიან, ამერიკელებმა ნორვეგიაში რუსეთის საზღვრის სიახლოვეს სტრაგიულ ბომბდამშენთა ერთი რაზმი განათავსეს.

„ეს იგივე ვარიანტია ჩვენ რომ ნატოელებს ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაფრენა შევთავაზოთ, უკრაინის მხრიდან ესაა საინფორმაციო ფსიქოლოგიურ ფორმატში გაკეთებული განცხადებაა, მეტი არაფერი, უბრალოდ გულს იფხანენ," - განაცხადა მაისაიამ.

კიევის ინიციატივას კრემლი გამოეხმაურა, რუსეთის დუმის დეპუტატმა მიხაილ შერემეტმა განაცხადა, რომ ნატოს ქვეყნების საჰაერო ძალების თვითმფრინავებს არ შეუძლიათ რუსეთის ნებართვის გარეშე ყირიმის საჰაერო სივრცე ოპერაციებისთვის გამოიყენონ, რადგან აღნიშნულ ტერიტორიას რუსეთის სამხედრო ძალები აკონტროლებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×