
თუ ევროკავშირი რუსეთის ეკონომიკის სენსიტიური სექტორებისთვის რისკების შემცველ სანქციებს დააწესებს, კრემლი ევროკავშირთან ურთიერთობების გაწყვეტით იმუქრება და მსოფლიო ცხოვრებისგან იზოლირებასაც არ გამორიცხავს.
მსგავსი შინაარსის განცხადება რუსეთის ფედერაციის საგარეო სამქეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა. აცხადებს, რომ რუსეთს მსოფლიოსგან იზოლირება არ სურს, თუმცა ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს.
„თუ კვლავ დავინახავთ, როგორც ეს არაერთხელ ვიგრძენით უკვე, რომ რომელიმე სფეროში სანქციები წესდება, რაც რისკებს შეუქმნის ჩვენს ეკონომიკას, მათ შორის სენსიტიურ სექტორებს, ამისთვის მზად ვიქნებით", - განაცხადა სერგეი ლავროვმა და დასძინა: „თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვის".
„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ლავროვის განცხადება შანტაჟის ენაა, რათა სანქციების თვალსაზრისით გარკვეულწილად ზეწოლა მოახდინოს იმ ქვეყნებზე, რომლებსაც რუსეთთან ცუდი ურთიერთობები არ სურთ.
„ამ განცხადებიდან ჩანს, რომ რუსეთის დღევანდელი რეჟიმი უკვე მზად არის, რომ ავტოკრატიული წყობა ჰქონდეს და რეჟიმი დაამყაროს ისეთი, როგორც თავის დროზე საბჭოთა კავშირი იყო იზოლირებული, ისინი ევროკავშირს და განსაკუთრებით შეერთებულ შტატებს აშანტაჟებენ, რომ თუ რუსეთზე ზეწოლას მოახდენენ, მათ შორის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და სხვა საკითხების გამო, ისინი კიდევ უფრო ჩაიკეტებიან, როგორც საბჭოთა კავშირის და ცივი ომის პერიოდში იყო.
„ასევე აშინებენ იმითი, რომ ჩინეთს კიდევ უფრო დაუახლოვდებიან, რომელთანაც სტრატეგიული ურთიერთობები აქვთ, ეს გარკვეულწილად რაღაცნაირად იყენებენ იმისათვის, რომ მაგალითად ისეთი ევროპელი პოლიტიკოსები დააშინონ, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ რუსეთის დაკარგვა არ შეიძლება.
„რუსეთის იზოლიაცია გამოიწვევს იმას, რომ ჯერ ისედაც ავტორიტარული რეჟიმია და დაახლებით საბჭოთა კავშირს დაემსგავსება, როგორც იმ პერიოდში იყო და მერე ტექნოლოგიურად ჩამორჩა. თუ ვთქვათ ეს გადაიზარდა იმაში, რომ სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე ემბარგოს დადება დაიწყო, როგორც თავის დროზე ცივი ომის პერიოდში იყო, გამოიწვევს იმას, რომ რუსეთი დანარჩენ დასავლურ სამყაროს ეკონომიკურ განვითარებასაც ჩამორჩება, საბჭოთა კავშირის ამბები კი გვახსოვს როგორც იყო, რომელიც არა მგონია აწყობდეთ და ეს რუსი ხალხის მიზანი იყოს.
„პირიქით, რუსი მარალჩინოსნების შვილებს და მათ ნათესავებს თუ დავაკვირდებით, ყველას ცხოვრება და სწავლა უცხოეთში უნდა. რეალურად ლავროვის განცხადებას შეიძლება შანტაჟის ენა დავარქვათ, რომ რაღაცნაირად ზეწოლა მოახდინოს განსაკუთრებით იმ ქვეყნებზე, რომლებსაც რუსეთთან ცუდი ურთიერთობები არ სურთ," - განაცხადა კაკაჩიამ.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის დაპატიმრების გამო, რუსეთის წინააღმდეგ საქნციების დაწესებას არ გამორიცხავს.