ქრისტინე კაპანაძე
13.02.2021

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას ევროკავშირთან ურთიერთობების გაწყვეტის თაობაზე ევროკავშირში სამწუხაროს და გაუგებარს უწოდებენ. მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სცადა გარკვეულწილად გაენელებინა ლავროვის სიტყვებით გამოწვეული შოკი. ანალიტიკოსები კი ლავროვის რადიკალურ პოზიციას ახალი სანქციების შიშით ხსნიან.

„გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა ნათლად გამოკვეთა ჩვენი უკმაყოფილების წერტილები რუსეთთან მიმართებაში, მაგრამ მან ასევე თქვა, რომ ჩვენ დაინტერესებულნი ვართ რუსეთთან თანამშრომლობით. ამ მხრივ საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის განცხადებები ნამდვილად სამწუხაროა", - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის პრეს-სპიკერმა ანდრეა სასემ.

ლავროვის განცხადებით კი, რუსეთი მზადაა ევროკავშირთან ურთიერთობის გასაწყევტად, თუკი ის, სანქციების დაწესებას გააგრძელებს.

„ჩვენი მხრიდან დაჟინებით მოვუწოდებთ ევროკავშირს თანაბარუფლებიანი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული თანამშრომლობისკენ. მზად ვართ, იმ შემთხვევაში თუ კვლავ დავინახავთ, რაც არაერთხელ გვიგრძნია, რომ ზოგიერთ სფეროში გვიწესებენ სანქციებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ეკონომიკას, მათ შორის ყველაზე მგრძნობიარე სფეროებში. დიახ, ჩვენ არ გვინდა მსოფლიო ცხოვრებისაგან იზოლაციაში მოვექცეთ, მაგრამ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. გინდა მშვიდობა, მოემზადე ომისთვის," - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

აღნიშნული განცხადება მოგვიანებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მცირედი ცვლილებებით გააჟღერა. სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას თქმით, ურთიერთობის გაწყვეტა - ეს არ არის რუსეთის არჩევანი და მოსკოვში ურჩევნიათ ბრიუსელთან ურთიერთობების განვითარება, რის შესახებაც არაერთხელ ითქვა.

„ჩვენ რამდენჯერ მოვიყვანეთ სხვადასხვა არგუმენტი ამ ურთიერთმოქმედებების სასარგებლოდ, რომელიც შესაძლებელი იყო განვითარებულიყო ევროკავშირის გაერთიანებასთან, ევროკავშირის წევრებთან ორმხრივ საფუძველზეც მსოფლიო პრობლემების გადასაწყვეტად. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ გვესმის აგრესიული რიტორიკა", - განაცხადა მარია ზახაროვამ.

რუსეთის აღნიშნულ პოზიციას ევროკავშირის მიმართ, ჩვენთან საუბარში თსუ-ს პოლიტიკის მეცნიერებათა პროფესორი და ექსპერტი, კორნელი კაკაჩია აფასებს. მისი თქმით, რუსეთი სანქციებმა ეკონომიკურად დაასუსტა, ამიტომ ახლა შანტაჟის გზით ცდილობს გამოსავლის პოვნას.

„ბუნებრივია, ლავროვის გაბრაზება ეხებოდა სანქციების საკითხს. ევროკავშირში კი რუსეთის მიმართ საკმაოდ უარყოფითი განწყობაა, განაკუთრებით მაშინ, როცა რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ციხეში ზის. ამიტომ ევროკავშირს სურს გაუგრძელოს სანქციები რუსეთს.

„რუსეთს უკვე პრობლემები ექმნება ამ სანქციებით. თუ აქამდე რუსეთი ამბობდა, რომ აღნიშნული სანქიცები ჩვენზე ვერ იმოქმედებსო, აღმოჩნდა, რომ ასე სულაც არ არის და ისინი მიხვდნენ, რომ დანაკარგი დიდია და ეს სერიოზული პრობლემაა.

„რუსეთს ძალიან გაუჭირდება ამ სანქციების ფონზე ფეხზე მყარად დგომა, ბევრი პროექტის განხორციელებაც, რომელიც დაგეგმილი აქვთ შეიძლება შეფერხდეს. ასევე კონკრეტულ მაღალჩინოსნებსაც არ აქვთ კარგად საქმე, რომლებიც პუტინის გარემოცვაში არიან. მთლიანობაში კი ეს სერიოზულ პრობლემას ქმნის, ამიტომ რუსეთი უკვე ცდილობს დააშანტაჟოს ევროკავშირი.

„ლავროვის თავდაპირველი განცხადება რეალურად საკმაოდ აგრესიული იყო. მან გარკვევით აღნიშნა, რომ რადიკალურ გადაწყვეტილებებს მიიღებს რუსეთი, თუ სანქიცებს არ შეუწყვეტს ევროკავშირი. შეიძლება ეს ცივ ომსაც გულისხმობდეს, თუმცა რამდენად არის ამისთვის მზად რუსეთი, ეს არ ვიცი, რადგან ამას ეკონომიკური მზაობა სჭირდება.

„გარდა ამისა, რუსეთი ევროკავშირის სხვა ქვეყნებით უკვე დიდი ხანია თამაშობს. რუსეთი არის დიდი ბაზარი, ის მიმზიდველია თუნდაც იგივე გერმანიისთვის, საფრანგეთისთვის და ა.შ. ის ახლა ცდილობს, რომ ხელახლა გამოიყენოს თავისი განსაკუთრებული კავშირები გერმანიასთან, საფრანგეთთან... სხვათაშორის, ის ამ ქვეყნებში სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებსაც აფინანსებს. ამიტომ მას სურს ევროკავშირის შიგნით ჰყავდეს თავისი მოკავშირეები, თან საკმაოდ დიდი სახელმწიფოების სახით, რომლებიც ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა საკითხებს თავად წყვეტენ ხოლმე.

„რეალურად რუსეთის ამოცანა ამ შემთხვევაში არის ის, რომ ევროკავშირში შეიტანოს გარკვეული ბზარი ან განხეთქილება, თუმცა ბოლო პერიოდში ეს გეგმა ნაკლებად წარმატებით გამოსდიოდა. ამ შემთხვევაში გერმანია საკმაოდ პრინციპულად იდგა სანქციების მიღების კუთხით რუსეთის მიმართ, ხოლო საფრანგეთი პირიქით, საერთო ენის გამონახვას ცდილობს.

„მთლიანობაში არ მგონია მსგავსი განცხადებები და გადაწყვეტილებები რუსეთზე დადებითად აისახოს, რადგან ისტორიულად ის ყოველთვის დაკავშირებული იყო ევროპასთან. მეეჭვება, რომ რუსეთის ჩაკეტილმა პოლიტიკამ რაიმე მძიმე შედეგები მოიტანს. რუსეთს უფრო სჭირდება ევროკავშირი და ევროპა, ვიდრე პირიქით.

„ხოლო საქართველოსთვის ეს საკითხი იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ევროკავშირში გაერთიანება გვსურს და თუ რუსეთ-ევროკავშირი ურთერთობები დაიძაბა, ან თუნდაც ცივი ომის სახე მიიღო, შეიძლება ამან გამოიწვის რუსეთის კიდევ უფრო ხისტი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. შეიძლება უფრო გაძლიერდეს ზეწოლა, რაც კიდევ უფრო გაართულებს ისედაც ჩიხში შესულ ქართულ-რუსულ ურთიერთობებს," - ამბობს კაკაჩია „რეზონანსთან" საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×