
ერევნის ცენტრში სომხების გენოციდისა და ებრაელების ჰოლოკოსტის მსხვერპლთათვის მიძღვნილი ძეგლი უცნობმა პირებმა დააზიანეს. ორი ნაწილისგან შემდგარი ძეგლის მხოლოდ ერთი, სავარაუდოდ, ჰოლოკოსტის მსხვერპლთათვის მიძღვნილი მხარეა გადაფარული წითელი საღებავით. იქვე გაკეთებულია წარწერები ლათინური ასოებით, რომლებიც ძალიან ჰგავს ისრაელის წარმოების იმ შეიარაღების დასახელებას, რომელსაც აზერბაიჯანის არმია 44-დღიანი ომის დროს სომხების წინააღმდეგ იყენებდა.
ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ „ფეისბუკში"ჰუმანიტარული განვითარების საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ცოვინარ კოსტანიანმა გაავრცელა.
12 თებერვალს გამოქვეყნებულ პოსტში კოსტანიანმა დაწერა: „არ მინდა დავიჯერო, რომ ეს სომეხმა გააკეთა" და დაამატა, რომ ვანდალიზმის აქტი შესაძლოა სომხეთისადმი მტრულად განწყობილი რომელიმე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერაა ჩადენილი.
სოციალურ ქსელში ვანდალიზმის აქტი დაუკავშირეს იმას, რომ 2020 წელს ყარაბაღის ომის პერიოდში ისრაელი აზერბაიჯანს შეიარაღებას აწვდიდა, რაც, კოსტანიანის თქმით, სომხეთში ებრაელთა თემმაც გააკრიტიკა.
„ჩვენი ებრაელი თანამემამულეებიარცახში 44-დღიან ომში მონაწილეობდნენ", - დაწერა ცოვიანე კოსტანიამნა „ფეისბუკზე".
ანალიტიკოს კორნელი კაკაჩიას თქმით, ვანდალიზმის ეს ფაქტის ყარაბაღის ომთან დაკავშირება შესაძლოა შეესაბამეოდეს სიმართლეს, რადგან სომხეთში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ისრაელის მიერ აზერბაიჯანისთვის შეიარაღების გადაცემამ:
„ყარაბაღის ომის შემდეგ სომხეთში ძალიან მძიმე მდგომარეობაა როგორც საზოგადოებაში, ასევე პოლიტიკაში. საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ომის შემდეგ ტრავმირებულია და ამ ომში დამარცხების მიზეზებს ეძებენ.
„ძალიან ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ სხვა მიზეზებთან ერთად მარცხის მიზეზი ის გახდა, რომ თურქეთის და ისრაელი აზერბაიჯანს შეიარაღებას აწვდიდა. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ეს იყოს ვანდალიზმის მიზეზი", - განუცხადა კაკაჩიამ „რეზონანსს".
მისივე აზრით, მოყვება თუ არა ამას ისრაელი-სომხეთის ურთიერთობის გამწვავება, ეს სომხური საზოგადოების რეაქციაზეა დამოკიდებული.
„საზოგადოების რეაქციას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა. ისედაც საკმაოდ რთული ურთიერთობა აქვთ სომხეთსა და ისრაელს ყარაბაღის ომის შემდეგ, ცოტა არ იყოს გაციებული. შესაბამისად, არ მგონია, რომ ვინმემ ამის გამწვავება მოინდომოს. მგონია, რომ ისრაელის მხრიდან ელჩი გააკეთებს განცხადებას.
„სომხეთი არ არის ისრაელის ისეთი პარტნიორი, რომ ამ ფაქტის გარშემო ძალიან დიდი სკანდალი ატეხოს, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საზოგადოების რეაქციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.