თამთა ჩაჩანიძე
21.05.2021

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარასკევს განაცხადა, რომ ნატოს ლიდერებმა მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად უნდა გამოხატონ საკუთარი პოზიცია ნატო-ს ღირებულებებსა და თამაშის წესებზე ორგანიზაციის სამიტზე, რომელიც ივნისშია დაგეგმილი, რაც მიმომხილველების აზრით ორაზროვანი დარტყმაა თურქეთზე, რომლის ქცევაც ალიანსში ბევრს აღიზიანებს.

მანამდე, 2019 წლის სამიტზე მაკრონმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია თავისი განცხადებით, რომ „ნატო-ს გონი მკვდარია", რასაც ფონად უძღოდა ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის დამოკიდებულება ალიანსის მიმართ და თურქეთის მიერ სირიაში, პარტნიორების გაფრთხილების გარეშე, ცალმხრივი აგრესიული სამხედრო მოქმედებები.

პარასკევს პარიზში, ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მაკრონმა თქვა, რომ ლიდერებმა, მათ შორის აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ბრიუსელში, 14 ივნისს გამართულ სამიტზე ღიად უნდა განიხილონ ნატოს „ერთიანობის" საკითხი.

„ეს ნიშნავს, რომ ჩვენში გარკვევით უნდა განვსაზღვროთ ჩვენი ალიანსის საფუძვლები, პრინციპები და წესები", - თქვა მაკრონმა.

„მოკავშირეებს შორის სოლიდარობა არ არის უბრალოდ სიტყვა... ეს მოიცავს მოვალეობებს, პასუხისმგებლობას ერთმანეთის წინაშე. ეს გულისხმობს თითოეული მოკავშირის მიერ საერთაშორისო სამართლისა და ქცევის მკაფიო წესების პატივისცემის ვალდებულებას," - თქვა მან.

მაკრონმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ქვეყნებმა იგნორირება გაუკეთონ „ისეთ ეროვნულ ინტერესებს, რომლებიც ეწინააღმდეგება სხვა მოკავშირეების უსაფრთხოებას, როგორც ეს მოხდა ბოლო წლებში სირიაში, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, ლიბიაში, კავკასიაში." მან ასევე აღნიშნა „შეიარაღების თავსებადობა, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ნატოში."

თავის გამოსვლაში საფრანგეთის პრეზიდენტმა არ ახსენა სიტყვა „თურქეთი", მაგრამ ყველა მიხვდა, ვის წინააღმდეგ იყო მიმართული ეს რემარკა. შეგახსენებთ, რომ შარშან თურქულ და ფრანგულ სამხედრო ფლოტს შორის ხმელთაშუა ზღვაში მცირე ინციდენტი მოხდა, როცა თურქულმა გემებმა ფრანგულ ფრეგატს ლიბიაში გაეროს მიერ დაწესებული ემბარგოს ფარგლებში პოლიციური ოპერაციის ჩატარების უფლება არ მისცეს. ამას ემატება ერდოგანის მთავრობის მიერ რუსული ეს-400-ის სისტემების შეძენა და მისი აქტიურობა ყარაბაღის ომში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×