რეზონანსი
25.05.2021

კრემლი რომ ყველა ხერხს იყენებს თავისუფალი სამყაროს, თავისუფალი ადამიანების და დემოკრატიული ინსტიტუციების წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაფიქსირდა. ამ  ბრძოლაში რუსეთის ხელისუფლება როგორც  რეპრესიული მანქანა  უწყებების და კერძო პირების ხელითაც მოქმედებს. მთავარი მიზანი საკუთარი დანაშაულებების მიჩქმალვა, დეზინფორმაციის გავრცელება და თავის გამართლება უკიდურესად საჩოთირო თემებშიც კი. კრემლი რომ უკრაინელ სეპარატისტებს ყველანაირ საბრძოლო მხარდაჭერას წლების განმავლობაში უწევდა, ეს არავისთვისაა ახალი. იმისათვის, რომ კრემლმა ეს თავის „სიმართლე“ ყველა ფრონტზე დაამტკიცოს, ისეთი ადამიანები გამოყავს ავანსცენაზე ღირსების და პატივის დასაცავად, რომლებიც სამხედრო დანაშაულებების მონაწილეები არიან და რომელთა ხელებიც უამრავი ადამიანის სისხლშია დასვრილი. 

ამ შემთხვევაში საქმე ეხება რუსეთის მოქალაქეს, ერთ-ერთ ცნობილ სეპარატისტ მეთაურს იგორ ბეზლერს საძახისით „Бес”, რომელიც 2013-14 წლებში ე.წ დნრ-ის ძალებში მსახურობდა და მრავალ დივერსიულ ოპერაციას ხელმძღვანელობდა. რუსული ჯარის ყოფილი პოდპოლკოვნიკმა, დნრ-ში გენერლის წოდება მიიღო, გორლოვკას აკონტროლებდა, ბოევიკების სხვა ხელმძღვანელებთან კონფლიქტების გამო კი 2014 წლის ბოლოს საქმეებს ჩამოაშორეს. ბეზლერი მრავალი ჟურნალისტური გამოძიების ყურადღების ცენტრში არა ერთხელ მოხვდა, მედიაში ბევრ აღიარებით ჩვენებასაც იძლეოდა,  ბოლო წლებში კი ყირიმში, „სიმშვიდეში“ გააგრძელა ცხოვრება. ამ ბოევიკმა ახლა უჩივლა ჟურნალისტ გამომძიებლებს Belingcat-დან, რადგან მისი აზრით, მათ მიერ გამოქვეყნებული სტატიით, მას მორალური ზიანი მიადგა, შეელახა ღირსება. რა თქმა უნდა, ბეზლერს რუსულმა სასამართლომ მხარი დაუჭირა. სანქტ-პეტერბურგის ოქტომბრის რაიონულმა სასამართლომ Bellingcat-ს დაავალა იგორ ბეზლერს  მორალური ზიანი აუნაზღაუროს და გადაუხადოს კომპენსაცია 340 ათასი რუბლის ოდენობით. ბეზლერმა მოითხოვა, რომ  სტატიაში „ჩიტი თქვენთან მოფრინდა“ მოყვანილი კონკრეტული ცნობები აღიარებულიყო უსაფუძვლოდ და ცნობილიყო როგორც მისი ღირსებისა და პატივის შემლახველი. 

 საინტერესოა, რომელმა სტატიამ მიაყენა ასეთი გამოუსწორებელი ზიანი მრავალი შტურმის და სეპარატისტული სამხედრო ოპერაციის მეთაურს? როგორც ირკვევა, ეს სტატია 2014 წელს მომხდარი, მალაიზიური ავიახაზების ბოინგ 777-ის კატასტროფას ეხება. მასში საუბარია იმაზე, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გადაჭერილ სატელეფონო საუბრებში ფიგურირებს ერთი საუბარი, რომელიც „ბოინგის“ ჩამოგდების დღეს ბეზლერსა და მის ქვეშევრდომებს შორის გაიმართა. ამ საუბრის აუდიო ვერსიაში ბეზლერი ამბობს, რომ „ჩიტი“ მასთან მიფრინავს, ის გასცემს ბრძანებას, რომ ეს ინფორმაცია „ზემოთ“ გადასცენ. ის ასევე ჩამოგდებული სამგზავრო თვითმფრინავის შესახებ ატყობინებს ადამიანს, რომელსაც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით რუსული დაზვერვის აგენტია. მალაიზიური ავიახაზების „ბოინგი“, რომელიც ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა, დონეცკთან 2014 წელს ჩამოაგდეს. დაიღუპა ბორტზე მყოფი, სხვა და სხვა ქვეყნის 298 მოქალაქე, მათ შორის უამრავი ბავშვი. საერთაშორისო გამომძიებლების და დამოუკიდებელი ჟურნალისტების აზრით, ეს ლაინერი რუსული ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა უკრაინელმა სეპარატისტებმა საზენიტო დანადგარ „ბუკით“ ჩამოაგდეს. მათ „ბუკი“ რუსეთის ტერიტორიიდან, კურსკში მდებარე რუსული სამხედრო დივიზიიდან გადმოიტანეს და შემდეგ დააბრუნეს. თუმცა, ოფიციალური მოსკოვი დღემდე უარყოფს კავშირს მომხდარ ტრაგედიასთან.

 რუსულ სასამართლოში Bellingcat-ის უფლებების დამცველი სარკის დარბინიანი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ბეზლერის ადვოკატები არ თაკილობდნენ ცრუ მოსაზრებებით მანიპულაციას, იმის მიუხედავად, რომ სტატია  საგამოძიებო ჟურნალისტიკის ყველა კანონის დაცვით იყო დაწერილი. მისი თქმით, სტატიის საკომუნიკაციო მიზანი არა ბეზლერის სახელის შებღალვა, არამედ ავტორის შეხედულების გადმოცემაა სეპარატისტი ბოევიკების მონაწილეობის შესახებ ამ ტრაგიკულ მოვლენებში, რომლებმაც მსოფლიო შეძრა. აღსანიშნავია, რომ „პენსიაზე“ გასული იგორ ბეზლერმა, რომელიც ყირიმში ცხოვრობს, საჩივრისთვის სანქტ-პეტერბურგის სასამართლო აირჩია, იმ ქალაქის, რომელშიც არც უცხოვრია და არანაირი კავშირი არ ჰქონია. ასევე ცნობილია, რომ მის უფლებებს იცავენ ადვოკატები, რომელთა მომსახურებაც საათში 500 ევროს ფასობს. როგორც ჩანს, კრემლში კარგად იციან, თუ როგორ „დაეხმარონ“ ასეთ ადამიანებს და თან თავისთვის სასარგებლო ინფორმაციით მედია გარემო იმ ფონზე დააბინძურონ, როდესაც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი-ჰააგის სასამართლო სწორედ „მალაიზიური ბოინგის“ საქმეზე სხდომებს ატარებს. როგორც ცნობილია, 298 ადამიანის დაღუპვის საქმესთან დაკავშირებით, ჰააგაში სასამართლო განხილვები მიმდინარეობს, დაღუპულების ოჯახის წევრები ჭეშმარიტების დადგენას ელოდებიან. ჰააგის სასამართლო განაჩენს ამ საქმეზე 2022 წელს გამოიტანს და საბოლოოდ გაირკვევა, რა მონაწილეობა მიიღო კრემლმა ამ დანაშაულში, ვინ ესროლა სამგზავრო თვითმფრინავს რუსული „ბუკი“ და რომელი სახელმწიფო აგებს მორალურ თუ პოლიტიკურ პასუხს კაცობრიობის წინაშე. 

ლევან კობერიძე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×