თამთა ჩაჩანიძე
28.05.2021

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებვს, რომ მთელი რიგი მკაცრი ბრალდებები, რომლებიც მაფიის გაქცეულმა მეთაურმა მისი გარემოცვის წევრებს წაუყენა, არის „შეთქმულება თურქეთის წინააღმდეგ" და პირობა დადო, რომ კრიმინალურ დაჯგუფებებთან ბრძოლას გააძლიერებს.

საუბარია ბოლო კვირების განმავლობაში სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ვიდეოებზე, სადაც მსჯავრდებულთა კრიმინალური ავტორიტეტი სედატ პეკერი განსაცვიფრებელ პრეტენზიებს აყენებს ერდოღანის მმართველი პარტიის მოღვაწეების მიმართ, რომლებიც მოიცავს სავარაუდო კორუფციას, ნარკოტიკებით ვაჭრობასა და მკვლელობის დაფარვას, ამტკიცებს, მაღალჩინოსნებსა და ორგანიზებულ კრიმინალს შორის მჭიდრო კავშირები არსებობს.

კონკრეტულად, ამ ბრალდებების სამიზნეა მოქმედი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრები სულეიმან სოილუ, ექსპრემიერ ბინალი ილდირიმის ვაჟი და სხვა პირები.

იუთუბზე გამოქვეყნებულ ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს. საზოგადოებაში სულ უფრო იზრდება იმ ხალხის რიცხვი, რომლებიც შს მინისტრის გადადგომას და ბრალდებების გამოძიებას ითხოვენ.

ერდოღანის ამ ბრალდებებთან დაკაშირებით რამდენიმეკვირიან დუმილს ინარჩუნებდა, თუმცა ბოლოს მაინც გააკეთა კომენტარი და მათ ქვეყნისა და მმართველი პარტიის წინააღმდეგ დაგეგმილი "ბოროტი ოპერაცია" უწოდა.

„ჩვენ აღვკვეთავთ ამ თამაშებს, ამ შეთქმულება. არავის უნდა შეეპაროს ეჭვი, რომ ჩვენ ჩავაშლით ამ საიდუმლო ოპერაციას. ჩვენ მივაგნებთ კრიმინალური დაჯგუფების წევრებს, სადაც არ უნდა გაიქცნენ. ამ კრიმინალებს მარტო არ დავტოვებთ, სანამ არ დავაბრუნებთ ჩვენს ქვეყანაში და არ გადავცემთ სასამართლოს," - თქვა ერდოღანმა.

კვირას გამოქვეყნებულ უკანასკნელ ვიდეოში, 49 წლის კრიმინალური ავტორიტეტი აცხადებს, რომ ექსპრემიერ ბინალი ილდირიმის ვაჟი ერკამ ილდირიმი ვენესუელაში, ნარკოტიკების კონტრაბანდის შესაძლო გზების მოსაძებნად გაემგზავრა. ბინალი ილდირიმი მტკიცედ უარყოფს ბრალდებას, ამტკიცებს, რომ მისი ვაჟი, რომელიც გადამზიდავი კომპანიის მფლობელია, ჰუმანიტარული მისიით გაემგზავრა კარაკასში, რათა გადასცეს კოვიდ-ტესტების კომპლექტები და ნიღბები. ვიდეოში კრიმინალური ავტორიტეტი ასევე აცხადებს, რომ მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა შინაგან საქმეთა მინისტრ სოილუსთან, რომელიც მას პირადი დაცვის წევრებით ამარაგებდა და აფრთხილებდა მისი დაჯგუფებაზე მიმდინარე გამოძიების შესახებ. პეკერმა ასევე განაცხადა, რომ სოილუ დახმარებას ითხოვდა მმართველი პარტიის მეტოქე ჯგუფის დასამარცხებლად, რომელსაც ერდოღანის სიძე ხელმძღვანელობს. სოილუ ყველა ამ პრეტენზიას უარყოფს.

ბრალდებებს ირიბად მხარი დაუჭირა ახმეტ დავუთოღლუმ, ოპოზიციური პარტიის ლიდერმა და ერდოღანის ყოფილმა მოკავშირემ, რომელიც მის დროს პრემიერ-მინისტრის პოსტზე მსახურობდა 2014 წლიდან 2016 წლამდე, რომელმაც ბრალდებების საპარლამენტო გამოძიება მოითხოვა.

„თუ პრეზიდენტ ტაიპ ერდოღანს სჯერა სოილუს უდანაშაულობის, მას ეს პირველივე დღეს უნდა ეთქვა. არა 25 დღის შემდეგ," - თქვა დავუთოღლუმ.

პეკერის სხვა ბრალდებები ურტყამს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ მეჰმედ აგარს და მის შვილს ტოლგა აგარს, მმართველი პარტიის სამართლიანობისა და განვითარების დეპუტატს. პეკერის მტკიცებით, ტოლგა აგარი მონაწილეობდა ყაზახური ჟურნალისტიკის სტუდენტის, იელდანა კაჰარმანის საეჭვო სიკვდილში. მისი მტკიცებით, მკვლელობის დასაფარავად გაუპატიურების შედეგად თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყვეს.

ამას გარდა, ბრალდებების თანახმად, მეჰმედ აგარი დგას 90-იანი წლების პოლიტიკური მკვლელობების უკან. ამას გარდა, პეკერის მტკიცებით, მეჰმედ აგარმა არალეგალურად მიითვისა აზერბაიჯანელი ბიზნესმენის სახლი ეგეოსის ერთ-ერთ ფეშენებელურ კურორტზე.

პეკერი ერთ დროს ერდოღანის მოკავშირე იყო, მას პოლიტიკური აქციების ორგანიზებაში ეხმარებოდა და ოპონენტებს კი აშინებდა. რატომ მოხდა მათ შორის განხეთქილება, უცნობია. თავად ამბობს, რომ ხმის ამოღება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პოლიციამ მის ოჯახზე რეიდი მოაწყო, სადაც უპატივცემლოდ მოექცნენ მის ცოლსა და ქალიშვილებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×