თამთა ჩაჩანიძე
06.06.2021

ევროპარლამენტის თავმჯდომარე დევიდ სასოლი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში შესვლის მოწოდებით გამოდის. იგი აცხადებს, რომ ორგანიზაციის გაფართოება მის მშვიდობასა და კეთილდღეობაზე პოზიტიურად აისახება. უჩენს თუ არა ეს განცხადება ახალ შანსს საქართველოს, რომელიც 2024 წლისათვის ევროკავშრის წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთებას აპირებს?

„ამ გაფართოებას უდიდესი სარგებლის მოტანა შეუძლია როგორც რეგიონისთვის, ასევე მთელი ევროპისთვის. ეს ხელს შეუწყობს სტაბილური, წარმატებული და მშვიდობიანი კონტინენტის უსაფრთხოებას. ამავდროულად თითოეულ ამ სახელმწიფოში მიმდინარე რეფორმები უნდა დასრულდეს. თავის მხრივ, ევროკავშირმა უნდა შეასრულოს დანაპირები და მიღწეული პროგრესი აღიაროს", - აღნიშნა სასოლიმ.

ევროპული გაერთიანება აწარმოებს მოლაპარაკებებს მონტენეგროსთან და სერბეთთან, ხოლო ალბანეთი და ჩრდილოეთ მაკედონია უკვე ოფიციალური კანდიდატები არიან.

როგორც რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის კახა გოგოლაშვილი „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, ლოგიკა, რომ დასავლეთ ბალკანეთის მერე ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს ჯერი მოვა, სწორი არაა. მისივე აზრით, ევროკავშირის ყურადღებას მხოლოდ ძირეული რეფორმებით თუ მივიქცევთ და ასეთ შემთხვევაში შესაძლოა ყინული 2024 წლამდეც კი დაიძრას.

„დასავლეთ ბალკანეთის რადმენიმე ქვეყანა გაწევრიანებაზე უკვე მოლაპარაკებებს აწარმოებს და ეს ევროკავშირში გადაწყვეტილი და შეთანხმებული პროცესია, რომ ევროკავშირი ბალკანეთში გაფართოვდეს. ფაქტია, რომ ეს პროცესი ალბათ კიდევ ათ წელიწადს დაიკავებს და ევროკავშირი ამ პროცესზე იქნება კონცენტრირებული.

„საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ თავისი გზა უნდა მოძებნონ, რათა ევროკავშირი აქეთ გაფართოვებაში დააინტერესონ. ბალკანეთის მიმართულებით გაფართოვებას ჩვენს მომავალს ვერ დავუკავშირებთ, რომ დაველოდოთ და მერე ჩვენი ჯერი მოვიდეს. ასეთი ლოგიკა არ მგონია სწორი იყოს.

„უნდა ვეცადოთ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ჩვენს მიღებაში დავაინტერესოთ. ამისთვის უფრო ინტენსიურად უნდა განვითარდეთ ჩვენს შორის ვაჭრობა, დემოკრატიის ხარისხი უნდა ავწიოთ, უსაფრთხოების თვალსაზრისით ჩვენი უპირატესობები მოვძებნოთ, რომელსაც მათ ვაჩვენებთ. გარდა ამისა, საქართველომ უკრაინამ და მოლდოვამ ერთმანეთთან ინტეგრირება უფრო მეტად უნდა შეძლონ და ესეც ევროკავშირისთვის სიგნალი იქნება, რომ ჩვენ ინტეგრაცია შევიძლია და უნარი გვაქვს.

„ამის გარდა, ეკონომიკა უფრო სწრაფად უნდა განვითარდეს. ევროკავშირს უნდა ვაჩვენოთ საორგანიზაციო შესაძლებლობები, რომ ორგანიზებული ერი ვართ, რომ ფასეულობებს პატივს ვცემთ. ამ ყველაფრის გარეშე ევროკავშირისთვის მიზმიდველი არ ვიქნებით. თუმცა, საქართველოს გეოპოლიტიკური ფასი და ღირებულება ნამდვილად გააჩნია, მნიშვნელოვანი ქვეყანაა, მაგრამ საჭიროა კიდევ იმის ჩვენება, რომ შენ არა მარტო გეოგრაფიულად ხარ მნიშვნელოვანი, არამედ როგორც ერი, ცივილიზაცია და საზოგადოება ხარ ძლიერი და შინაგანი წყობით ევროპასთან მიახლოებული ხარ.

„ყინული შეიძლება ნებისმიერ დროს დაიძრას, თუ ჩვენ რაღაც ნახტომს გავაკეთებთ. მაგალითად, ერთი საკმაოდ ძლიერი ნახტომი გაკეთდა მაშინ, როცა სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში და ევრიოკავშირი დააინტერესა, მაგრამ მერე მოხდა გარკვეული გადახრები, პრობლემები გაჩნდა, თუ გნებავთ სააკაშვილის ხელისუფლებაშიც.

„ახლა თავიდან ისევ ახალი ნახტომი გვჭირდება იმისთვის, რომ ხარისხობრივად ახალ ქვეყნად გამოვჩნდეთ. ძირეულ და სწრაფ რეფორმებს ვგულისხმობ. კარგად უნდა გამოაშკარავდეს ყველა ის პრობლემა, რომელიც ქვეყანაშია და პოლიტიკური ნება გამოჩნდეს, რომ ეს პრობლემები ძალიან სწრაფად გადაწყდეს. ის, რაც შეიძლება, რომ ძალიან სწრაფად გადაწყდეს, სწრაფად უნდა გადაწყვიტონ და რაზეც სამუშაოა და დრო სჭირდება, ამაზე ზუსტი გეგმა უნდა დაიდოს თავისი რესურსებით და შესაძლებლობებით.

„ამ ყველაფრის ჩვენება რა თქმა უნდა შეიძლება იყოს ნახტომი და ეს არა მხოლოდ დასავლეთისთვის, არამედ შიგნით საზოგადოებისთვის, რომელიც აპათიაშია და განვითარების პერსექტივას ვერ ხედავს. მაგრამ საკმარისია ასეთი სერიოზული ნება გამოჩნდეს, რომელიც გეგმებს გამოაჩენს, რომ მაშინვე ყველაფერი შეიცვლება, საზოგადოება ბევრად უფრო აქტიური გახდება და ბევრად მეტი იდეა გაჩნდება, რომელსაც ხელშეწყობა უნდა.

„კარგი იდეები უნდა დაწინაურდეს და გამოჩნდეს და არა მიიჩქმალოს, საქართველო განვითარებისა და იდეების ქვეყანა უნდა გახდეს. პოლიკოსებმა თვეების განმავლობაში იმაზე კი არ უნდა ისაუბრონ, რომ თურმე გახარია და სააკაშვილთან ყოფილა გარიგებაში და ა.შ., საუბარი უნდა იყოს იმაზე, არსებულ პრობლემებს რანაირად გადავჭრით. რომ დაინახავს იგივე ევროკავშირი, რომ ჩვენ ვართ პროგრესული და განახლებადი საზოგადოება, შიგნიდან ვდუღვართ და განახლებისკენ მივდივართ, რომ მოვნახეთ ფორმულა, მაშინ პირიქით შეგეხვეწებიან - მოდით, ჩვენთან ერთად ერთად იყავითო.

„ექვს თვეში შეუძლია საქართველოს, რომ მიდგომები შეცვალოს, რათა რწმენა გაუჩინო შენს ხალხსაც და დასავლეთსაც. ეს თუ მოხდა, მაშინ დაიჯერებენ, თუ არა და პრობლემატური ქვეყანა რად უნდათ... კი, ამ შემთხვევაშიც ყველანაირად დაგეხმარება, მაგრამ უფრო მეტად დაგეხმარება, თუ ქვეყანა უკეთესობისკენ მიგყავს და ამის შეცვლა შეიძლება ექვს თვეშიც და 2024 წლამდე მით უმეტეს შეიძლება. მაგრამ შეიძლება თეორიულად. რაც შეეხება პრაქტიკას, ეს დამოკიდებულია იმაზე, გამოჩნდება თუ არა პოლიტიკური ძალები, რომლებიც სწორ გეზს აიღებენ და სწორად იმოქმედებენ," - განაცხადა გოგოლაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×