ქრისტინე კაპანაძე
14.06.2021

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრამდე 2 დღით ადრე ჯო ბაიდენის განცხადებით, არ არსებობს გარანტია, რომ პუტინის ქცევას შეცვლის, თუმცა, არსებობს კომპრომისების ალბათობაც. ვლადიმირ პუტინი კი აღნიშნავს, რომ მაღალი რანგის შეხვედრების წინ ქვეყნის ლიდერები ცდილობენ ნეგატიური რიტორიკის შემცირებას და ამბობს, რომ თავის მოტყუება არ ღირს, რაც შესაძლოა მიანიშნებდეს იმაზე, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის შეთანხმების ალბათობა დაბალია.

კითხვას, თუ რატომ არ შეცვლის პუტინი ქცევას, ბაიდენმა სიცილით უპასუხა, რომ „ის ვლადიმერ პუტინია". „მე ამაზე მეტს არ ვიტყვი, რადგან მასთან ჯდომა მომიწევს, მაგრამ სიამოვნებით ვისაუბრებ შეხვედრის შემდეგ," - თქვა ბაიდენმა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კი, აშშ-ის მხრიდან რუსეთის მიმართ ნეგატიური რიტორიკის შემცირების შესახებ საუბრისას აცხადებს, რომ ამ საკითხზე თავის მოტყუება არ ღირს.

„უმაღლეს დონეზე შეხვედრის წინ ორივე მხარე ცდილობს შეამციროს გარკვეული ნეგატიური რიტორიკა იმისათვის, რომ შეიქმნას შესაბამისი სასიამოვნო გარემო მუშაობისთვის. აქ არაფერია განსაკუთრებული. მე თავს არაფრით მოვიტყუებდი,"- ამბობს პუტინი.

გამომდინარე იქიდან, რომ ორი ქვეყნის ლიდერს შორის უთანხმოება 16 ივნისის შეხვედრამდეც საკმაოდ აშკარაა, საინტერესოა რა არის ამ შეხვედრის მიზანი და რა პრაქტიკული დანიშნულება აქვს მას? აღნიშნულ საკითხზე „რეზონანსს" კონფლიქტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრა. მისი აზრით, შეხვედრა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ტრამპისა და პუტინის შეხვედრების მსგავსი არ იქნება და ის უბრალო ფორმალობას გაცდება, რადგან ბაიდენი პუტინს დემოკრატიული ღირებულებების ენით დაელაპარაკება.

„ბაიდენისა და პუტინის შეხვედრა არ იქნება უბრალო ფორმალობა. შედარებისთვის, ტრამპი სულ სხვა კატეგორიის პრეზიდენტი იყო, ბაიდენი სულ სხვაა. ტრამპს სხვა ამოცანები ჰქონდა - მას სურდა რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, რათა თავისი პოლიტიკა განეხორციელებინა.

„ტრამპისთვის ღირებულებებს ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა, ბაიდენისთვის კი სწორედ ამ ღირებულებებს აქვს მნიშნელობა, რომელიც დემოკრატიულ იდეებზეა დაფუძნებული. ტრამპი პუტინს უთანხმდებოდა იმაზე, რომ ის თავის საქმიანობაში შეზღუდული არ იქნებოდა, უფლება ექნებოდა ის გაკეთებინა, რასაც სწორად მიიჩნევდა, რადგან მისთვის მთავარი იყო პუტინიც არ ჩარეულიყო მის საქმეებში.

„ბაიდენი ტრამპისგან განსხვავებით აზროვნებს ღირებულებითად. მე დარწმუნებული ვარ, რომ პუტინთან შეხვედრისას ის ბევრჯერ ახსენებს დემოკრატიულ ღირებულებებს და პუტინს მიმართავს, რომ მას არ აქვს უფლება დემოკრატიას ხელი შეუშალოს.

„ბაიდენი და პუტინი ამ შეხვედრით წითელ ხაზებს გაავლებენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ბაიდენი თავს კი არ აარიდებს, არამედ ჩაერევა თუნდაც იგივე უკრაინის საქმეებში. პუტინი კი ეტყვის, რომ ამის უფლებას არ მისცემს. ორივე მხარე ძალიან კარგად განსაზღვრავს თავის პოზიციებს და შეხვედრის მიზანი და მთავარი ამოცანა იქნება, ის, რომ ბაიდენი და პუტინი შეთანხმდებიან იმაზე, რომ ვერ თანხმდებიან. არც ბაიდენი დაუთმობს და არც პუტინი.

კითხვაზე იქნება თუ არა საკითხები, რომლებზეც შესაძლოა ორი ქვეყნის ლიდერს შორის შეთანხმება მოხდეს, ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ასეთი საკითხები არსებობს, რომლებზეც ისედაც შეთანხმებულები არიან, რადგან ამ თემების მოგვარება სატელეფონო საუბრითაც შეიძლება.

„სხვადასხვა გლობალურ საკითხებზე ისინი უკვე შეთანხმებულები არიან, რაც ეხება ბირთვულ განიარაღებას, კონტროლს შეიარაღებაზე, კონტროლს ბირთვული იარაღის არ გავრცელებაზე, ტერორიზმთან ბრძოლაზე - ეს ის საკითხებია, რომელსაც შეთანხმებაც კი არ სჭირდება, სატელეფონო საუბარითაც შეიძლება ამის მოგვარება, თუმცა ვინაიდან მძიმე საუბარი ექნებათ და მათ არ სურთ მსოფლიო საზოგადოების წინაშე დამთრგუნველი განწყობა დათესონ, ამიტომ ისინი იტყვიან, რომ გარკვეულ საკითხებზე შეთანხმდება მოხდა და ეს მათი მხრიდან იქნება გასაღებული წარმატებად,"- ამბობს პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×