„მათ უკვე დაიწყეს მიმართვები, რომ ქალების ცემის კანონი უნდა შემოვიდეს ძალაში, ასევე ჩადრით სიარულიც”
ქრისტინე კაპანაძე
21.07.2021

 

ავღანეთში ვითარება დაძაბულია - კოალიციური საერთაშორისო ძალების გაყვანის პროცესის დაწყების შემდეგ სამთავრობო ძალების წარმომადგენლებსა და თალიბებს შორის შეტაკებებმა და ძალადობის ფაქტებმა მნიშვნელოვნად იმატა. ექსპერტთა პროგნოზით, ქვეყნიდან აშშ-ის სამხედრო ძალების გაყვანის შემდეგ ვითარება ავღანეთში კიდევ უფრო რთულ ფაზაში გადავიდა.

სამხედრო ექსპერტის, ვახტანგ მაისაიას შეფასებით თალიბებმა უკვე ჩრდილოეთ ავღანეთის საზღვრამდე მიაღწიეს, ხოლო ამ ფონზე აშშ-ის ჯარის გაყვანა ვითარებას კრიტიკულად ამძიმებს.

„ამერიკელების გამოსვლის შემდეგ, ვითარება კიდევ უფრო გართულდა. თალიბები უკვე წარმატებით იღებენ პროვინციებს და პირველად ისინი გავიდნენ ჩრდილოეთ ავღანეთის საზღვარზე.

„ავღანეთში ეროვნული მთავრობა არის კორუმპირებული, გადასულია კლანური დაპირისპირებების ფორმატზე, რის გამოც იმატა შიდა დაპირისპირებებმა. ავღანეთის არმიაში კი არის სრული ქაოსი, ვითარება იმდენად მძიმეა, რომ ორ-სამ თვეში შესაძლოა თალიბებმა ქაბულიც აიღონ და ქვეყანაშიც დაამყარონ თავიანთი დიქტატურა.

„მათ უკვე დაიწყეს მიმართვები, რომ ქალების ცემის კანონი უნდა შემოვიდეს ძალაში, ასევე ჩადრით სიარულიც.

GIPA- ს ასოცირებული პროფესორის, თენგიზ ფხალაძის თქმით, აშშ-ის ჯარების გასვლის შემდეგ პროცესები უმტკივნეულოდ ვეღარ ჩაივლის, თუმცა, შეხვედრა, რომელიც ავღანეთის ხელისუფლებასა და „თალიბანს" შორის შედგა, მეტნაკლებად იმედის მომცემია.

„ყველაფერი უმტკივნეულოდ ვერ იქნება და ვერ ჩაივლის, თალიბანმა რამდენიმე სადამსჯელო ოპერაცია უკვე ჩაატარა, თუმცა, ახლახანს შედგა შეხვედრა ავღანეთის ხელისუფლებასა და თალიბანს შორის, რაც გვაძლევს იმედს, რომ შესაძლოა ვითარება მეტნაკლებად კონტროლს დაექვემდებაროს.

„მნიშვნელოვანია, რომ მინიმალიზირებული იქნას კოალიციური ძალების გასვლის შემდეგ სხვა ძალების ჩართულობა. ვფიქრობ, დღეს მიმდინარე პროცესების დასრულებაზე საუბარი ნაადრევია, პროცესი ჯერ კიდევ წინ არის და ეს არის ავღანეთის ხელისუფლებისათვის გამოცდა - თუ როგორ გაართმევენ თავს პასუხისმგებლობებს.

„ავღანეთის უსაფრთხოებისათვის ნატომ და მთელმა კოალიციამ უზარმაზარი ფინანსური და გადამზადებითი რესურსები გაიღო. ეს არის ტესტი სწორედ იმისა, თუ რამდენად შეუძლია სახელმწიფოს უზრუნველჰყოს საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოება."

საკითხზე, არის თუ არა მოსალოდნელი მიმდინარე დაძაბულობამ ნარკოტრაფიკის გაძლიერების კუთხით საფრთხე შეუქმნას რეგიონს, მაისაია ჩვენთან საუბარში აბობს, რომ ავღანეთის პროვინციების 60% სწორედ ამ გზით მდიდრდება და ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა.

„რასაკვირველია აღნიშნული ვითარება გააძლიერებს ნარკოტრაფიკს. ავღანეთის პროვინციების 60% სწორედ ოპიუმის ბიზნესით არიან გამდიდრებულები, „თალიბანსაც" კარგად აქვს აწყობილი ნარკოტიკის წარმოების ტექნიკა, როგორც ერთგვარი იარაღი მტრის წინააღმდეგ,"- ამბობს მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას.

ფხალაძის თქმით კი თუ კი სახელმწიფოს უსაფრთხოებას საფრთხე შეექმნება, მაშინ როგორც ნარკოტრაფიკის ასევე, ტერორიზმის საფრთხეც გაიზრდება რეგიონში.

„ავღანეთი ნარკოტრაფიკის კუთხით ცნობილია და თუ სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვას ვერ უზრუნველჰყოფს, მაშინ როგორც ნარკოტრაფიკის, ასევე ტერორიზმის საფრთხეც ცხადია რომ იზრდება,"-ამბობს თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×