ქრისტინე კაპანაძე
26.07.2021

ბოლო პერიოდში სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ვითარება კვლავ იძაბება, აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ქელბაჯარის მონაკვეთზე პროვოკაცია განახორციელეს, კერძოდ ყუმბარმტყორცნების გამოყენებით ცეცლი გახსნეს, ხოლო სომხეთი პირიქით აზერბაიჯანს ადანაშაულებს გეღარქუნიქის მონაკვეთზე ცეცხლის გახსნაში. ექსპერტის მოსაზრებით აღნიშნული კონფლიქტური გარემო, პროცესებში რუსეთის ჩასართავად მიმდინარეობს.

საკითხზე, არსებობს თუ არა მოლოდინი, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი განახლდება და ახალ ფაზაში გადავა, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ის არ ელოდება პროცესების დამძიმებას, თუმცა, ასევე ფიქრობს, რომ შესაძლოა გარკვეულ ძალებს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტის გაღრმავება სურდეთ რუსეთის ჩართულობით.

"არა მგონია, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ფართომასშტაბიანი შეტაკება განახლდეს. ვფიქრობ, რომ უბრალოდ ორივე მხარე ცდილობს ტემპერატურის აწევას, რადგან პირველ რიგში რუსეთს აგრძნობინონ, რომ ყველაფერი დალაგებული არ არის და საჭიროა რუსეთის მხრიდან მეტი მკაფიო პოზიციები მოუგვარებელ და ჯერ კიდევ დაუსრულებელ ყარაბაღის კონფლიქტში.

„რუსეთმა შუა გზაში გაყინა ეს პროცესები. ვფიქრობ, რომ პირველ რიგში, სომხეთის ინტერესებშია რუსეთი მეტად ჩამოყალიბდეს ამ საკითხთან დაკავშირებით და გაარკვიოს ანგარიშს უწევს სომხეთის ინტერესებს თუ ანგარიშს უწევს აზერბაიჯანის ინტერესებს. უკმაყოფილება კი რუსეთის მიმართ ორივე მხრიდან იგრძნობა.

„ფართომასშტაბიანი ომის დასაწყებად ახლა სომხეთს რესურსი არ გააჩნია, თუმცა, ამ მხრივ მეტი რესურსი აქვს აზერბაიჯანს, მან საკმაოდ კარგი სამხედრო წრთვნა გვაჩვენა. ის პროვოკაციები, რომლებიც ახლა ხორციელდება, არ გამოვრიცხავ, რომ მიმართულია რუსეთისკენ, რათა მოხდეს მისი ჩართულობა. შესაბამისად არ გამოირიცხება, რომ ვინმეს აწყობდეს რუსეთის მეტი ჩართულობა ამ კონფლიქტში და თუნდაც კონფლიქტის სხვა მონაკვეთში გადატანა.

„რუსეთს მსგავსი ტიპის აქტიური ჩართულობა აშკარად არ სჭირდება და არც აწყობს. ამიტომ, ახლა უფრო მეტად არის ჭიდაობა, მოახერხებენ თუ არა რუსეთის შეიარაღებულ ჩართვას გარკვეული ძალები კონფლიქტის გასაღრმავებლად.

„თუ რუსეთი ჩაერთვება, მაშინ რასაკვირველია ტემპერატურა სერიოზულად აიწევს და შეიარაღებისა და დაპირისპირების ცენტრი გადაიწევს რუსეთისკენ და არ დარჩება აზერბაიჯანის მხარეს. საკმაოდ სერიოზული მოვლენები მიმდინარეობს, თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი არ გასცდება ერთდღიან და ერთჯერად პროვოკაციებს,"- ამბობს პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.

სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა კი სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ქელბაჯარის მონაკვეთზე კიდევ ერთი პროვოკაცია განახორციელეს, - ამ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„26 ივლისს, 03:00 საათიდან, სომხეთის შეიარაღებული ძალები ბასარკეჩარის რაიონის სხვადასხვა მიმართულებით განლაგებული საბრძოლო პოზიციებიდან ქელბაჯარის რაიონის სხვადასხვა მიმართულებით განლაგებული საბრძოლო პოზიციებიდან ქელბაჯარის რაიონის ტერიტორიაზე განლაგებული აზერბაიჯანის არმიის პოზიციების წინააღმდეგ ყუმბარმტყორცნების გამოყენებით ინტენსიურ ცეცხლს აწარმოებს,"- აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.

პარალელურად სომხეთი ცეცხლის გახსნაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს.

სომხური მედიის ინფორმაციით აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გეღარქუნიქის მონაკვეთზე განლაგებულ სომხურ პოზიციებს სხვადასხვა კალიბრის იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს.

„26 ივლისს აზერბაიჯანის ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი საზღვრის არარატის მონაკვეთზეც დაარღვიეს. მათ ცეცხლი სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღიდან გახსნეს. სომხურმა მხარემ შესაბამისი ზომები მიიღო,"- აცხადებენ სომხეთის თავდაცვის უწყებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×