თეონა ვეშაგური
27.08.2021

ქაბულის აეროპორტში სიტუაცია უკონტროლო გახდა, არა მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეები და უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლები, არამედ ამერიკელი ჯარისკაცებიც დაუცველნი არიან. აეროპორტზე მომხდარი თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა - აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კი აცხადებს, რომ მიაკვლევენ მათ, ვინც მომხდარ თავდასხმაზეა პასუხისმგებელი და პასუხს აგებინებენ.

როგორც ჩანს, აშშ-ს მიერ ჩატარდება მიზნობრივი ოპერაციები „ისლამური სახელმწიფოს" ლიდერთა ლიკვიდაციის მიზნით, ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია საუბრობს.

გუშინ მომხდარი თავდასხმების შედეგად 13 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. რასაც აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მწვავე განცხადება მოყვა.

„მათ, ვინც ეს თავდასხმა მოაწყო, ასევე ნებისმიერს, ვისაც სურს ამერიკას ავნოს, ეს იცოდეთ: არ გაპატიებთ, არ დავივიწყებთ, ჩვენ მოგაგნებთ და გაზღვევინებთ. მე დავიცავ ჩვენს ინტერესებს და ჩვენს ხალხს ჩემს განკარგულებაში არსებული ყველა ზომით". - განაცხადა ბაიდენმა.

მისივე თქმით, სამხედრო მეთაურებს დაავალა შეიმუშაონ ოპერატიული გეგმები, რათა დაარტყან „ისლამური სახელმწიფოს" ობიექტებსა და ხელმძღვანელობას.

„ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტები ვერ გაიმარჯვებენ, ჩვენ გადავარჩენთ ამერიკელებს. ჩვენ არ გავაჩერებთ მისიას და გავაგრძელებთ ევაკუაციას, ჩვენ გამოვიყვანთ ავღანელ მოკავშირეებს. ამერიკას ვერ დააშინებენ". - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

როგორც „რეზონანსთან" საუბრისას, ვახტანგ მაისაიამ აღნიშნა, აშშ ნადირობას დაიწყებს იმ დაჯგუფების ლიდერებზე რომლებიც ტერაქტზე არიან პასუხისმგებელნი.

„ამერიკის მხრიდან, შესაძლოა განხორციელდეს საკმაოდ ინტენსიური, სამხედრო თავდასხმები ტერორისტული დაჯგუფებების მიმართ და დაიწყოს ნადირობა მათ ლიდერებზე.

„ასევე, თავდასხმები მოხდეს იმ ბაზებზე, რომლებიც ავღანეთის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს" მიერ არის განთავსებული.

„ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს" დაჯგუფება არის ძლიერი დაახლოებით 6 პროვინციაში, რომლებიც ქაბულის მიმდებარე ტერიტორიებია, საიდანაც ისინი ახორციელებენ თავდასხმებს სხვადასხვა მიმართულებით.

„საბრძოლო მოქმედებები დაიწყეს „თალიბებმაც" ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ, აქედან გამომდინარე ორ პროვინციას შორის მიდის სერიოზული ბრძოლები. დაახლოებით 100 „ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლი არის გაქცეული ავღანეთის ციხიდან „თალიბების" მოსვლის შემდეგ.

"სავარაუდოდ კიდევ უნდა ველოდოთ ტერაქტების სერიებს, რადგან „თალიბებს" არ აქვთ ჩამოყალიბებული თავდაცვის სისტემა, რაც ხელს უხსნის „ისლამური სახელმწიფოს", ტერორისტული ქმედებების განხორციელების მხრივ.

„როგორც ჩანს, ამერიკელები გამოიყენებენ სტრატეგიული დანიშნულების დრონებსა და საბრძოლო ავიაციას, რომ განახორციელონ თავდასხმები. დაბომბონ „ისლამური სახელმწიფოს" ინფრასტრუქტურა და ჩატარდეს მიზნობრივი ოპერაციები დაჯგუფების ლიდერთა ლიკვიდაციის მიზნით" - განაცხადა მაისაიამ.

ანალიტიკოსი, იმ უმნიშვნელოვანეს ფუნქციაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც საქართველომ, როგორც სატრანზიტო ტერიტორიამ უნდა შეასრულოს ავღანეთიდან წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალების გამოყვანის პროცესში.

„ეს ფუნქცია საქართველოს ადრეც ჰქონდა და გუშინ შეძენილი არ არის, უბრალოდ ახლა ამას ბევრად სერიოზული მნიშვნელობა მიენიჭა. საქართველო არის ე.წ ლაზური კორიდორის შემადგენელი ნაწილი რომელიც 2017 წელს დაარსდა და აქვს თავისი მნიშვნელოვანი ფუნქცია" - განაცხადა მაისაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×