თამთა ჩაჩანიძე
22.10.2021

ტრაგედია გადასაღებ მოედანზე - ფილმ „რასთზე" მუშაობისას ჰოლივუდის ვარსკვლავის ალეკ ბლდუინის მიერ ნასროლ ტყვიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არის დაშავებულიც. იარაღში, რომლითაც მსახიობს გადაღების დროს უნდა გაესროლა რეკვიზიტად იყო გამოყენებული და ნამდვილი ტყვიები არ უნდა ყოფილიყო.

სროლისას ტყვია ორ ადამიანს მოხვდა, შედეგად გარდაიცვალა ოპერატორი გალინა ჰატჩინსი, რეჟისორი ჯოელ სოუსა კი დაიჭრა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი 42 წლის ოპერატორი სამედიცინო ავიაციამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

ინციდენტი ნიუ მექსიკოში მოხდა, თავად ბოლდუინი და დანარჩენი მსახიობები არ დაშავებულან, გადაღებები დროებით შეჩერებულია. სააგენტო „ფრანს პრესს" სანტა-ფეს შერიფის სპიკერმა ხუან რიოსმა დაადასტურა, რომ ალეკ ბოლდუინმა ისროლა და დაკითხვაზეც ნებაყოფლობით მივიდა. მსახიობს ჯერ ბრალი წაყენებული არ აქვს, შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს, თავად მსახიობმა სამართალდამცავებს ჩვენება უკვე მისცა.

როგორც მედია საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, ბოლდუინს არ შეეძლო სცოდნოდა, რომ იარაღი ნამდვილი ვაზნებით იყო დატენილი, რადგან ჩვეულებრივ რეჟისორის პირველი ასისტენტი და რეკვიზიტების სპეციალისტი პასუხისმგებელნი არიან ცეცხლსასროლი იარაღის მქონე ნაკრების უსაფრთხოებაზე.

ეს არაა პირველი ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც გადასაღებ მოედანზე მოხდა. მსგავს ინციდენტს 1983 წლის ოქტომბერში სერიალ „შეთქმულების" გადაღებისას მსახიობი ჯონ-ერიკ ჰექსამი ემსხვერპლა, 1993 წელს ბრიუს ლის ვაჟი, მსახიობი ბრენდონ ლი კი „ყვავის" გადაღებისას გარდაიცვალა, როდესაც სხვა მსახიობმა გაუმართავი იარაღიდან ესროლა.

გარდაცვლილი ოპერატორი გალინა ჰატჩინსი დაიბადა უკრაინაში. დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, რის შემდეგაც მუშაობდა ბრიტანელ დოკუმენტალისტებთან, როგორც გამომძიებელი ჟურნალისტი. 2010 წლიდან ჰაჩინსი კარიერის გასაგრძელებლად ლოს-ანჯელესში გადავიდა, რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა კინოპროექტზე მუშაობდა, როგორც გამნათებელი და რეჟისორის ასისტენტი, მან 2015 წელს დაამთავრა ამერიკული ფილმების ინსტიტუტის (AFI) კინოსკოლა და გახდა ოპერატორი. მას, როგორც ოპერატოპრს რამდენიმე ფილმზე აქვს ნამუშევარი, 2019 წელს კი ჟურნალმა „ამერიკან სინემატოგრაფერმა" კინემატოგრაფიის ვარსკვლავების ყოველწლიურ სიაში ჩასვა.

გადამღები ჯგუფი ტრაგედიით შოკირებულია, ამის ამსახველი ფოტოები მედიაშიც გავრცელდა, მომხდარის შესახებ ოფიციალური განცხადება კომპანია „Rust Movies Productions LLC"-ემ გააკეთა.

„მთელი გადამღები ჯგუფი აბსოლუტურად შოკირებულია დღევანდელი ტრაგედიით. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუთანაგრძნობთ გალინას ოჯახსა და მეგობრებს. ყველას, ვინც ფილმის გადაღებაში მონაწილეობს, ექნება საშუალება მიიღოს ფსიქოლოგიური დახმარება სპეციალისტისგან, სანამ ჩვენ ამ საზარელი მოვლენის გადალახვას ვცდილობთ" - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×