რეზონანსი
27.10.2021

ევროსასამართლომ აგვისტოს ომზე რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოდგენილი საჩივრები დაუშვებლად ცნო. საუბარია “ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” და “შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” საქმეებზე. უფრო კონკრეტულად, ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ რამდენიმე რუსი ეროვნების ადამიანზე, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ აგვისტოს ომში ქართულმა მხარემ მათი უფლებები  დაარღვია. 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ სტრასბურგის სასამართლომ ქართული მხარის არგუმენტები სრულად გაიზიარა. ოფიციალური თბილისი პროცესზე აცხადებდა, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონს რუსეთის ფედერაცია ბომბავდა და საქართველოს შეიარაღებული ძალები რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე კონტროლს ვერ ახორციელებდნენ. საქართველო ამ პირობებში ვერანაირ საერთაშორისო ნორმას ვერ დაარღვევდა. 

 გავიხსენოთ, რომ 2021 წლის 21 იანვარს ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ″ საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა და საქართველოს მოქალაქეების მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვსი მუხლის დარღვევაზე სრული პასუხისმგებლობა კრემლს დააკისრა. სტრასბურგის სასამართლომ თითქმის სრულად დააკმაყოფილა საქართველოს სარჩელი იმ ნაწილში, რომელიც 12 აგვისტოს შემდგომ რუსეთის უკანონო მოქმედებებს ეხება.

ევროსასამართლომ დაადგინა, რომ 12 აგვისტოს შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტურ კონტროლს სწორედ რუსეთი ახორციელებდა და ამიტომაც ოფიციალური მოსკოვია პასუხისმგებელი ადამიანის უფლებათა კონვენციის ექვსი მუხლის დარღვევაში, რომელთა შორისაა სიცოცხლის უფლება.

 „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ საქმე საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა და რუსული ნარატივი, რომ თითქოს ჩვენი შეიარაღებული ძალები უდანაშაულო ადამიანებს კლავდნენ, გააცამტვერა. ევროსასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარდგენილი საჩივრების დაუშვებლად ცნობა კიდევ ერთი გამარჯვებაა. რუსული პროპაგანდა და ტყუილები არსად აღარ ჭრის და საქართველო კრემლის დანაშაულებრივ პრაქტიკას საერთაშორისო სამართლის პრეცედენტებად აქცევს. 

პუტინის რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში დესტრუქციული და აგრესიული აქტორია, რომელიც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს ჯერ ანადგურებს, შემდეგ კი მათი სახელით მანიპულირებს. 2008 წლის აგვისტოს ომი  რუსეთის ფედერაციის მხრიდან დამოუკიდებელი ქვეყნის ინტერვენცია იყო, რაც უპასუხო არასდროს დარჩება და ამის ნათელი მაგალითია ობიექტური სასამართლოს მიერ მიღებული თუნდაც ეს უკანასკნელი გადაწყვეტილება. 

ნათია ჩადუნელი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×