ხატია ბერიძე
31.10.2021

ევროპარლამენტმა ევროკომისიას უმოქმედობაში დასდო ბრალი და მის წინააღმდეგ ევროსასამართლოში სარჩელი შეიტანა. მიზეზი უნგრეთსა და პოლონეთთან დაკავშირებით შექმნილი სამართლებრივი პრობლემებია. ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ ევროკომისიას უნგრეთისა და პოლონეთისთვის ფინანსური დახმარების პაკეტი უნდა შეეჩერებინა და ახლა ამის გაკეთებას სასამართლოს სთხოვს.

პრობლემა იმან გამოიწვია, რომ ევროკავშირის წევრ ამ სახელმწიფოებში ადგილობრივი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონებზე მაღლა დგას. მაგალითად, პოლონეთში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება აცხადებს, რომ პოლონეთის კონსტიტუცია ევროკავშირის კანონმდებლობაზე უპირატესია. გარდა ამისა, პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ევროკავშირის შეთანხმების ზოგიერთი მუხლი არაკონსტიტუციურად ცნო.

გადაწყვეტილება პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ხმათა უმრავლესობით მიიღო. ვერდიქტში ნათქვამია, რომ პოლონელი მოსამართლეები არ უნდა დაეყრდნონ ევროკავშირის კანონებს, რადგან ევროკავშირის კანონი არ არის უპირატესი და ამიტომ ის არ უნდა გამოიყენონ პოლონელმა მოსამართლეებმა კოლეგების დამოუკიდებლობის კითხვის ნიშნის ქვეშ დასაყენებლად.

ამას პოლონეთში საპროტესტო აქციები მოჰყვა. ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ პოლონეთის მმართველი პარტია ,,კანონი და სამართლიანობა“ ევროპაში პოლონეთის მომავალს საფრთხეს უქმნის.

„ჩვენ ვიცით, რატომ სურთ მათ ევროკავშირის დატოვება - რომ დაუსჯელად დაარღვიონ დემოკრატიული წესები“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა ვარშავაში დემონსტრანტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

მმართველლი პარტია კი აცხადებს, რომ ევროკავშირიდან გასვლის საკითხი არ განიხილება.

ევროკომისიამ დაახლოებით ერთი წლის წინ პირველად გამოაქვეყნა მოხსენება ევროკავშირში კანონის უზენაესობის მდგომარეობის შესახებ, სადაც კრიტიკა პოლონეთისა და უნგრეთისკენ იყო მიმართული. მათი მისამართით გაჟღერდა ისეთი ბრალდებები, როგორებიცაა კორუფციასთან უნიათო ბრძოლა, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობა.

ასევე, 2020 წლის ნოემბერში უნგრეთმა, პოლონეთთან ერთად, ევროკავშირის ბიუჯეტის დაბლოკვა სცადა. ამ ყველაფერს იმ მუხლის გათვალისწინებით გეგმავდა, რომელიც წევრი ქვეყნების დაფინანსების საკითხს ქვეყნების მიერ კანონის უზენაესობის დაცვასთან აკავშირებს. ფინანსური დახმარების პაკეტი 750 მლრდ ევროს მოიცავდა და წევრ ქვეყნებში კოვიდით გამოწვეული ფინანსური ზარალის შესამსუბუქებლად  იყო განკუთვნილი.

ევროპარლამენტი ევროკომისიას უმოქმედობის გამო უჩივის. მიზეზი ევროკომისიის მხრიდან კანონიერი მექანიზმის არგამოყენებაა, რაც საშუალებას აძლევს, კანონის უზენაესობის პრინციპების დარღვევის გამო, მის წევრ ქვეყნებს შეუჩეროს დაფინანსება.

ევროკომისია პოლონეთისა და უნგრეთის წინააღმდეგ ევროკავშირის კანონის უზენაესობის სავარაუდო დარღვევის გამო გამოძიებას კი აწარმოებს, თუმცა სანქციების გამოყენებაზე უარი თქვა, რადგან ევროკავშირის უზენაესმა სასამართლომ ამ სანქციების მართებულობის დამტკიცების საკითხი მომავალ წლამდე გადადო.

ევროპარლამენტის განცხადებით კი, ევროკომისია უფლებამოსილია, გამოიყენოს ფინანსური მექანიზმი მისი ძალაში შესვლისთანავე და არ დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. ფინანსური სანქციების შემთხვევაში, პოლონეთი და უნგრეთი ათობით მილიარდ ევროს დაკარგავენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×