თამთა ჩაჩანიძე
09.11.2021

ევროპაში მიგრანტების ახალი კრიზისი დაიწყო. ბელარუსიდან არალეგალური მიგრანტების მოზღვავების გამო პოლონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ საზღვრების კონტროლი გაამკაცრეს, რადგან შიშობენ, რომ პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშნკო ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ლტოლვილთა ნაკადს მათი მიმარულებით მიზანმიმართულად აგზავნის. ქვეყნების ოფიციალური უწყებების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს რუსეთთან შეთანხმებით ხდება და წარმოადგენს პასუხს ევროკავშირის მიერ ბელარუსისთვის სანქციების დაწესებაზე.

პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე ათასობით მიგრანტის მოზღვავების ფონზე, გერმანიის საგარეო უწყებამევროკავშირს მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რათა ევროკავშირის საზღვარზე შექმნილი კრიზისის გამკლავებაში დაეხმაროს.

„პოლონეთი და გერმანია ამას მარტო ვერ უმკლავდებიან. ევროკავშირის ყველა ქვეყანა უნდა გაერთიანდეს, რადგან ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ცდილობს ლტოლვილები დასავლეთის დესტაბილიზაციისთვის გამოიყენოს.

„ჩვენ პოლონეთის მთავრობას გარე საზღვარზე წესრიგის დამყარებაში უნდა დავეხმაროთ. ეს არსებითად ევროკომისიის საქმეა და მოვუწოდებ, რომ ზომები მიიღოს", - განაცხადა 9 ნოემბერს გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზეეჰოფერმა, რომელმაც ბელარუსის პრეზიდენტი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერით, მიგრანტების ამსახველი კადრების განზრახ გავრცელებასა და საზღვარზე ბავშვების გაშვებაში დაადანაშაულა.

როგორც ჰორსტ ზეეჰოფერი აღნიშნავს, პოლონეთი შექმნილ კრიზისზე ჯერჯერობით რეაგირებას სწორად ახდენს. იგი მიესალმება ბელორუს-პოლონეთის საზღვარზე მიგრანტების შეკავების მიზნით კედლის მშენებლობის ინიციატივასაც.

„ჩვენ მათ ვერ გავაკრიტიკებთ, რადგან ევროკავშირის გარე საზღვრებს მისაღები საშუალებებით იცავენ. ბუნებრივია, არა ცეცხლსასროლი იარაღით, არამედ მათ ხელთ არსებული სხვა საშუალებებით", - განაცხადა გერმანელმა მინისტრმა.

გერმანიის შსს-ს საპარლამენტო მდივანმა შტეფან მაიერმა კი ვარშავას საზღვრის დასაცავად გერმანელი პოლიციელების გაგზავნა შესთავაზა

თავად ევროკავშირი კი შექმნილ სიტუაციაზე პასუხისმგებლობას პრეზიდენტ ლუკაშენკოს აკისრებს და აცხადებს, რომ მათ საზღვრებთან მიგრანტების მოზღვავება მიზანმიმართულად ხდება იმ საქნციების საპასუხოდ, რომელიც მინსკს ევროკავშირმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ხალხის პროტესტის ჩახშობის გამო დაუწესა.

ბოლო პერიოდში პოლონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ ბელარუსიდან საზღვრის უკანონო გადაკვეთის ათასობით შემთხვევა დააფიქსირეს. პოლონეთის ხელისუფლების ცნობით, ბელორუსის საზღვარზე 4 ათასამდე მიგრანტია შეკრებილი. შესაბამისად, ქვეყნის ხელისუფლებამ საზღვარზე დამატებითი ძალები - მესაზღვრეები, პოლიცია და სამხედროები, განალაგა, ასევე მავთულხლართები აღმართა და სასაზღვრო რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადა.

ოფიციალურმა ვარშავამ ასევე დააკანონა მიგრანტების იძულებითი გაძევება პოლონეთიდან ბელორუსიაში და გადაწყვიტა სასაზღვრო კედლის აშენება.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკის თქმით, მიგრანტების ეს უპრეცედენტო ტალღა, რომლებიც ქვეყანაში არალეგალურად შესვლას ცდილობენ, საფრთხეს მთელს ევროკავშირს უქმნის.

„პოლონეთის საზღვრის ჩაკეტვა ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია. დღეს მთელი ევროკავშირის სტაბილურობა საფრთხის წინაშეა. ლუკაშენკოს რეჟიმის ეს ჰიბრიდული თავდასხმა ყველა ჩვენგანზეა გამიზნული. არ შევშინდებით და მშვიდობას დავიცავთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ნატოდან და ევროკავშირიდან", - დაწერა პოლონეთის პრემიერმა 9 ნოემბერს „ტვიტერზე".

ლიეტუვამ კი გადაწყვიტა, რომ მიგრაციულ კრიზისთან დაკავშირებით 10 ნოემბრიდან ერთი თვის განმავლობაში სასაზღვრო ზონაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს. სამშაბათს ვილნიუსის მთავრობამ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი წინადადება დაამტკიცა და და განსახილველად პარლამენტს (სეიმს) წარუდგინა.

ლიეტუვაში საგანგებო მდგომარეობა ხუთ კილომეტრიან სასაზღვრო ზოლში მთელ სიგრძეზე და ლტოლვილთა აღრიცხვისა და დაკავების ცენტრებიდან 200 მეტრის რადიუსში გავრცელდება. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ პუნქტში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცავებმა მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

„ჩვენ ვხედავთ პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე რა ხდება და ეს, ბუნებრივია, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ იგივე სცენარისთვის უნდა მოვემზადოთ", - განაცხადა ლიტვის შინაგან საქმეთა მინისტრმა აგნე ბილოტაიტემ და დასძინა, რომ მოსალოდნელი საფრთხის გამო საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერება აუცილებელია.

სამშაბათს ამ გეგმებს მინისტრი გერმანელ კოლეგასთან განიხილავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×