თამთა ჩაჩანიძე
11.11.2021

ერაყელ და ახლო აღმოსავლეთიდან წამოსული მიგრანტებს შეიძლება ავღანელებიც დაემატონ, რომლებიც უფრო მეტი აგრესიულობით გამოირჩევიან, მათში შესაძლოა გადაცმული ტერორისტებიც იყვნენ, რომლებმაც შესაძლოა შეიარაღებული შტაკება მოაწყონ - ასე აფასებს „რეზონანსთან" სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ევროპაში მიგრანტების ახალ კრიზისს და დასძენს, რომ შესაძლოა მსგავს საფრთხეში საქართველოც აღმოჩნდეს.

ბელარუსიდან არალეგალური მიგრანტების მოზღვავების გამო პოლონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ საზღვრების კონტროლი გაამკაცრეს. მათი განცხადებით, პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშნკო ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ლტოლვილთა ნაკადს მათი მიმარულებით მიზანმიმართულად აგზავნის. ქვეყნების ოფიციალური უწყებების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს რუსეთთან შეთანხმებით ხდება და წარმოადგენს პასუხს ევროკავშირის მიერ ბელარუსისთვის სანქციების დაწესებაზე.

ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ შესაძლოა ევროკავშირი და ნატო ახალი სამხედრო საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან მიგრანტებში ტერორისტები აღმოჩნდნენ, ასევე არაა გამორიცხული, რომ ამ მასას ავღანელი მიგრანტებიც დაემატონ.

„ევროკავშირისა და ნატოს წევრები ახალი სერიოზული ასიმეტრიული სამხედრო საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. ეს ფაქტობრივად სამხედრო საფრთხეა, როცა ერაყიდან და სხვა ქვეყნებიდან წამოსულ მიგრანტებს სპეციალურად უბიძგებენ, რომ პოლონეთის საზღვარი გადალახონ, ესენი კი აშკარად კამუფლაჟში ჩაცმული ბელარუსის სპეცსამსახურების თანამშრომლები არიან.

„აშშ და ევროკაშვირი აპირებენ, რომ სანქციები არა მარტო ბელარუსის რეჟიმის წარმომადგენლებს დაუწესონ, არამედ რუსული აეროფლოტისა და თურქიშ ეარლაინსაც, რადგან, როგორც აღმოჩნდა, ისინი მინსკში მიგრანტების გადაფრენას თურქეთის საჰაერო ლაინერებითაც ახორციელებდნენ. როგორც ჩანს, ეს რუსეთისა და ბელორუსის სპეცსამსახურების ერთობლივი აქციაა, რომელიც მიზნად ისახავს, რომ პოლონეთში არალეგალური მიგრანტები ძალით შევიდნენ და არეულობები მოაწყონ.

„ეს ფაქტიურად ჰიბრიდული ომის ახალი გამოვლენა და სამხედრო ასიმეტრიული საფრთხეა. დღეს პოლონეთის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი, ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე 20 ათასი სამხედროა მობილიზებული, არაა გამორიცხული, რომ ანალოგიური სამხედრო პროვოკაციები მათ ლიეტუვის მიმართულებითაც მოაწყონ, რომელიც ასევე მზადაა.

„ევროპაში არალეგალი მიგრანტების შეგნებული მიქსევა ხორციელდება, რომელმაც შესაძლოა სერიოზული გართულებები გამოიწვიოს, მიგრანტები დიდი აგრესიულობით გამოირჩევიან, რადგან მათ სხვა გამოსავალი აღარ აქვთ, მათ სპეციალურად მძიმე ვითარებაში ამყოფებენ, რომ სხვა გამოსავალი აღარ დარჩეთ და საზღვარზე გადავიდნენ.

„არ გამოვრიცხავ, რომ ერაყელ და ახლო აღმოსავლეთიდან წამოსული მიგრანტებს ავღანელებიც დაემატონ, შემთხვევით არ იყო, რომ მოსკოვში საიდუმლო მისიით თალიბებიოს მთავრობის სადაზვერვო სამსახურის უფროსი ვასიკი ჩავიდა, რომელიც თავის რუს კოლეგასთან ანალოგიურ მოლაპარაკებას აწარმოებდა, რაზე მოილაპარაკეს და საუბარი რაზე იყო, ეს ცალკე თემაა, თუმცა რთული მისახვდერი არაა, რომ შესაძლოა ავღანელი მიგრანტებიც დაემატონ, რომელიც უფრო მეტი აგრესიულობით გამოირჩევიან, მათში, გამორიცხული არაა, რომ გადაცმული ტერორისტებიც იყვნენ, რომლებმაც შესაძლოა შეიარაღებული შტაკება მოაწყონ,"- განაცხადა მან.

მისივე თქმით, არც ისაა გამორიცხული, რომ მიგრანტების ნაკადის შემოტევის საფრთხე საქართველოსაც დაემუქროს.

„თალიბების მეთაური ასევე ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს ოლეგ მაქსიმოვსაც შეხვდა და არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ეს საფრთხე საქართველოს მიმართულებითაც წარიმართოს, მსოფლიოს ქვეყნების წარმომადგენლები ცდილობენ, თალიბებთან კონტაქტზე გავიდნენ და მომლაპარაკებელი ჰყავდეთ, ჩვენ არ გვყავს და ამ დროს ჩვენს ტერიტორიებზე არსებული სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები თალიბებთან აქტიურად თანამშრომლობენ. ჩვენ ცოტა უნდა გამოვფხიზლდეთ და საგარეო საფრთხეებიც შევაფასოთ.

„სამხედრო პროვოკაციების ალბათობა ძალიან მაღალია და თუ ევროპაში საზღვრების გარღვევა მოხდება, მაშინ ნატო ზომებს მიიღებს, მეხუთე მუხლს აამოქმედებს და კოალიციური ძალები ამოქმედდებიან, რადგან მიგრანტებში შესაძლოა ფარული ტერორისტები აღმოჩნდნენ და იარაღი ფარულად მიიღონ, ეს კი ნატოსა და ევროკავშირის ქვყნებისთვის პირდაპირი სამხედრო სფართხეა. ანგელმა მერკელმა პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა, მაგრამ როგორც ვხედავ დიდი არაფერი შედეგი არ ჰქონია.

„როცა სამხედრო ფარულ აგრესიაზეა საუბარი აქ უკვე მხოლოდ სანქციებით შემოფარგვლა ცოტა რთული იქნება, რუსეთსა და ბელარუსს კი ეკონომიკური სანქციები ნაკლებად აინტერესებს, დასავლეთი ახალი საფრთხის წინაშეა და რა ზომებს მიიღებს, არ ვიცი. ამ საფრთხის წინაშე კი შეიძლება საქართველოც აღმოჩნდეს.

„ირანიდან თურქეთის მიმართულებით უკვე სამი მილიონი მიგრანტი მიემართება და შესაძლოა ეს მიგრანტებიც საქართველოში აღმოჩნდნენ, მათი გადმოსვლა შესაძლოა ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოხდეს, რადგან რუსეთი მათ გამოიყენებს, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს საქართველოს ზეწოლის მიმართულებით," - განაცხადა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×