თამთა ჩაჩანიძე
12.11.2021

რამდენიმე დღეა, რაც მოსკოვი რუსეთ-უკრაინის საზღვარზე სამხედრო ძალებს აძლიერებს, რაც აშშ-ის მხრიდან უყურადღებოდ არ დარჩენილა. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის შეფასებით, ამერიკა ფაქტს ყურადღებით აკვირდება და რუსეთის ნებისმიერ აგრესიულ ქმედებას მოჰყვება პასუხი აშშ-ისა და გერმანიის მხრიდან. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას თქმით კი რუსეთის ხელისუფლება შესაძლებლობას ეძებს, რათა კიდევ უფრო წინ წაიწიოს უკრაინის ტერიტორიაზე.

ორი დღის წინ „ბლუმბერგმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთს უკრაინის საზღვართან ტანკები გადაჰყავს, რომლებიც სავარაუდოდ, უკრაინიდან 250 კმ-ში მდებარე პოგონოვოს საწვრთნელი პოლიგონისკენ გაემართნენ. ეს ის ადგილია, სადაც რამდენიმე თვის წინ დამატებითი სამხედრო ძალები რუსეთმა უკვე გაგზავნა. ამან კი დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი კულება იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც შესაძლოა რუსეთის ამ გააქტიურებას მოჰყვეს.

„არავის შეშინება არ გვინდა, მაგრამ სიფხიზლე უნდა გამოვიჩინოთ. ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულნი ვართ, მაგრამ როდესაც შვიდი წლის განმავლობაში რუსეთის გვერდით შეიარაღებული კონფლიქტის პირობებში ცხოვრობ, ეჩვევი ამას... ჩვენი მიზანია, ყველაფერი ვიღონოთ, რაც კი შესაძლებელია, რათა რუსეთმა ეს გადაწყვეტილება არ მიიღოს.

„ბოლო შვიდი წლის გამოცდილება აჩვენებს, რომ მოსკოვს ესმის და პატივს სცემს ძალის ენას. არ უნდა დაემუქრო მათ, არ უნდა გამოიყენო მათ წინააღმდეგ ძალა, მაგრამ ისინი პატივს გცემენ, თუ მათ მიმართ მკაცრი ხარ", - განაცხადა კულებამ.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ რუსეთის გააქტიურება უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ თურქული წარმოების უპილოტო თვითმფრინავების გამოჩენამ გამოიწვია, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ „ბაირახტარების" გამოჩენაც უკრაინის მხრუიდან საპასუხო ქმედება იყო, რადგან ჯერ დონბასელმა სეპარატისტებმა უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს.

„უკრაინაში სიტუაცია დაიძაბა, ეს პრინციპში ბელარუსია-ლიტვის საზღვართან არსებულ კრიზისთან ერთად რუსეთი ამ მიმართულებასაც აძლიერებს, როგორც ჩანს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ თურქული წარმოების დრონების, „ბაირახტარების" გამოჩენამ და ეფექტურმა გამოყენებამ რუსეთი ძალიან შეაშფოთა.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ბრძანება გასცა, რომ ეს დონბასელი სეპარატისტების წინააღმდეგ გამოეყენებინათ. ამას დონბასელი სეპარატისტების მხრიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ანალოგიური რუსული უპილოტო აპარატების გამოყენება მოჰყვა.

„როგორც ჩანს, რუსეთი შიშობს, რომ შესაძლოა უკრაინამ ის საარტილერიო და საავაიაციო კომპონენტები დრონების სახით წარმატებით გამოიყენოს და დონბასზე წარმატებული შეტევა განახორციელოს. თუმცაღა „ბაირახტარების" გამოყენება უკრაინის მხრუდან საპასუხო ქმედება იყო, რადგან ჯერ დონბასელმა სეპარატისტებმა უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს, მერე უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა იძულებული იყო, რომ ეს პოტენციალი გამოეყენებინა და ის საარტილერიო დანადგარი გაენადგურებინა, საიდანაც ამ ტერიტორიების დაბომბვა ხდებოდა.

„ახლა კი რუსეთი ცდილობს, რომ ამ ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის ის ერთეულები განათავსოს, რომლებიც „ბაირახტარებს" და უპილოტო თვითმფრინავების ფაქტორის ნიველირებას მოახდენენ. რუსეთი დონბასს უფრო ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინაარმდეგო თავდაცვის სისტემების გაძლიერებაში ეხმარება, რათა სეპარატისტებს ის შეიარაღება მიაწოდონ, რომლის მეშვეობითაც უკრაინის სამხედრო ტექნიკური ეს უპირატესობა მისი ნიველირება მოხდეს," - განაცხადა მან.

კითხვაზე რამდენად შესაძლებელია, რომ რუსეთმა უკრაინის მისამართით 2014 წლის სცენარი გაიმეოროს, მაისაია აცხადებს, რომ „რუსეთს შესაძლოა ეს იდეა და მოტივაცია ამოძრავებდეს, რომ მარიუპოლის, დონბასისა და ლუგანსკის ტერიტორიები დაიკავოს და ამ ადგილებიდან უკრაინის შეიარაღებული ძალები განდევნოს. პრინციპში კრემლს ეს იდეა ისედაც ჩაფიქრებული ჰქონდა და ასეთი სცენარის ამოქმედება ნებისმიერ დროსაა მოსალოდნელი.

„რუსეთი ამას ისე აკეთებს, რომ თვითონ არ გამოჩნდეს, ჰიბრიდული ომის მომენტიც ესაა, რუსები დაჟინებით ირწმუნებიან, რომ არაფერ შუაში არ არაინ და თვითონ სეპარატისტები და ადგილობრივი მოსახლეობა აკეთებს ამას. პესკოვმა არალეგალ მიგრანტების კრიზისზეც ეს თქვა, რომ ჩვენ რა შუაში ვართო," - განაცხადა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×